17:02:09     20-02-2012
ზაქარია ქუცნაშვილი: იმპოტენცია რა შუაშია „ქართულ ოცნებასთან“

ივანიშვილის ,,მეოცნებეთა`` რიგებში კბილაშვილის ანომალიურ განცხადებებს სხვებიც ეთანხმებიან. თუმცა ზოგიერთი ცდილობს, რომ კბილაშვილს კბილი არ გაჰკრას და უკვე გახმოვანებულ განცხადებებს ულამაზებს, მაგრამ, ფაქტია, რომ საზოგადოება კრიტიკულად შეხვდა როგორც კბილაშვილის სექსუალური აჟიტირებულობის შესახებ განცხადებებს, ასევე თვითონ ივანიშვილის მხრიდან აფხაზეთის, როგორც ცალკე სახელმწიფოს რანგში მოხსენიებამ.
,,პრესა ჯი`` კომენტარისათვის ,,ქართული ოცნების`` საინიციატივო ჯგუფის წევრს, ზაქარია ქუცნაშვილს ესაუბრა:
- ბატონო ზაქრო, ეთანხმებით თუ არა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, გურამ ოდიშარიას წარდგენის დროს გამოთქმულ მოსაზრებას, როდესაც მან აფხაზეთი ფაქტობრივად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოიხსენია და დამოუკიდებელი სტატუსი მიანიჭა..
- მას არანაირად არ მიუნიჭებია სტატუსი, უბრალოდ მოლაპარაკების კუთხით ისაუბრა. ბატონი გურამი ჩართულია ამ მოლაპარაკებაში და რომ წარედგინა იგი, ამიტომ თქვა. არც უგულისხმია და ვერც იგულისხმებდა.
- ფაქტია, რომ მან აფხაზეთი იგულისხმა ცალკე სახელმწიფოდ. თუ ივანიშვილი ასე არ ფიქრობს, მაშინ რატომ არ გააკეთა განმარტება? რადგან ამ განაცხადმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში, სოციალურ ქსელში უამრავი კრიტიკული შეფასება გამოქვეყნდა, თუმცა შემდგომ წაშალეთ ,,ქართული ოცნების`` ვებ-გვერდიდან, რატომ წაიშალა განსხვავებული აზრი?
- არა მგონია, ხალხი დაბნეულიყო, ვერ გავიზიარებ ამ მოსაზრებას, რადგან მან მოლაპარაკების რაკურსში განაცხადა და გარდა ამისა, პრეს-მდივანმა ამაზე შემდგომ გააკეთა ოფიციალური კომენტარი, ასე რომ მემგონი ყველასთვის ყველაფერი ნათელია.
- სხვათაშორის, ივანიშვილმა ერთ-ერთ თავის პირველ წერილშიც განაცხადა, რომ ყოველგვარი დასავლეთის მოკავშირეების გარეშე , უნდა ვესაუბროთ აფხაზებსო, ეს უკვე ნიშნავს მათი, როგორც დამოუკიდებელი სტატუსის მქონე მხარედ აღიარებას ..ანუ მისი მოსაზრება თავიდანვე აფხაზეთის დამოუკიდებელი სტატუსისკენ იხრებოდა
- საკუთარ ხალხს ყოველთვის უნდა ერთიერთზე ილაპარაკო, უნდა შეეცადო, რომ საკუთარ ხალხს ელაპარაკო ყოველგვარი შუამავლების გარეშე.. ყველას უნდა ჰქონდეს მისწრაფება იმისა, რომ ელაპარაკოს საკუთარ ხალხს.
- მაშინ ბიძინა ივანიშვილმა რატომ თავად არ განუმარტა საკუთარ ხალხს, შუამავალი პრეს-სამსახურის გარეშე, რას გულისხმობდა აფხაზეთისა და საქართველოს მოლაპარაკებებში. მით უმეტეს, ხალხმა ორაზროვნად გაიგო მისი ეს შეფასება..
-არა მგონია, ხალხს ორაზროვნად გაეგო.
- არჩილ კბილაშვილის განცხადებაზე რას იტყვით? თქვენი გუნდისთვის ასეთი მნიშვნელოვანია სექსუალური პოტენცია ან იმპოტენცია ?
- იმპოტენცია რა შუაშია „ქართულ ოცნებასთან“, ჰა-ჰა, აჩიკომ ძალიან საინტერესო სიტყვები თქვა..
არა, არა, აჩიკომ სხვა რაღაც თქვა, კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო. მან თქვა, ადრეფიზიოლოგიური სექსუალური მისწრაფება უნდა გქონდეს გადალახულიო. ანუ მან ასეთი რამ თქვა, პოლიტიკაში მომწიფული ხალხი უნდა წავიდეს და არა, რუსულად ეს კარგად ჟღერს, სექსუალურად „აზაბოჩენი“ ხალხიო.
-კი, მაგრამ მან რა იცის, რომ მისი ლიდერი სექსუალურად აჟიტირებული არაა?
- ეს უკვე ეთიკის სტანდარტებს სცილდება.
- ამავე ლოგიკით, კბილაშვილის განცხადებაც არაეთიკურია. საიდან ასკვნის, რომ მისი პოლიტიკური ლიდერი სექსუალურად მომწიფებულია ან არაა?
- ამ შემთხვევაში პერსონალიზაციისკენ მიისწრაფვით. ..
პ.ს: ზაქარია ქუცნაშვილი ამჯერად ბელადზე საუბარმა გააღიზიანა და როგორც ჩანს, ,,ქართული ოცნების“ შემადგენლობაში, რაკი ასეთი შინაგანაწესია, სიტყვა ,,სექსს“ მხოლოდ მომწიფებულები ახსენებენ და იქ გასაწევრიანებლად მისულ პირებს აუცილებლად დასჭირდებათ მცირე კითხვარის შევსება, ნოტარიულად დამოწმებული ცნობა, რომ გარდატეხის ასაკი გადალახეს და ექიმის მიერ გაცემული, ფიზიოანატომიური დახასიათება მომწიფებულობის შესახებ.
0