21:47:15     21-02-2012
არაყი ან ბინა, პუტინისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ

მას, ვინც 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას ვლადიმერ პუტინს მისცემს, თითო ბოთლი არაყით დააჯილდოვებენ. ეს იდეა, ვლადივისტოკის მერს იგორ პუშკარევსა და პრიმორიეს მხარეში ვლადიმერ პუტინის სარჩევნო კამპანიის პოლიტტექნოლოგს, ნიკოლაი სიდოროვს მოუვიდათ თავში, რომლის შესახებაც მათ ვრცლად ისაუბრეს „ედინაია როსიას“ საარჩევნო შტაბის სხდომაზე.
ფართო მასებისთვის კი, პუტინის ჩინოვნიკების საარჩევნო ინიციატივები ინტერნეტში გავრცელებული აუდიოჩანაწერებიდან გახდა ცნობილი. თავად იდეის ავტორებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, მაგრამ მათმა კარგმა ნაცნობებმა დაადასტურეს, რომ ჩანაწერებში მოსაუბრე ადამიანების ხმები ნამდვილად პუშკარევსა და სიდოროვს ეკუთვნის.
როგორ მოიზიდავენ ვლადივოსტოკში ამომრჩეველს:
ვლადივოსტოკის მერის ამოცანაა, რომ 4 მარტს საარჩევნო უბნებზე გამოცხადდნენ „ჩვენიანები. არაჩვენები კი, დაე, სახლებში დარჩნენ. გვჭირდება, რომ მოვიდნენ და ხმა მისცენ ჩვენს კანდიდატს. ამიტომ, ჩვენ ჩავატარებთ ღონისძიებებს, აგიტაციას და ვაჩვენებთ, რა ბევრი მომხრე გვყავს… ლატარეა გვექნება ორ ეტაპად. გავათამაშებთ ბინებს, ავტომანქანებს. ყველა, ვინც მოვა საარჩევნო უბანზე და მისცემს ხმას, მიიღებს ლატარიის ბილეთს“ - ამბობს პუშკარევი.
მისი გეგმის მიხედვით, არჩევნების დღეს ვლადივოსტოკში 3 ათასზე მეტი აგიტატორი იმუშავებს, ერთნაირად ჩაცმულები… „ყველას შევუკვეთეთ „ჩვენ პუტინს ვირჩევთ“ - არ მოგვერიდება, ასე დავაწერთ. არანაირი „აირჩიე სწორი გზა“… მკაცრად და გარკვევით… ასეთი განწყობით…“ - ასეთია მერის დავალება.
პუტინის საარჩევნო კამპანიის პოლიტტექნოლოგიც, 4 მარტს საარჩევნო უბნებზე მხოლოდ პუტინისტებს ელოდება. მთელი ეს ჩინოვნიკობა კი ახლა იმ გასართობი ღონისძიებების დაგეგმვითაა დაკავებული, რომლითაც ამომრჩეველი უნდა გაახალისონ, წაახალისონ და თუ ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით მოხდება, თითო ბოთლი არაყიც დაურიგონ.
„დავბეჭდეთ 250 000 კუპონი, რომლებიც… ნუ, საიდუმლო არ არის, რომ ყველა საარჩევნო კომისიას აქვს ბუფეტი და საიდუმლო არაა, რომ საკმარისად ბევრი სოფლის მცხოვრები მიდის იქ დღესასწაულებზე და თანაც ყიდულობენ ამ ბუფეტებში კიტრსა და მზესუმზირის ზეთს. ჰოდა, იქვე დალევენ კიდეც, მეგობრები… და როგორღაც აღნიშნავენ და დაიმახსოვრებენ ამ დღეს. ამ კუპონის ექვივალენტი სწორედ ბოთლი არაყი იქნება.
კიდევ, გვექნება გათამაშება. ამისთვის ახლა ხდება დამუშავება და ანალიზი ამ მასალისა და ადამიანები ხმის მიცემის დღეს, სხვადასხვა პრიზებს მიიღებენ. ჩვენმა მეგობრებმა მოგვცეს ავტომობილი სოლერსი, არა? ასეთი პრიზიც გვაქვს. ასე რომ, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს კუპონები მივცეთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს მხარეზე არიან, მაგრამ არ აპირებენ მოსვლას. გესმით?
ეს დიფერენციაცია კარგი რამეა, ყველას არ შეიძლება მივცეთ კუპონები. დაე, ჩვენები მოვიდნენ. ეს წახალისებაა, ასე ვთქვათ, ჩვენი ამომრჩევლის აქტივობისა…“ - განაცხადა ნიკოლაი სიდოროვმა.
ამომრჩევლის მოზიდვის სხვადასხვა მეთოდებზე მხოლოდ ვლადივოსტოკში არ ფიქრობენ. ჯერ ცნობილი არ არის რა გადაწყვიტეს, მაგრამ ლიპეცკის საარჩევნო უბნებსაც აქვთ ანალოგიური პრობლემა და ჯერ მხოლოდ ის გაახმაურეს, რომ აპირებენ, შექმნან პირობები, რომელიც ამომრჩეველს დღესასწაულის შთაბეჭდილებას შეუქმნის.