11:33:31     23-02-2012
ოკუპაციისა და ანექსიის მსხვერპლნი - პაოლო იაშვილი
1937 წლის 22 ივლისს, საქართველოს მწერალთა სასახლეში, აუტანელი და არაადამიანური რეჟიმისადმი პროტესტის ნიშნად, დიდმა ქართველმა პოეტმა, პაოლო იაშვილმა, თავი მოიკლა. ის გახლდათ ერთ-ერთი მსხვერპლი, რომელიც გამოიწვია 1921 წელს ბოლშევიკური რუსული იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიამ.
საქართველოს გასაბჭოებიდან 2-3 წელიწადში ძმა მოუკლეს... ბოლო ხანს სცენის, ტრიბუნის, არტისტიზმის, ხალხში ტრიალის მოყვარული პაოლო საზოგადოებას ერიდებოდა, ჩაიკეტა თავის თავში. იშვიათად ხვდებოდა მეგობრებს, "თავის განუყრელ მეგობარს, თავისი სიამის ძმას - ტიციანსაც კი. ხავერდოვან თვალებში განუშორებელი სევდა ჩაუდგა. იშვიათად თუ ვხვდებოდით, ისიც მწერალთა სასახლეში ან მაჩაბლის ქუჩაზე. ასე ზეზეულად ჩაქრა მისი მჩქეფარე სიცოცხლე". – იგონებდა შალვა აფხაიძე.
გარშემო სულ რეპრესიას, საქართველოსა და ქართველი ხალხის ღალატს ხედავდა. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ მასაც მაგრად შეუტია. მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომებზე ხშირად ისმოდა მისდამი ბრალდებები "მოღალატური საქმიანობის" გამო. ეს კი უკვე მუქარა იყო. იმ დროს ხომ არა ერთ მწერალს ან მის ოჯახის წევრს მოუსწრაფეს სიცოცხლე.
უკვე ყველა ელოდა, რომ პაოლოსაც დასჯიდნენ. ამასთან, შეიძლება, მოსთხოვეს სამსახური, თანამშრომლობა...
მან კი პროტესტის უმაღლეს და ყველაზე უკიდურეს ფორმას მიმართა, მწერალთა კავშირის შენობაში, სწორედ იმ დროს, როდესაც მიმდინარეობდა "ხალხის მტრების" მხილება. და დაუმტკიცა მოძალადეებს რომ სიკვდილის არ ეშინოდა.
მოკლედ, გავიხსენოთ დიდი პოეტის ბიოგრაფია და ორიოდე ლექსი.
მისი დაბადების ზუსტ თარიღზე ბიოგრაფები დაობენ. ზოგი თვლის რომ დაიბადა 1894 წლის 29 ივნისს. დაიბადა სოფელ არგვეთში, იმერეთში, ბაბილინე ბარონის ასულ მდივნისა და ჯიბრაილ იაშვილის მრავალრიცხოვან ოჯახში. მამა, ჯიბრაილი შეძლებული აზნაური იყო, განათლებული კაცი, ფარმაცევტი, სტუმართმოყვარე ქართველი. პავლეს გარდა ჯიბოს (ჯიბრაელს) კიდევ ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდა.
1900 წელს ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შეიყვანეს. იქვე სწავლობდნენ მისი მომავალი განუყრელი მეგობრები, ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე.
1911 წლიდან სწავლა განაგრძო ანაპაში, ვოზნესენსკისა და შეპეტოვის კერძო გიმნაზიაში.
1913 წელს გაემგზავრა პარიზში, ლუვრთან არსებული ხელოვნების ინსტიტუტში სასწავლებლად. პოეზიის გარდა გატაცებული იყო ფერწერით. პარიზში გაეცნო ფრანგი სიმბოლისტების შემოქმედებას (მას ხშირად ნახავდით თურმე ვერლენის ძეგლთან მჯდომარეს). პარიზშივე გაიცნო რუსი სიმბოლისტი კონსტანტინე ბალმონტი და სხვები.
1915 წელს პაოლო სამშობლოში დაბრუნდა. ქუთაისში დასახლდა და აქტიურად ჩაერთო ჩვენი ქვეყნის ლიტერატურულ ცხოვრებაში.
1916 წელს ქუთაისში გამოვიდა ჟურნალი „ცისფერი ყანწები“ - პაოლოს პირველთქმით. ეს მანიფესტი ქართველ სიმბოლისტთა საპროგრამო დოკუმენტადაა მიჩნეული. მისი რედაქტორობით ქუთაისში ორი ჟურნალი გამოიცა: “ოქროს ვერძი” და “ცისფერი ყანწები”. რედაქციები მამამისის სახლში იყო განთავსებული.
1917 წელს შეიქმნა საქართველოს მწერალთა კავშირი. პაოლო მწერალთა კავშირის წევრი გახდა...
ნათარგმნი აქვს პუშკინის, ამიაკოვსკის, სევერიანინის, სოსიურას, ვაგიფის, ბოდლერის, რემბოს, ვერჰარნის, უაილდის ნაწარმოებები.
ასო ლასი
ლეილას თვალები ელავენ ბნელიდან.
დედოფალს ახლავან მხევალნი მცველებად;
ყვავილიც მწველია ლეილას ხელიდან.
დალალნი დაშლილან მღელვარე გველებად.
ასული მწველია ძველი სურნელებით,
დედოფლის ალერსი გრძელია, ძნელია;
ლეილა ლოცულობს დაღალულ ხელებით,
ქალები გალობით ალიონს ელიან.
1917
წერილი დედას
დავტოვე სოფელი -
მყუდრო სამყოფელი,
ქვიტკირის მარენები
და კატის კნუტები,
სიმინდის ყანა!
ჰა! კინტოს პროფილი,
საეჭვო ტარნები,
და დავიკუნტები
ქალაქის ქუჩებში მე - სალახანა.
ტირილი, ტირილი, ტირილი ბევრი!
მზის განიავება, კალო და კევრი
და სოფლის სიწმინდე, მართალი ბათმანი,
როცა მე ქალაქში მაწუხებს, მახელებს,
ყველა ყელსახვევი, შავი ხელთათმანი.
იქნებ ჩვენ ტფილისი ხვალ ყველამ დავტოვოთ!
მინდა დღეს მივწერო დედას უსათუოდ,
იმღეროს მამასთან ის ნანა ტკბილი,
როცა გაიხარა, რომ მე მეჭრებოდა პირველი კბილი;
როცა მე ქურდები მეგობრად მრაცხავენ,
სოფელში ვენახი გახდა მოსარწყავი,
და ვაზის ფურცლებზე ისე გალურჯდება იქ შაბიამანი,
ვით თვალის უპე - როცა მე არ მახურავს ღამეში საბანი.
დედა! ინახულე
შენ წმინდა ხახული!
წადი ფეხშიშველი,
ქალაქში დაკარგულ შვილისთვის ღამე გაათიე,
ღმერთო! აპატიე -
მე თუ ვერ მიშველი,
დედას, რომ დაგინთოს ჩემ სიგრძე სანთელი,
მისთვის, რომ ჩემს გულში
დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი.
1916