15:53:54     18-02-2012
მიქელანჯელოს რამდენიმე ლექსი ვიქტორია კოლონასადმი
1564 წლის 18 თებერვალს გარდაიცვალა დიდი მიქელანჯელო. მისი სრული სახელია, - მიქელანჯელო დე ფრანჩესკო დე ნერი დე მინიატო დელ სერა ი ლოდოვიკო დი ლეონარდო დი ბუანოტი სიმონი.
მალე მისი დაბადების დღეა და გავიხსენებთ მის ბიოგრაფიას. დღეს კი ვისაუბროთ მიქელანჯელოს ამაღლებულ სიყვარულზე - ვიქტორია (ვიტორია) კოლონაზე და დიდი შემოქმედის მიერ თავისი სატრფოსადმი მიძღვნილ ლექსებს წარმოგიდგენთ, რომლებიც თარგმნა აკაკი გელოვანმა.
ვიქტორია (ვიტორია) კოლონა (Vittoria Colonna), მარკიზა დი პესკარი, დაიბადა დაახლოებით 1490-1492 წლებში. ის გახლდათ აღორძინების ხანის ცნობილი პოეტი, თავისი დროის სახელგანთქმული ინტელექტუალი.
ვიქტორია კოლონების ცნობილი და გავლენიანი არისტოკრატიული გვარის წარმომადგენელი იყო. დედამისი დე მონტეფილოს გვარიდან გახლდათ. 4 წლის ასაკში ვიქტორია დანიშნეს ფერნანდო დ’ავალოსაზე (ფრანჩესკო ფერანტე დე პესკარი), რომელიც ასევე დიდგვაროვანი გახლდათ, მარკიზის შვილი. მათი ოჯახები მეგობრობდნენ.
ვიქტორიამ ბავშვობიდან შესანიშნავი განათლება მიიღო. ბრწყინვალედ იცოდა ლათინური, გატაცებული იყო ლიტერატურით.
1509 წლის 27 დეკემბერს, მიაღწიეს რა სრულწლოვანებას, დანიშნულებმა იქორწინეს. ვიქტორიას ქმრის ტიტული ასეთი იყო: ფერდინანდ (ფერანტე) დ’ავალოს დ’აკვინი დ’არაგონ, მარკიზ დი პისკარი, ვიცე-მეფე მილანისა და ესპანეთის გენერალი. ახალგაზრდებს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. სამწუხაროდ, შვილი არ შეეძინათ.
1512 წელს ვიქტორიას ქმარი ტყვედ ჩაუვარდა ფრანგებს. თვეების მანძილზე ტყვეობაში მისი ერთადერთი სიხარული ცოლთან მიმოწერა იყო. ერთმანეთს წერდნენ ლექსებს და პროზაულ ნაწარმოებებს. ტყვეობის შემდგომაც ფერანტე იშვიათად ნახულობდა პოეტ ცოლს, ვინაიდან მუდამ ბრძოლებში უწევდა ყოფნა. ის გახლდათ რომის საღვთო იმპერიის იმპერატორის კარლოს V ჰაბსბურგის ერთ-ერთი საუკეთესო სარდალი. კარლოს V იყო გერმანიის, ესპანეთის იტალიის მფლობელი.
იმპერატორის მოწინააღმდეგეებმა, იტალიის გათავისუფლების საბაბით, 1525 წელს, პავიის ბრძოლის წინ (24 თებერვალი) ფერანტეს შესთავაზეს გადასულიყო მათ მხარეზე და შეპირდნენ ნეაპოლის სამეფოს. ცოლ-ქმრის პოზიცია ურყევი აღმოჩნდა, ფერანტემ უარი თქვა ეღალატა იმპერატორისათვის, რომელსაც ფიცი მისცა. იმ დღეებში ვიქტორიას უთქვამს თავისი ახლობლებისათვის: „მირჩევნია მოვკვდე მამაცი მარკიზისა და უღალატო სარდლისა ცოლად, ვიდრე ვიყო, თუნდაც, ოდნავ სახელშებღალული მეფის მეუღლე“.
1525 წლის ნოემბერში მარკიზი ბრძოლაში მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ეს დიდი დარტყმა იყო მარკიზასთვის. ამ დროს პოეტი ქალი 35 წლისა გახლდათ. მან გადაწყვიტა მონაზვნად აღკვეცილიყო. მაგრამ პაპმა კლიმენტ VII-მ გადააფიქრებინა. რამდენიმე წელიწადი ჩაკეტილი იყო კასტელო არაგონის ციხესიმაგრეში და ლექსებით დასტიროდა დაკარგულ ქმარს.
არა ერთი ადამიანი იყო მისი სილამაზით აღფრთოვანებული და ბევრმა ცოლობაც სთხოვა, მაგრამ ვიქტორიას არავინ აინტერესებდა. იგი რელიგიით იყო გატაცებული. 1537 წელს ფერარაში ჩავიდა და ელოდა პაპის კურთხევას, რათა გამგზავრებულიყო წმინდა მიწაზე, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ მოახერხა ქრისტეს საფლავის მოლოცვა. იმ ხანებში მოუკვდა შვილობილიც, თავისი ნათესავი და აღზრდილი ალფონსო დელ ვასტო, რამაც დიდი მწუხარება მოუტანა. კარგა ხნით ჩაიკეტა ერთ-ერთ მონატერში.
შემდეგ დაბრუნდა რომში და იქაურ ინტელექტუალებთან ერთად ჩამოაყალიბა რელიგიური ჯგუფი spirituali, რომელიც შემდგომში „იტალიელი რეფორმატორების“ სახელით გახდა ცნობილი. 1542 წელს ერთი მისი მეგობარი პროტესტანტულ პოზიციებზე გადავიდა, ვიქტორია გაემიჯნა მას. პოეტ ქალს არ უნდოდა ერეტიკოსებთან ჰქონოდა საქმე, თუმცა თვლიდა, რომ რომის ეკლესიას განახლება სჭირდებოდა.
მიქელანჯელომ და ვიქტორიამ ერთმანეთი გაიცნეს 1537 წელს და დამეგობრდნენ. მიქელანჯელოს შეუყვარდა ვიქტორია. ამ დროს პოეტი ქალბატონი უკვე კარგა ხნის ქვრივი გახლდათ, მაგრამ, არ აინტერესებდა სასიყვარულო გატაცებანი, მიქელანჯელოსათვის ის პლატონური სიყვარულის ობიექტად იქცა. ეს იყო ერთგარი თავდაჭერილი თაყვანისცემა, სულიერი ნათესაობა. ამ დროისათვის ვიქტორია დაახლოებით 47 წლისა გახლდათ, მიქელანჯელო კი სამოცს გადაცილებული. მათი მიმოწერა და შეხვედრები მარკიზას გარდაცვალებამდე გრძელდებოდა.
თავის საყვარელ ადამიანს მიქელანჯელომ უძღვნა არა ერთი სონეტი (რამდენიმეს ჩვენ აქ გთავაზობთ). ხატავდა მას და ხშირად სტუმრობდა თავის მუზას. როგორც ამბობენ, მიქელანჯელომ უძღვნა ვიქტორიას თავისი ნახატი „გარდამოხსნა“, რომლის გვიანდელი ასლები დღემდეა შემორჩენილი. ასევე ვიქტორიასა და მისი რელიგიური ჯგუფის გავლენით შექმნილა ფრესკა „განკითხვის დღე“ სიქსტეს კაპელაზე.
ვიქტორია კოლონას
(თარგმნა აკაკი გელოვანმა)
ნუთუ ასეა, დონა, მართლა, დანამდვილებით
(გამოცდილება თუმცა ამას ამტკიცებს ძველი)? -
ცივ მარმარილოს ქვიდან ქმნილი ეს სახე მწველი
გადაამეტებს თავის შემქმნელს განა დიდებით?
ასეა! უთმობს პირველობას მიზეზი შედეგს!
ასე რგებია ქანდაკებას დიადი ბედი:
ჩვენს არსებაზე ხელოვნების ხვედრია მეტი!
დრო ვერა სძლევს და ცოცხლობს ჩვენი სიკვდილის შემდეგ.
აი, რად ძალმიძს გამოვტაცო ჟამთა დინებას
ორივეს სახე საღებავით, ყალმით და ქვითა,
რომ უკვდავებას ვეზიაროთ ამგვარად ჩვენა;
საუკუნეთა მიღმა ხალხებს ეცოდინებათ,
რა ლამაზი ხარ, რარიგ ვცხოვრობ, წვით და დაგვითა,
რა ბრძენი ვარ, რომ შეგიყვარე, მშვენებავ, შენა!
ვიქტორია კოლონას
(თარგმნა აკაკი გელოვანმა)
შენ, ვინც მიამებ მაშვრალს ბედის ნაღვლიან სამანს,
სიკვდილის პირას მისულ ამ გულს აჩერებ ჩემსას;
ათასთა შორის, ვინც ერთგულად გიყურებს, გესავს,
მაღალთა შინა მე რომ მარჩევ და მაძლევ სალამს, -
სულო დიადო! რომ განშორდი ჩემს თვალთა მზერას,
უახლოვდები ამ დაღლილ გულს ნუგეშისცემით,
გსურს დამიყუჩო ტკივილები, სალმობა ჩემი,
ძალუმი ვნებით ჩემს არსებას რომ წვავს და სერავს, -
წყალობისათვის გწერ მადლობას გულის ღელვითა.
შენს მეტი ასე, სახიერო, ხელს ვინ გამიწვდის,
რომ ვზივარ, ზრუნვით მიჯაჭვული, ვითა პყრობილი!
როგორ ამავსე! და რას იღებ ჩემი ხელიდან?
ამ უხეირო ნახატს ოდენ, შენ კი ამისთვის
მიძღვენი შენი სულის სახე კეთილშობილი.
ვიქტორია კოლონას
ქალია, მაგრამ მამაკაცი, და თვითონ ღმერთი
მეტყველებს მისი ბაგე-პირითა.
მესმის ეს სიტყვა გასაკვირი და
ის აღარა ვარ, რაც ვიყავი... მაოცებს ერთი:
თითქოს გამშორდა, ჩემი არსება,
სხვა სიმაღლეში ავიდა ისა,
სურს თანაგრძნობის განცდით შემებას,
ფუჭ სიამესთან გაქრა მსგავსება
და გავცდი საფრთხეს, აღმიტაცა ხატებამ მისმან,
ოდენ სიკვდილი შეატოვა ყველა მშვენებას.
ო, ქალბატონო, ინებე ღირსმან,
ცეცხლოვან ზღვათა, ლხინის ღვართა გზა მექცეს კარად,
აღარასოდეს არ დავბრუნდე ჩემს თავში კვალად!
ვიქტორია კოლონას გარდაცვალებაზე
სულაც არ მიკვირს, არის ცეცხლის წესი და რიგი,
რომ გარეთ ხანძრად გაჩენილმა შემოაღწიოს,
მეც მომედოს და შემოიჭრას გარედან შიგნით,
რათა დამდაგოს და თანდათან ფერფლად მაქციოს.
ისე მოავლო დამწვარ ადგილს შუქი თავისი,
რომ ელვარებით ცამინერგა გულში მხნეობა
და შევცქეროდი ცეცხლის თამაშს სავსე ხალისით,
იყო სიკვდილიც, ტანჯვაც ჩემთვის შვება, დღეობა.
მაგრამ მას შემდეგ, რაც ძალუმი ცეცხლი თაკარა,
ჩემი დამწველი, დაშრიტა და გაფანტა ზეცამ,
დავრჩი ნაცარში ღადარივით გამოხვეული
და სიყვარულმა შიგ სხვა შეშა თუ არ ჩაყარა,
ცინცხალ ნაპერწკალს ვეღარ დავყრი გულიდან მეცა,
დავინაცრები უსაშველოდ, ფერფლად ქცეული.