16:02:40     18-02-2012
დიდი პოეტი და იდეოლოგი - არსენ იყალთოელი
ქართული ეკლესია 6 (ახალი სტილით 19) თებერვალს აღნიშნავს ღირსი მამის არსენ იყალთოელის ხსენების დღეს.
არსენ იყალთოელი გახლდათ დავით აღმაშენებლის თანამებრძოლი, სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი, იდეოლოგი, მეცნიერი (ანატომიისა და ფიზიკის მცოდნე და სხვა).
მას დიდი დამსახურება მოუძღვის ქართული ეკლესიის, სახელმწიფოსა და ეროვნული იდეოლოგიის წინაშე.
არსენ იყალთოელმა განათლება მიიღო კონსტანტინოპოლის მანგანის აკადემიაში. შემდეგ შავ მთაზე მოღვაწეობდა. მთარგმნელობითი მოღვაწეობა ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით დაიწყო. ეფრემის გარდაცვალების მერე დაბრუნდა მანგანის აკადემიაში. შემდეგ დავით აღმაშენებლის მოწვევით გელათის აკადემიაში მოღვაწეობდა. მერე კახეთში იყალთოს აკადემია დაარსა. დავით აღმაშენებლის სიკვდილის მერე, 1125 წლიდან დამკვიდრებულა შიო მღვიმის მონასტერში, თუმცა, როგორც ჩანს, დიდხანს აღარ უცოცხლია. მას ახასიათებენ როგორც: „თარგმანსა და მეცნიერთა ბერძენთა და ქართველთა ენისასა და განმანათლებელს ყოველთა ეკლესიათა“.
იგი უფრო დოგმატურ, პოლემიკურ და კანონიკურ ლიტერატურას თარგმნიდა. თარგმნისას მაქსიმალურად ცდილობდა ბერძნულ დედანს მიჰყოლოდა. როგორც ამბობენ, ამის გამო ოდნავი ძალდატანებაც გამოსდის ქართულ ენაზე. თვითონ წერდა: „თუ სიბნელე რაჲმე სადმე ანუ სიდუხჭირე შესდგამს, იგი ბერძნულისა შედარებულობისაგან არს და არა ქართულთა სიტყვათა დაშვენებასა ვერმეცნიერობისაგან“.
არსენ იყალთოელმა თარგმნა „დოგმატიკონი“, რომელშიც 9 ცნობილი ავტორისა და 11 ანონიმის თხზულებაა. მათ შორის: ანასტასი სინელის „წინამძღვარი“, ლეონ პაპის „ეპისტოლე“, თეოდორე აბაკურას „საკითხავნი საღმრთოჲსა და გარეშისა ფილოსოფოსობისა სიტყუათაჲ“, იოანე დამასკელის „დიალექტიკა“ და „გარდამოცემა“ (ჯერ ეფრემ მცირესთან ერთად, მერე ცალკე), „სიტყვისგება ჰურიათა მიმართ“, „თავნი სომეხთა წვალებისანი ოცდაათნი“. გარდა ამისა, გიორგი ამარტოლის „ხრონოგრაფი“, ფოტი პატრიარქისეული რედაქციის 14-ტიტლოვანი „ნომიკანონი“, რომელსაც მისი თარგმანით „დიდი სჯულის კანონი“ ეწოდება. ჯერ კიდევ შავ მთაზე მოღვაწეობისას ეფრემ მცირეს ხელმძღვანელობით თარგმნიდა ჰაგიოგრაფიული და ჰომილეტიკურ თხზულებებს და სხვა.
არის ვარაუდი, რომ რუის-ურბნისის კრების განჩინების დამწერი და მასზე დართული დავით აღმაშენებლის ხოტბის ავტორი, დავით აღმაშენებლის ორი ანდერძის ჩამწერი, ანდრია კრიტელის „დიდი კანონის“ მთარგმნელი, „წმინდა ნინოს ცხოვრების“ მეტაფრასტული რედაქციის ავტორი -არსენ ბერი (არსენ ვაჩესძე) და არსენ იყალთოელი ერთი და იგივე პიროვნება უნდა იყოს.
არსენ ბერისეული დავით აღმაშენებლის ხოტბა - „მეფესა დავითს“ და არსენ იყალთოელისეული დავით აღმაშენებლის ეპიტაფია („ვის ნაჭარმაგევს მეფენი“) იმდენად მაღალმხატვრული პოეტური ნაწარმოებებია, რომ არ არის გამორიცხული, ერთი გენიოსის დაწერილი იყოს. გარდა ამისა, არსებობს სხვა არგუმენტებიც. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ჩვენ ორი სხვადასხვა გენიოსი გვყავდა (ორი კი არა, მეტიც). პირადად მე, ორი არსენის, არსენ ბერისა და არსენ იყალთოელის, იგივეობა დამაჯერებლად მიმაჩნია. შესაძლოა არსენ იყალთოელი იმ ყრმათა შორის იყო, გიორგი მთაწმინდელმა რომ წაიყვანა კონსტანტონოპოლში აღსაზრდელად.
არსენ იყალთოელი რომ დიდი პოეტი და დიდი იდეოლოგი გახლავთ, მარტო დავით აღმაშენებლის ეპიტაფიითაც კარგად მტკიცდება. ამ თემაზე მე მაქვს წერილი გამოქვეყნებული პრესა.გე-ს ფურცლებზე, ჩემს ბლოგში („ქართველი ერი– ღვთის რჩეული ხალხი“) და ამიტომ ახლა აღარ ვილაპარაკებ.
დღეს გავიხსენოთ დავით აღმაშენებლის ეპიტაფია, კიდევ ერთხელ ვიგრძნოთ სიამაყე ჩვენი დიდი იმპერატორის საქმეებით, დავტკბეთ მისი მეგობრისა და თანამებრძოლის, დიდი საქართველოს ერთ-ერთი შემოქმედის, არსენ იყალთოელის პოეტური და იდეოლოგიური ტალანტებით.
დავით აღმაშენებლის ეპიტაფია
"ვის ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად დამეხსნეს,
თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვარსა გარე გამეხსნეს,
თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამეხსნეს, –
აწღა ამათსა მოქმედსა გულზედან ხელნი დამეხსნეს.”