11:23:54     21-02-2012
ექვთიმე თაყაიშვილის ბარათი ნიკო მარისადმი (გარდაცვალების დღისადმი)
1953 წლის 21 თებერვალს, თბილისში გარდაიცვალა დიდი ქართველი - ექვთიმე თაყაიშვილი.
ექვთიმე თაყაიშვილი - ისტორიკოსი, არქეოლოგი, ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევარი, საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკური მოღვაწე, აკადემიკოსი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი, ქართველი ხალხის მიერ „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესად“ წოდებული ერისკაცი, ქართული ეკლესიის წმინდანი - ექვთიმე ღვთისკაცი. მაინც ცოტაა ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალეთ, მისი ღვაწლის წარმოსაჩენად...
დიდი მამულიშვილი უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა.
როგორც რაინდი გრაალის მცველი, იცავდა საქართველოს დიდებას საფრანგეთში, მშიერი და მწყურვალი, ხშირად მთელი დღის მანძილზე ერთი თხის რძით ნასაზრდოები. კომუნისტური რეჟიმის წარმომადგენლებს, სამშობლოსადმი ნიჰილისტურად თუ მტრულად განწყობილებს როგორ ეყვარებოდათ მამულიშვილი...
ერთი ეგ იყო, ხალხის მტრად ვერ გამოაცხადეს, საერთაშორისო ვალდებულების გამო. თუმცა, მისი დაკრძალვა თითქმის არაოფიციალურ ვითარებაში და გასაიდუმლოებლად ჩაატარებინეს... დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ ორმოცამდე ადამიანი დაესწრო. მეტმა ვერ გაბედა მისვლა, ბევრმა არც კი იცოდა, რომ ქვეყანას ახალი მეჭურჭლეთუხუცესი და მე ვიტყოდი, მწიგნობართუხუცესი მოუკვდა.
მაგრამ გავიდა დრო, სანთელ-საკმეველი არ კარგავს გზას და ახლა მისი ნეშტი გადასვენებულია საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა სახელით - ექვთიმე ღვთისკაცი. მის უკანასკნელ საცხოვრებელ ადგილას, ვაშლოვანის ქუჩის 7 ნომერში მუზეუმია განთავსებული.
დღეს გავიხსენოთ ექვთიმე თაყაიშვილის ერთი წერილი ნიკო მარისადმი. ამ წერილში კარგად ჩანს, რომ მისი ცხოვრების მთავარი მიზანი საქართველოს კულტურის შესწავლაა. ექვთიმე თაყაიშვილი ესაუბრება მეგობარს, ასევე დიდ მეცნიერ ქართველოლოგს ძველი ქართული ლიტერატურის პრობლემების შესახებ. საუბრობს დილარიანის ანუ დილარგეთიანის სახელწოდებაზე და სხვა.
ძმაო ნიკო!
შენი წერილის პასუხი დაგიგვიანე. ჩემ ცოლს ბიძა მოუკვდა, რომელიც მთელს სახლობას ინახავდა და თვითონ ცოლიც ავათ მყავდა, ეხლა მოიკეთა. შატბერდის კრებულის გამოგზავნა გადავაწყვეტიე საზოგადოებას, მაგრამ მე მოუცლელობით, ვერ გავათავე ჯერ სამი ხრონიკის რუსული გამოცემა და ვეცდები გავათავო აპრილამდის და როგორც გავათავებ მაშინვე გამოგიგზავნი. ნუ დამემდურები, რომ დაგიგვიანე ეს შრომა, ცოტა გადადევი. რაც შეეხება ამირან-დარეჯანიანს, მე ყველა ხელნაწერები აღწერილი მაქვს კატალოგს რომ ვადგენდი მაშინდელი
ეხლაც გავსინჯე. ნომერი 1623 ერთი ხელით არის თავიდან ბოლომდის გადაწერილი, მაგრამ სრულებით არსაიდან ჩანს , რომ ძველი დედნიდან იყოს გადაწერილი. ბოლოს მინაწერი სწორათ აქვს ჯანაშვილს, გარდა მესამე სტრიქონისა, რომელიც იკითხება ასე: „ჰხმობენ მწერალნი, არ თქმულ არს ცისა ღრუბლის არ ქონაი“. მაგრამ ჯანაშვილის მოყვანილი თავები, ვითომ გილარიანისა, რომ ეჭვს გარეშე ყალბია, ამის დასამტკიცები საბუთი თვით ხელნაწერშია, ყალბ მეთორმეტე თავს განძის აშიაზე ტექსტის ხელით, ასეთი მინაწერი აქვს: „ქ. ვინცა სწერდეთ, ამ ამბავს ნუ დასწერთ. ეს წიგნის მთქმელისა არ არის. ვიღაცას ცრუს ქრცხინვალელს (მიუწერია)“. სხვა აშია აქ წაჭრილია. მაგრამ სამაგიეროდ, ამ გვარივე ფრაზა დამთავრებულია მეცამეტე კარის შენიშვნაში. იქაც გვერდზე უწერია: „ქ. ნურც ამას დასწერთ. ესეც იმ ცრუს ქრცხინვალელს კაცისაგან არის ნალაყბი და მოგონილი“. აქიდამ ცხადია, მოხსენებული თავები ყალბია. ეს იმითაც მტკიცდება, რომ სხვა უძველეს ვარიანტებში ეს თავები სრულიად არ არის. სხვა არავითარი მინაწერი არა აქვს ჩვენს დედანს. ეს მინაწერები ჯანაშვილმა აღარ მოიხსენა. რატომ? შენ გამოიკვლიე. რაკი მე ყველა ხელნაწერების ცნობა მაქვს შეკრებილი, მინდა ცოტა შენიშვნა დავსწერო მოამბეში ან სხვაგან ამ ხელნაწერების შესახებ და შესახებ ყალბი დილარიანისა, სხვათა შორის, საზოგადოებას აქვს პეტერბურგში გადაწერილი, ვგონებ ოქრომჭედლიშვილის თაოსნობით, ეგზემპლიარი. ეს ეგზემპლიარი შედარებულია აკადემიის ვარიანტთან და აქა იქ აღნიშნულია, როგორ არის აკად. ვარიანტში. ეტყობა, გადაწერილი სხვა დედნიდან არის და ეს ორი ყალბი თავიც არის შით, მაგრამ მეორე თავის ბოლოს, გვერდზე უწერია აკადემიის ვარიანტში არ არისო, მაგრამ ვინაიდან აქ რაღაც ნიშანი არის, არ ვიცი მარტო ბოლოს ეხება ეს შენიშვნა თუ მთელ თავს. მადლობელი ვიქნები, თუ მაცნობებ, რამდენი და როგორი ხელნაწერია პეტერბურგში.
ნიკო, პირველი ხელნაწერი ზემოთ გარკვევით არ წერია და აქ კიდევ მოვიყვან: „ქ. ვინცა სწერდეთ, ამ ამბავს ნუ დასწერთ. ეს ამ წიგნის მთქმელისა არ არის. ვიღაც ცრუს ქრცხინვალ...“ შენი სტატია მივიღე. აქ დაბეჭდილი სტატიის ოტტისკიც გამომიგზავნე უსათუოდ, როდესაც მიიღო. ეს უკანასკნელი სტატია აქ ძლიერ მოეწონათ ყველას. ჩახრუხაძეს როდის დაბეჭდავ? მართლა ნიკო, როგორ გესმის შენ ჩახრუხაძეს ფრაზა (კაეპე 5): მოუბარისა მის მდუღარისა დილარგეთისაგან ახშფოთებულად.
ნუთუ ისეთი შინაარსის იყო დილარიანი რომ აღაშფოთა თამარი? სახელი პოემისა უნდა დილარგეთიანი იყოს და არა დილარიანი. ძალაინ მიკვირს როზენის საქმე. მაქ თუ ასეთი ინტრიგები და სიუპატიოსნეა, სხვაგან რაღა გვიკვირს! კაცი თურმე ყველგან და ყოველ შემთხვევაში მოუსვენარი და ინტრიგანია. შენ მაინც პოზიცია არ გაიფუჭო უნივერსიტეტში, ცოტა ფრთხილად იყავი.
მომიკითხე გულითადად შენი მუღლე ჩემ და ჩემი ცოლის მაგიერ და გიორგის მიკოცნე. შენი ძმა ე. თაყაიშვილი.
p. s. ნიკო გეთაყვა, შემიტყვე და მალე მომწერე, აკადემიის ხელნაწერი შეიძლება კიდევ ვითხოვოთ, რომ სამი თვით ან მეტით კიდევ დაარჩინონ ჩემთან. მარიამის ბეჭვდვას ცოტა აკლია, მაგრამ აქაური ტიპოგრაფიის წყალობით, კიდევ არ მაქვს იმედი, მალე გათავდეს. შენი ჭირიმე, ლემს მოელაპარაკე და მითხოვე მომიხერხოს, კიდევ დამიცადონ. ლემის სტატიის გადმოთარგმნას შენ რომ დამპირდი რათ არ გადმოთარგმნე. ლაპატინსკის ნათარგმნი რაღაც არეულიდან შემოკლებულია მე მგონია არც თეოგნოსტა არის ნამდვვილი სახელი ჩვენი განმანათლებლისა.
ე. თ.
16 თებერვალი, 1900 წელი (ტფილისი)
0