05:26:25     20-02-2012
მეთ დეიმონი და მისი მრავალრიცხოვანი როლები...
მეთიუ პეიჯ დეიმონი, ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და სცენარისტი, ოსკარისა და ოქროს გლობუსის პრემიის ლაურეატია.
მეთ დეიმონის მეტად ცნობილი კინოროლებიდან აღსანიშნავია: „ჭკვიანი უილ ჰანტინგი“ (1997), „რიგითი რაიანის გადასარჩენად“ (1998), „ნიჭიერი მისტერ რიპლი“ (1999); ოუშენის მეგობრების სამნაწილიანი სათავგადასავლო კინოფილმი : „ოუშენის თერთმეტი მეგობარი“ (2001), „ოუშენის თორმეტი მეგობარი“ (2004), „ოუშენის ცამეტი მეგობარი“ (2007); ტრილოგია ჯეისონ ბორნზე : „ბორნის იდენტიფიკაცია“ (2002), „ბორნის უპირატესობა“ (2004), „ბორნის ულტიმატუმი“ (2007); ასევე მარტინ სკორსეზეს „ორმაგი თამაში“ და ფილმი „რეალობის შემცვლელები“.
მეთ დეიმონი დაიბადა ქალაქ კემბრიჯში (მასაჩუსეტსი),კენტ ტელფორ დეიმონისა და ნენსი კარლსონ-პეიჯის ოჯახში. მამამისი ბირჟის მაკლერი იყო, ხოლო დედამისი ლესლის უნივერსიტეტის პროფესორი. დეიმონის გენეალოგია შეიცავს ინგლისურ, შოტლანდიურ, ფინურ და შვედურ ფესვებს. დეიმონი ბენ აფლეკისა და კეისი აფლეკის შორეული ნათესავია. ჰყავს ძმა კაილი, რომელიც პროფესიონალი მოქანდაკე და მხატვარია.
ერთხანს დეიმონების ოჯახი საცხოვრებლად ნიუტონში გადავიდა, სადაც სახლობდნენ ორი წლის განმავლობაში. როდესაც მისი მშობლები ერთმანეთს გაცილდნენ, დეიმონი დედამისთან ერთად საცხოვრებლად კემბრიჯში გადავიდა, სადაც მის ოჯახთან ერთად კიდე 5 სხვა ოჯახი სახლობდა. დეიმონი იზრდებოდა ბენ აფლეკთან ერთად, რომელთანაც ბავშვობიდან ახლო მეგობრობა აკავშირებდა, ასევე მასთან ახლოს ცხოვრობდა მწერალი ჰოვარდ ზინი, რომლის ერთ-ერთ ნაშრომს დეიმონი იხსენიებს ფილმში „ჭკვიანი უილ ჰანტინგი“.
1988 წელს დეიმონმა ჩააბარა ჰარვარდის უნივერსიტეტში, სამი წლის შემდეგ მან სასწავლებელი მიატოვა, რამეთუ მას მხოლოდ მსახიობობა სურდა. თუმცა თავიდანვე მონაწილეობას ღებულობდა სასტუდენტო თეატრში, სადაც ხშირად სპექტაკლში როლებს ასრულებდა.
დეიმონმა პირველი როლი კინოში შეასრულა 1988 წელს რომანტიკულ კომედიაში „მისტიური პიცა“. იმ დროს დეიმონი მხოლოდ 17 წლისა იყო. 1992 წელს მიიღო როლი კინოში „სასკოლო კავშირები“. ამავე წელს საყურადღებო როლი მიიღო ფილმში „ჯერონიმო: ამერიკული ლეგენდა“, სადაც მასთან ერთად ითამაშეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა.
ოთხი წლის შემდეგ სინჯებზე იმყოფებოდა ფილმისთვის „თავზეხელაღებულთა კუნძული“, თუმცა ფილმში მონაწილოებაზე მან უარი განაცხადა. 1996 წელს დეიმონი გამოჩნდა ედვარდ ცვიკის ფილმში „სიმამაცე ბრძოლაში“, სადაც მისი პარტნიორი გახდა დენზელ ვაშინგტონმა. ამ ფილმისთვის დეიმონმა 18 კგ დაიკლო, იმყოფებოდა მკაცრ დიეტაზე. ფილმ „სიმამაცე ბრძოლაში“ შესრულებული როლისთვის დეიმონმა კინოკრიტიკოსების მხრიდან სიმპათიები დაიმსახურა. ასევე დეიმონის მიმართ სიმპათიები გამოხატა ჟურნალმა The Washington Post-მა.
1990-იანი წწ. დასაწყისში დეიმონმა და აფლეკმა დაწერეს სცენარი გენიალურ ახალგაზრდა მათემატიკოსზე. შემდგომ ცდილობდნენ სცენარის გაყიდვას ჰოლივუდში, თუმცა კინოსტუდიები მათ უარს ეუბნებოდნენ, რამეთუ ფილმში მონაწილეობა სცენარის ავტორებს თავადვე სურდათ. საბოლოოდ, სცენარი შეისყიდა კინოკომპანია Miramax Films. 1997 წელს გამოდის ფილმი „ნიჭიერი უილ ჰანტინგი“, სადაც მთავარ როლში გამოჩნდნენ ახალგაზრდა მსახიობები მეტ დეიმონი და ბენ აფლეკი. ფილმი ოსკარით დაჯილდოვდა, როგორც ფილმი საუკეთესო სცენარისთვის. ამასთანავე ფილმის ბიუჯეტმა შეადგინა 10 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო მოგებამ დაახლოებით 226 მლნ. აშშ დოლარი.
1998 წელს მეთ დეიმონმა შეასრულა როლი სტივენ სპილბერგის ფილმში „რიგითი რაიანის გადასარჩენად“.
მეთ დეიმონი და რობერტ დე ნირო ფილმ „ცრუ ცდუნება“-ს პრემიერაზე (2007 წლის თებერვალი, ბერლინი)
1999 წელს დეიმონმა ჯუდ ლოუსთან და გვინეთ პელტროუსთან ერთად მონაწილეობა მიიღო ენტონი მინგელას ფილმში „ნიჭიერი მისტერ რიპლი“. ფილმი ფსიქოლოგიურ ტრილერს წარმოადგენს, რომლის სიუჟეტის ცენტრშია ტომ რიპლი (მეტ დეიმონი). შემთხვევითი გაცნობის შემდეგ ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ჰერბერტ გრინლიფი ტომ რიპლის დავალებას მისცემს; იგი უნდა გამგზავრებულიყო იტალიაში და დაერწმუნებინა მისი შვილი შტატებში უკან დაბრუნებაზე. იტალიაში ჩასვლის შემდეგ რიპლი გაიცნობს ჰერბერტ გრინლიფის შვილს დიკი გრინლიფს (ჯუდ ლოუ). თუმცა დაკისრებულ დავალებას ტომ რიპლი ვერ გაუმკლავდება. ფილმმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და საერთო ჯამში მისმა შემოსავალმა შეადგინა 128 მლნ. აშშ დოლარი. კინოფილმი „ნიჭიერი მისტერ რიპლი“ ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე.
1999 წელს მონაწილეობა მიიღო კევინ სმითის ფილმში „დოგმა“, 2001 წელს სტივენ სოდერბერგის ფილმში „ოუშენის თერთმეტი მეგობარი“. 1990-იანი წწ. მიწურულიდან დეიმონი ჩამოყალიბებულ მსახიობად გვევლინება. ამიერიდან იგი ჰოლივუდის მომთხოვნი არტისტი ხდება. დეიმონის კარიერაში მნიშვნელოვანი იყო ტრილოგია ჯეისონ ბორნზე: „ბორნის იდენტიფიკაცია“ (2002), „ბორნის უპირატესობა“ (2004), „ბორნის ულტიმატუმი“ (2007), სადაც მან შეასრულა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის როლი, რომელმაც მეხსიერება დაკარგა.
ბოლო წლებში ერთბაშად მრავალ ფილმში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან აღსანიშნავია: „ცრუ ცდუნება“, „რკინის ტაცება“, „მწვანე ზონა“, „რეალობის შემცვლელები“.
1997 წელს მეტ დეიმონმა ურთიერთობა დაიწყო მსახიობ მინი დრაივერთან. თუმცა, ერთმანეთს მალე დაცილდნენ. შემდგომ ერთ-ერთ წვეულებაზე დეიმონმა გაიცნო ვაინონა რაიდერი, რომელთანაც გარკვეული დროით რომანი ჰქონდა.
2001 წლიდან ხვდებოდა ოდესა უიტმორს, რომელიც იმ დროს ასისტენტად მუშაობდა ბილი ბობ ტორნტონთან და ბენ აფლეკთან.დეიმონი და უიტმორი ერთმანეთს გაშორდნენ 2003 წელს.
2003 წელს დეიმონმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე ლუჩიანა ბაროზო. 2005 წლის 9 დეკემბერს წყვილი დაქორწინდა. 2006 წლის 11 ივნისს ქალაქ მაიამიში წყვილს შეეძინა პირველი შვილი... ამჟამად, დეიმონი და მისი ოჯახი ცხოვრობს მანჰეტენში.
წყარო: ვიკიპედია
0