08:54:29     21-02-2012
პუტინმა ჩელიაბინსკელი გუბერნატორი "მკვდრეთით აღადგინა"

ვლადიმერ პუტინი საქმიან შეხვედრებს გარდაცვლილ ჩინოვნიკებთანაც ატარებს, რომლებსაც მხოლოდ ერთი საინფორმაციო საშუალება - პუტინის მხარდასაჭერად შექმნილი საიტი „Чтосделалпутин“ აშუქებს. ასე იყო ამჯერადაც, როცა ერთი კვირის წინ რუსეთის პრემიერმა საქმიანი შეხვედრა შარშან გარდაცვლილ გუბერნატორთან ჩაატარა.
ვლადიმერ პუტინი არჩევნების წინ, როგორც ჩანს, მაგიური ძალებით აღივსო და ოფიციალურ შეხვედრებს უკვე არა მარტო მიწიერ, არამედ არამიწიერ სამყაროშიც ატარებს - იუწყებიან რუსი ბლოგერები. თუმცა უფრო საინტერესოს თავად პუტინის მხარდასაჭერად შექმნილი საიტი „Чтосделалпутин“ წერს, რომელიც გვამცნობს, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრემიერმა შეხვედრა გამართა ჩელიაბინსკის მხარის გუბერნატორთან პიოტრ სუმინთან. საუბარი ინვესტიციებს და სხვა საჭირბოროტო თემებს შეხებია. „Чтосделалпутин“-მა შეხვედრის პირველი ნაწილის სტენოგრამაც გამოაქვეყნა:
პუტინი: მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობა ჩვენს მდგომარეობაზეც აისახა. როგორ აფასებთ ამ დროისთვის ვითარებას?
სუმინი: მოცემულ მომენტში მართლაც სირთულეებია, მაგრამ სფერო მუშაობს… და ა.შ.
ინფორმაცია და შესაბამისად, შეხვედრა და მისი ამსახველი ფოტოც დათარიღებულია 14 თებერვლით და ინფორმაციაც საკმაოდ საქმიანია, მაგრამ…
საქმე ისაა, რომ პიოტრ ივანიჩი ერთი წლის წინ, 2011 წლის 6 იანვარს გარდაიცვალა. ბლოგერები ახლა არკვევენ, ჯოჯოხეთის რომელ განყოფილებაში შედგა აღნიშნული შეხვედრა და რაზე შეთანხმდნენ მისი მონაწილენი. თუმცა საქმიანი ინფორმაცია „Чтосделалпутин“-იდან უკვე გაქრა.
0