21:37:46     18-02-2012
ვიდეომ, რომელშიც კარლა ბრუნი სარკოზის კოცნის, სკანდალი გამოიწვია

ამის გამო ფრანგული ტელეარხი TF1 შიდა გამოძიებას ატარებს. საქმე იმაშია, რომ ეს კოცნა სწორედ აღნიშნულ ტელეკომპანიაშია გადაღებული, მაშინ, როცა ნიკოლა სარკოზი ეთერში გასასვლელად ემზადებოდა და ამაში მეუღლეც ეხმარებოდა.
გადაცემის დაწყებამდე, რომლის დროსაც სარკოზიმ კენჭისყრისა და მეორე ვადით გაპრეზიდენტების სურვილის შესახებ განაცხადა, კარლამ მეუღლეს პიჯაკზე მიმაგრებული საპატიო ლეგიონის ორდენი გაუსწორა, რის შემდეგაც წყვილი ერთმანეთს მსუბუქად მიესიყვარულა.
ფრანგებისთვის, თავისთავად, კოცნა სკანდალი არ არის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ კოცნის ამსახველი ვიდეო რუსულ RuTub-ზე და შემდეგ, მთელ ინტერნეტში გავრცელდა. როგორ და ვის ხელში მოხვდა ჩანაწერი, სწორედ ამას იკვლევს ტელეკომპანია TF1, რადგან ეს პრესტიჟის საქმეა. მსგავსი გაჟონვა სხვა დროს ტელევიზიიდან არასოდეს მომხდარა.
როგორც RuTub-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, TF1-ს სერვერები მიერთებულია ფრანგული საინფორმაციო ტელეარხ LCI-ს სერვერებთან და ნებისმიერს, ვისაც ერთი არხის ბაზასთან მაინც აქვს წვდომა, შეეძლო ამ ჩანაწერის კოპირება მოეხდინა. თუმცა, TF1-ს რედაქციას უკვირს, ვის ინტერესებში შეიძლება იყოს ამ ვიდეორგოლის რუსულ RuTub-ზე განთავსება.
კარლა ბრუნი-სარკოზი მუდმივად ცდილობს აწიოს მეუღლის რეიტინგი. აღნიშნული ტელეეთერის მეორე დღესაც მან ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს და განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ნიკოლა სარკოზის სწორი ეკონომიკური კურსი აქვს არჩეული.
სარკოზი, ბედნიერი მეოჯახის იმიჯით მკვეთრად განსხვავდება თავისი მოწინააღმდეგისგან, სოციალისტ ფრანსუა ოლანდისგან, რომელმაც 20 წელი იცხოვრა ასევე, პრეზიდენტობის აწ უკვე ყოფილ კანდიდატთან სეგოლენ რუაიალთან, მაგრამ მათი ქორწინება მაინც ვერ შედგა. 0