12:36:12     22-02-2012
რობერტ ბერნსის „თუკი რამე გამაჩნია“
შოტლანდიაში განსაკუთრებით უყვართ დიდი პოეტი, ფოლკლორისტი და თავისუფლების მომღერალი რობერტ ბერნსი (Robert Burns, გელურად - Raibeart Burns). პრესა.გე-ს მკითხველს ჩვენ უკვე შევთავაზეთ მისი შესანიშნავი ლექსი „ვინც რა უნდა თქვას, რაგინდ რა იყოს“.
მისი დაბადების დღე, 25 იანვარი შოტლანდიელი ხალხისათვის უმნიშვნელვანესი დღესასწაულია - ამ დღესასწაულს აღნიშნავენ არა მარტო შოტლანდიაში, არამედ მთელ მსოფლიოში მისი პოეზიის თაყვანისმცემლების მიერ - Burns supper.
დღეს, გვინდა ჩვენს მკითხველს შევთავაზოთ რობერტ ბერნსის კიდევ ერთი შესანიშნავი ქმნილება „თუკი რამე გამაჩნია“, თავისუფლებისმოყვარე შოტლანდიელების, მშრომელი, ოპტიმისტი, მეგობრებისა და ეროვნული კულტურის მოყვარულების ერთ-ერთი ჰიმნი. სამწუხაროდ, ჩვენსავით მუდამ თავისუფლებისათვის მებრძოლი შოტლანდიელი ხალხის შემოქმედებას ნაკლებად იცნობენ საქართველოში.
შოტლანდიური კულტურისათვის XVIII საუკუნე დიდი აღმავლობის ხანა იყო. ამ მოვლენის დაგვირგვინებად ითვლება რობერტ ბერნსის შემოქმედება. მან საბოლოოდ დაუმკვიდრა ეკლესიისა და სახელმწიფოს სტრუქტურების მიერ უარყოფილ „ჩრდილოურ დიალექტს“ თავისი ადგილი პოეზიაში, ისევ აქცია შოტლანდიური ენა, - რომელიც უკვე ინგლისურის დიალექტად ქცეულიყო, - პოეზიის ენად.
მოკლედ გავიხსენოთ მისი ბიოგრაფია:
რობერტ ბერნსი დაიბადა 1759 წლის 25 იანვარს პატარა დაბა ალოუეიში, ეირშირის საგრაფოს ქალაქ ეირთან (გელურად Inbhir Àir) ახლოს. მამამისი, უილიამ ბერნესი (William Burness) ღარიბი გლეხი იყო. ოჯახს უჭირდა. მომავალი პოეტი უფროსების მხარდამხარ შრომობდა.
1783 წლიდან წერდა ლექსებს. 1784 წელს გარდაიცვალა პოეტის მამა. რობერტმა სცადა მეურნეობისათვის მიეხედა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. 1786 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი: „პოემები, უმეტესად შოტლანდიურ დიალექტზე“ („Poems, Chiefly in the Scottish dialect“)... ამას მოჰყვა სხვა წიგნებიც. მალე მთელს შოტლანდიაში გაითქვა სახელი.
რობერტ ბერნსს პატიოსანი სიღარიბის მომღერალს უწოდებენ. მისი აზრით, უბრალო, ღარიბი ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ საჭმელით აკლიათ, სასმელიც, ტანსაცმელით, უფრო მეტად მორალურნი და ხშირ შემთხვევაში გონიერნიც არიან, ვიდრე გაქსუებული დიდკაცები. ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანები სიცოცხლის მოყვარულები არიან, თავისუფლების მოყვარულები. ამაზეა ლაპარაკი წინამდებარე ლექსში, რომელიც შოტლანდიური დიალექტიდან თარგმნა თამარ ერისთავმა.
ბერნსის პოეზია ძალიან უყვარდა უბრალო ხალხს, რადგან პოეტი მათთვის გასაგებ ენაზე წერდა, მათთვის გასაგებ პრობლემებზე, მათ უმღეროდა. ის ხომ უბრალო შოტლანდიელების ფოლკლორით და ცხოვრებისეული სიბრძნით აღზრდილი პოეტი გახლდათ. სწორედ ამაში ხედავდა გოეთე მისი პოეზიის სიდიადის საიდუმლოს.
1787 წელს გადავიდა ედინბურგში. იქ გაიცნო ფოლკლორისტი ჯეიმს ჯონსონი, რომელთან ერთადაც გამოსცემდა კრებულს: „შოტლანდიური მუსიკალური მუზეუმი“ („The Scot’s Musical Museum“). ამ გამოცემაში გამოაქვეყნა მის მიერ გადამუშავებული არა ერთი შოტლანდიური ბალადა და თავისი ნაწარმოებები.
ცოტაოდენი ქონებაც დააგროვა. უნდოდა თავისი პატარა ქონება ფერმაში დაებანდებინა, მაგრამ ყველაფერი დაკარგა. 1791 წელს დაიწყო მუშაობა აქციზების შემგროვებლად.
ჰყავდა სამი ქორწინების გარეშე შობილი ქალიშვილი. 1787 წელს დაქორწინდა თავის ძველ შეყვარებულზე - ჯინ არმორზე, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი.
ბევრს მუშაობდა, მაინც ღარიბად ცხოვრობდა. სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე, ვალების გამო, კინაღამ ციხეში მოხვდა,
პოეტი გარდაიცვალა 1796 წლის 21 ივლისს დამფრისში, 37 წლის ასაკში. ერთ-ერთ მიზეზად, დაავადებებთან ერთად, ბავშვობაში გაწეული მძიმე ფიზიკური შრომა მიაჩნიათ ბიოგრაფებს.
თუკი რამე გამაჩნია
ბევრი თუ მაქვს, - მიხარია,
მცირე მაქვს და... მყოფნის,
თუ სიცოცხლე დამებედა
ცრემლისა და ოფლის,
კათხა ლუდით და შოტლანდურ
სიმღერების ცეცხლით,
ყველა ჭმუნვას გავიქარვებ,
ბედის ბრუნვას შევცვლი.
რას მიქვია მწუხარებით
თავდახრილი კაცი,
ეს სიცოცხლე ბრძოლაა და
ბრძოლა გვმართებს მკაცრი.
თუკი რამე გამაჩნია
სიმდიდრე და განძი, -
ხალისი და უნარია
სიხარულის განცდის.
მხოლოდ თავისუფლებაა
ქვეყნად ჩემი ღმერთი,
აბა, მეფემ გაბედოს და
ხელი ახლოს ერთი!
თორმეტი თვის სატანჯველი
რომ მარგუნოს ბედით,
ერთ ღამეში მოვიშუშებ
მეგობრების გვერდით.
ან რა მოსაგონარია
ოღრო-ჩოღრო გზები,
როცა აღმართს აათავებ
და მაღლობზე დგები.
მოჩანცალებს ბრუციანი
და ბეხრეკი ბედი,
ფეხზე რომ დგას, ისიც კარგი,
რა მოვთხოვო მეტი...
დარდი მოაქვს თუ ხალისი,
სიამე თუ სენი,
ვეუბნები: - „კეთილ იყოს
მობრძანება შენი!“