თალიბებთან შეტაკებისას ქართველი სამხედროები დაიღუპნენ თალიბებთან შეტაკებისას ქართველი სამხედროები დაიღუპნენ />


  12:16:07     22-02-2012

თალიბებთან შეტაკებისას ქართველი სამხედროები დაიღუპნენ

a15360.jpg

ქართველი სამხედროები: ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე  და პაატა კაჭარავა ავღანეთში, სამხედრო ოპერაციის დროს, თალიბებთან შეტაკებისას დაიღუპნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეები მე-3 ქვეითი ბრიგადის, 31–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერაყში პირველად სამშვიდობო მისიის შესასრულებლად სამედიცინო ჯგუფი (70 სამხედრო სამედიცინო პერსონალი) და საინჟინრო ოცეული ქ. ტიკრიტში 2003 წელს გაემგზავრნენ. 2004 წელს, კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 300 კაცამდე გაიზარდა, ხოლო 2005 წლიდან კი სამშვიდობო მისიის შესრულება 850 ჯარისკაცმა განაგრძო. ორი წლის შემდეგ, 2007 წლის ივლისიდან, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, ერაყში, სამშვიდობო მისიით, ქ. ალ კუტში (ვასიტის პროვინცია), მესამე ქვეითი ბრიგადის 2000 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა.

2008 წლის იანვარში, III ქვეითი ბრიგადა, I-მა ქვეითმა ბრიგადამ ჩაანაცვლა. ბრიგადის პირადი შემადგენლობა სამშვიდობო მისიის შესასრულებლად დისლოცირებული იყო ბაზა “დელტაზე” (ვასიტის პროვინცია) 1500 ჯარისკაცით, ბაზა “ქლეარზე” – 350 და ქ. ბაღდადში – 150 სამხედრო მოსამსახურით.  I ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები სამშობლოში 2008 წლის აგვისტოში დაბრუნდნენ.

ავღანეთში, ნატო-ს ეგიდით მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში ISAF (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) საქართველო ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. პირველად, ISAF-ის ოპერაციაში 50-მა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მონაწილეობა 2004 წელს მიიღო, სადაც მათი ამოცანა ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. 2007 წლის ნოემბრიდან, გჰორის პროვინციის ქ. ჩაგჩარანში ქართველი ექიმები ლიტვის რესპუბლიკის კონტინგენტის პროვინციის რეკონტრუქციის ჯგუფის შემადგენლობაში ასრულებენ სამშვიდობო მისიას 6 თვიანი როტაციით. 

2009 წლის ნოემბერიდან, პირველმა ქართულმა სამშვიდობო ასეულმა დაიწყო მისიის შესრულება ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში ქ. ქაბულში, რეგიონალური სარდლობის შტაბ-ბინაში მდებარე “ვორჰაუზ”-ის ბაზაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. როტაციის პრინციპის შესაბამისად, მისიაში ახალი ასეული ყოველ 6 თვეში ერთვება.

2010 წლის აპრილიდან, ავღანეთის სამხრეთით მდებარე ჰელმანდის პროვინციაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის 750 სამხედრო პირი გაიგზავნა, რომელიც აშშ-ის სახმედრო ძალების მხარდაჭერით სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდა. 31-ე ბატალიონი მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა 2010 წლის ნოემბრის თვის განმავლობაში, როტაციის წესით ჩაანაცვლა. 2011 წლის აპრილიდან, სამშვიდობო მისიას ჰელმანდის პროვინციაში 33-ე ბატალიონი ასრულებდა. 6 თვის შემდეგ , 2011 წლის ნოემბერს, მესამე ქვეითი ბრიგადის 31- ე მსუბუქი ბატალიონის 749 სამხედრო მოსამსახურემ 33-ე ბატალიონი  ეტაპობრივად ჩაანაცვლა.

ქართველი სამხედროების გმირობისა და პროფესიონალიზმის შესახებ, არაერთხელ განაცხადა აშშ–ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. გასულ კვირას, მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში, სამშვიდობო მისიით მყოფ ქართველ სამხედროებს ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა "შუკვანზე" საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და ვიცე პრემიერი გიორგი ბარამიძე სტუმრობდნენ. პრეზიდენტმა ვიცე პოლკოვნიკი – ფრიდონ ელბაქიძე, კაპიტანი – პაატა ნაკანი, უფროსი ლეიტენანტი – გიორგი ფილია, უფროსი ლეიტენანტი – ბექა კელენჯერაძე, კაპრალი – გიორგი ლომიძე, თავდაცვის უწყებრივი მედლებით - "სამშობლოსათვის თავდადებული" - დააჯილდოვა, მადლობა გადაუხადა მათ და აღნიშნა, რომ მათი მისია ავღანეთში, გარდა დიდი გამოცდილებისა, რომელსაც ქართველი ჯარისკაცები იღებენ, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

თავდაცვის სამინისტრომ მწუხარება გამოთქვა ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო. გმირების, რომლებსაც ყველაზე ცხელ წერტილში, საკუთარი სიცოცხლის ფასად შეაქვთ წვლილი საკუთარი ქვეყნის მომავალსა და უსაფრთხოებაში.  

0

ავტორი: