15:31:36     21-02-2012
ბიძინას პიარზე „ნავერტილე“ იზრუნებს

ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ წარუდგინა. ოლიგარქმა, კოალიციასთან ერთად, პოლიტიკური საბჭოც წარადგინა. „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოს ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.
კოალიცია, რომელშიც რამდენიმე პოლიტიკური პარტია და ცალკეული პოლიტიკური სუბიექტები უნდა გაწევრიანებულიყვნენ, არც ისეთი ფართო და მასშტაბურია, როგორსაც საზოგადოება ელოდა.
როდესაც ივანიშვილმა განაცხადა, მე შევქმნი ახალ პოლიტიკურ პოლუსს და უნდა გავერთიანდეთ ხელისუფლების წინააღმდეგო, მაშინ მთელი ოპოზიციური სპექტრი დაირაზმა, თუმცა ნაწილს ჩალაგებული ბარგის უკანვე ამოლაგება მოუხდა.
კოალიციაში, ამ დრომდე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ეროვნული ფორუმი“ არიან. გაერთიანებაში ვერ მოხვდა „ხალხის პარტია“ და „კონსერვატორები“.
თუმცა, ზვიად ძიძიგურს გაუმართლა – ამიერიდან ის პოლიტიკური საბჭოს წევრი იქნება. კობა დავითაშვილი აქაც „დაჩაგრეს“. ის კოალიციის და პოლიტიკური საბჭოს მიღმა აღმოჩნდა, მაგრამ ახალი ამპლუა აქვს. დავითაშვილი დღეიდან, ივანიშვილის პარტიის პიარით დაკავდება. ამაზე, მხატვრულ ფილმ „იმერული ესკიზებიდან“ ერთი ფრაზა გაგვახსენდა. „უჯიიკე ბიჯო, თვითონ საჯიკებელი ხარ“. დავითაშვილმა როგორ უნდა გააპიაროს ბიძინა, როცა საკუთარი იმიჯი და პოლიტრეპუტაცია დაისამარა.
საბჭოს შემადგენლობაში ასევე იქნებიან – დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია, კახა შარტავა, დავით ბერძენიშვილი და ალექსი პეტრიაშვილი. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პოლიტიკურ საბჭოში „ვაკანტური ადგილები ჯერ კიდევ არის“.
მართალია ოლიგარქმა „კონსერვატორებსა“ და „ხალხის პარტიას“ უარი უთხრა კოალიციაში შესვლაზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პარტიის რესურსებს არ გამოიყენებს. „ისინი თავიანთი რესურსით შეეცდებიან, დაეხმარონ კოალიციას, – თქვა ივანიშვილმა. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა ივანიშვილი, რომელმაც „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიები წარადგინა. მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი, ტრიბუნა რიგ–რიგობით ირაკლი ალასანიას, დავით უსუფაშვილსა და კახა შარტავას დაეთმოთ.
პარტიის ლიდერებმა ისაუბრეს „ქართული ოცნების“ სადამფუძნებლო დეკლარაციაზე, რომელიც 12 პუნქტს მოიცავს. დეკლარაციის პუნქტებში კი, ინფორმაცია იმის შესახებ არის, რა სურთ ოლიგარქის გარემოცვას ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკასა და სასამართლო სისტემაში.
თუმცა დღეს, არცერთ ლიდერს არ გაუკეთებია კომენტარი იმაზე, თუ რას იზამს ივანიშვილი ხელისუფლებაში ვერმოსვლის შემთხვევაში და თუ მოვა, როდის დაიწყებს ოპოზიციაში გადასვლაზე ფიქრს. როგორც ჩანს, ოლიგარქის ამ გეგმის არსს ვერც კოალიციის წევრები ჩაწვდნენ და ამჯობინეს, შეკითხვაზე პასუხი საერთოდ არ გაეცათ.
შეგახსენებთ, რომ ოლიგარქის მიერ, რამდენიმე დღის წინ, პარტიის საინიციატივო ჯგუფის წარდგენაზე ახალი სახეები ვერ დავინახეთ. დანაპირები ივანიშვილს არც დღეს შეუსრულებია. მოწვეულ სტუმართა შორის, ისევ კარგად ნაცნობი და შევარდნაძის დროის ჩინოვნიკები იყვნენ. მათ შორის გამოჩნდა ყოფილი დეპუტატი როზა ლორთქიფანიძე, რომელიც ამჟამად „ხალხის პარტიაშია“ და იმერეთის რეგიონს კურირებს.
0