დღისით პუტინი, საღამოს - „სალუტი“ დღისით პუტინი, საღამოს - „სალუტი“ />


  09:27:26     23-02-2012

დღისით პუტინი, საღამოს - „სალუტი“

a15414.jpg

მოსკოვში დღეს მიტინგების ტალღაა დაგეგმილი. თუმცა კრემლს არაფრის ეშინია. ეს აქციები, ძირითადად, ვლადიმერ პუტინის მხარდასაჭერად იმართება ან ნაკლებადრადიკალური ხასიათის იქნება. თანაც „საამაყო“ დამთხვევაა: პუტინისტები „ზა პუტინა“-ს 23 თებერვალს, მამულის დამცველთა დღეს იყვირებენ.

ყველა აქცია სანქცირებულია. ყველაზე ხალხმრავალი, სტადიონ „ლუჟნიკებზე“ გაიმართება. მისი ორგანიზატორი პუტინის საარჩევნო შტაბია. აქ 100 ათას ადამიანს ელოდებიან. პრემიერის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა გუშინ ერთი „საიდუმლოც“ გაამხილა: შეიძლება, მიტინგი „დააფასოს“ თავად ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც მიწვევა უკვე მიიღო. ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქციაზე სიტყვით გამოვლენ საზოგადო მოღვაწეები, თუმცა მათი ვინაობა არ დაუკონკრეტებიათ.

განსხვავებული თემატიკა ექნება კომუნისტების მიერ დაგეგმილ მიტინგს. ისინი პატიოსან არჩევნებს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას მოითხოვენ. კომუნისტები 5 ათას ადამიანს თეატრალურ მოედანზე ელოდებიან.  პუტინისტებისგან განსხავებით, მათ მსვლელობის ჩატარების უფლება არ მისცეს, ამიტომ ერთ ადგილზე „გახურდებიან“.

კოლეგებს არ ჩამორჩა ვლადიმერ ჟირინოვსკი, რომელიც ასევე „ინდივიდუალურად“ ჩაატარებს მიტინგს პუშკინის მოედანზე, რა თქმა უნდა, მკვეთრად ინდივიდუალური მოთხოვნებითა და ლოზუნგებით.

კიდევ ერთი აქცია „ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ“ ВДНХ-ს ტერიტორიაზე გაიმართება. მისი ორგანიზატორია მოძრაობა „სუტ ვრემენი“. მოძრაობის ხელმძღვანელი 15 ათას ადამიანს ელოდება და ამბობს, რომ ისინი ყველას და ყველაფრის წინააღმდეგნი არიან, მათ შორის, ხელისუფლების კურსისა.

აქციების მიმდინარეობას 10 ათასი პოლიციელი და სამხედრო პირი გააკონტროლებს. თუკი პუტინი მართლაც გადაწყვეტს თავის მხარდამჭერთა აქციაზე მისვლას, უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება. უკვე ცნობილია, „ლუჟნიკებზე“ დაგეგმილ მიტინგზე მოსახვედრად მეტალოდეტექტორების კასკადის გავლა იქნება სავალდებულო, ჟურნალისტებს ცალკე შესასვლელიდან შეიყვანენ, მანამდე კი საგულდაგულოდ გაჩხრეკენ. განსაკუთრებით გაკონტროლდება ვიდეოაპარატურა, რომელსაც ძალოვნები მარკირებას გაუკეთებენ.

მიტინგების დღეს მოსკოვში, გვიან საღამოს საერთო კმაყოფილების გამომხატველი „სალუტები“ დაასრულებს.

0

ავტორი: