06:30:37     20-02-2012
ტერენტი გრანელი - გალაკტიონის (საღამოს) შესახებ და „ანგელოზი“
ტერენტ გრანელის ლექსები „მე და გალაკტიონი“, „გალაკტიონი“, „გალაკტიონს“, „...გალაკტიონი ხომ მდიდარია“ და სხვა ლექსები, შემდგომში გავიხსენოთ და ამ თემაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. ახლა თქვენს წინაშეა ტერენტი გრანელის წერილი, მიძღვნილი გალაკტიონ ტაბიძის საღამოსადმი, სადაც ის მოუწოდებს ყველას დააფასონ პოეტი და ლექსი „ანგელოზი“, რომლის დაწერაც, ალბათ, გალაკტიონის შემოქმედების შთაგონებით მოხდა.
ტერენტი გრანელი დიდი პოეტი იყო. ის შვიდიოდე წლით უმცროსი გახლდათ გალაკტიონზე. მისი არსება მთლიანად მოცული იყო პოეზიით, ისევე როგორც გალაკტიონის მთელი ცხოვრება პოეზია იყო. პარადოქსია, მაგრამ მკითხველისათვის ბედნიერებად თუ არა, უდიდეს სიამოვნებად იქცევა ხოლმე შედევრები, რომლებიც პოეტების უიღბლო თუ განაწამები ცხოვრების დროს, თუ ამგვარი ცხოვრების გამოისობით შექმნილა...
ტერენტი გრანელი ერთ-ერთი რეფორმატორი ქართული ლექსისა და უახლესი ქართული პოეზიის მამამთავარი. ძალიან საინტერესოა წინამდებარე წერილი და ლექსი, თუმცა ჯერ ტერენტი გრანელის ბიოგრაფია გავიხსენოთ მოკლედ:
მისი ნამდვილი გვარია კვირკველია. ტერენტი სამსონის ძე კვირკველია დაიბადა 1898 წლის 25 ნოემბერს ღარიბი გლეხის ოჯახში. ხუთი წლისას დედა გარდაეცვალა. ზრდიდა მამა, რომელიც დაქორწინდა მეორედ, დარია მებონიაზე. დედინაცვალს ძალიან ჰყვარებია გერები, ტერენტი და მისი დები, მაშო და ზოზია. სწავლობდა ცნობილი პედაგოგის იაკობ შანავას ხელმძღვანელობით, თან მამას ეხმარებოდა და წაღებს კერავდა. მეექვსე კლასში იყო სახლი დაეწვათ... სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. მამა გარდაეცვალა. მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციებში. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულ კურსებზე, რომელიც ცნობილი იყო „ნუცუბიძის კურსების“ სახელით. ამ სასწავლებელს გიმნაზიის სრული უფლებები ჰქონდა მინიჭებული. დაამთავრა 1920 წელს.
„წალენჯიხელის“ ფსევდონიმით ბეჭდავდა პუბლიცისტურ წერილებს „სახალხო საქმეში“ და „ახალ ნაკადში“. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1919 წელს. ამავე წელს გამოსცა ერთდროული ლიტერატურული გაზეთი „ია“ და ჟურნალი „კრონოსის სარკე“...
1921 წელს გობრონ აგერელთან ერთად გამოსცა წიგნაკი „პანაშვიდები“. მერე გამოვიდა მისი „სამგლოვიარო ხაზები“. 1922 წელს გამოვიდა ტერენტი გრანელის კრებული “სულიდან საფლავები“. წიგნს კრიტიკა აღფრთოვანებული შეხვდა (ტრისტან მაჩაბელი, პაატა ორბელიანი, კონსტანტინე გამსახურდია და სხვები).
1924 წელს გამოვიდა მისი კრებული MEMENTO MORI (გახსოვდეს სიკვდილი). რომელიც ასევე აღფრთოვანებით მიიღო საზოგადოებამ. იმ წელსვე, რუსთაველის თეატრში ტერენტი გრანელს დიდი სალიტერატურო საღამო გაუმართეს და საგანგებო გაზეთიც მიუძღვნეს, სადაც ივანე გომართელი, გიორგი ნადირაძე, კონსტანტინე კაპანელი, ვასილ ბარნოვი, პლატონ კეშელავა და სხვები მაღალ შეფასებას აძლევენ ტერენტი გრანელის პოეზიას.
1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. 1928 წლიდან შესანიშნავ პოეტს და პატრიოტს, ბოლშევიკების მოწინააღმდეგეს და საქართველოს თავისუფლებაზე მეოცნებეს, - რომელსაც უკვე გაზეთები ლექსებსაც აღარ უბეჭდავდნენ და რომელსაც არც სამსახური ჰქონდა, - სულიერი დეპრესია დაეწყო... დიდი პოეტი 1934 წლის 10 ოქტომბერს „არამიანცის“ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ანგელოზი
„ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი“ (გ. ტაბიძე)
მე შენ გელოდი,
ვგრძნობდი კაეშანს,
როს ანგელოზის
ფრთები დაეშვა.
როს ანგელოზის
ფრთები დაეშვა,-
მე შენ გელოდი,
ვგრძნობდი კაეშანს..
გალაკტიონ ტაბიძის საღამოს გამო
აპრილის შვიდს სახელმწიფო თეატრში კიდევ იმართება საღამო ჩვენი მგოსნის გალაკტიონ ტაბიძისა. რასაკვირველია, ბევრს ვერაფერს ვიტყვით გალაკტიონის პოეზიაზე, განსაკუთრებით ამ წერილში. მაგრამ, ორიოდე სიტყვით მაინც გვინდა ხაზი გავუსვათ მის შემოქმედების ზოგიერთ თვისებებს. გალაკტიონს უმთავრესად თავისებურება ახასიათებს პოეზიაში და ეს გარემოება უეჭველია დადებითი მხარეა მისი შემოქმედებისა.
საქართველოს პოეზიის რენესანსში გალაკტიონმა თავისი წვლილი შეიტანა.
აგრეთვე უნდა ითქვას, რომ გალაკტიონი მიმართულებით სიმბოლისტია, იგი ყოველთვის თავის განცდებს სიმბოლიურად გვიხატავს და მის ლექსებში უმთავრესად სიფაქიზის და სინაზის მისტიციზმი გამოსჭვივის. გალაკტიონი ინდივიდუალიზმის ცეცხლით არის გამსჭვალული, მას სწამს მხოლოდ "მე“, როგორც მსოფლიოს განუსაზღვრელი და განუყრელი ნაწილი. გალაკტიონის შემოქმედებაში არის თავისებური სამყარო, რომელიც ხილულ ქვეყნის ანარეკლია; იგი ყოველთვის საგნების გადაღმა ეძებს მსოფლიოში გაბნეულ ფერებს, და აქ არის გალაკტიონის გამართლება; მას უყვარს მუსიკის და განცდის ერთმანეთთან შეხამება, რომლის სინთეზში ადამიანს ძალუძს ემოციონალურ და ესთეტიურ გრძნობის დაკმაყოფილება.
გალაკტიონმა ნახა თავისი სახე, სახე მეტად ძლიერი და პოეტური ბუნებით აღჭურვილი. სხვა ლექსებს თავი რომ დავანებოთ, "ლურჯა ცხენები” შედევრია, რომლის ვრცელი დინამიკა უმაღლეს წერტილს აღწევს. აგრეთვე ასონანსებს მის პოეზიაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს, რომელსაც უმაღლესი პრეროგატივა ეძლევა ახალ პოეზიაში.
გალაკტიონი ვიწრო ყალიბებში არ თავსდება, იგი თავის შეუკავებელ სულით ლიცენციისაკენ მიისწრაფის და აქ იშლება მისი პოეტური სახის უზენაესი ატრიბუტები.
ჩვენ ამ წერილში ყოველივე პრეტენზიებს გვერდს ვუვლით და თამამად ვამბობთ, რომ შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში არ დავეთანხმოთ გალაკტიონს; მაგრამ რამდენიმე ლექსით ჩვენ მას ვღებულობთ, როგორც პოეტს. რასაკვირველია, აქ ვერ შევეხებით ჩვენს შეხედულებას თანამედროვე პოეზიაზე.
დასასრულ უნდა აღვნიშნოთ, რომ გალაკტიონმა დაიმსახურა პოეტის წმინდა სახელი; მან იცის თავისი დანიშნულება.
და ჩვენ ვფიქრობთ, მომავალში იგი სავსებით დაიკავებს იმ ხაზს, რომლის წიაღში პოეზიის აბსოლუტური გამარჯვება აუცილებელი იქნება. წერილს აქ ვათავებთ და ჩვენ ვფიქრობთ, ვისთვისაც საინტერესოა პოეტის პატივისცემა, მან, უეჭველია, საღამოზე დასწრების სახით უნდა მოიხადოს თავისი მოვალეობა..
0