მსოფლიოს შვიდი საოცრება მსოფლიოს შვიდი საოცრება />


  15:17:16     18-02-2012

მსოფლიოს შვიდი საოცრება

a15247.jpg

ძვ. წ. 120 წელს ბერძენმა პოეტმა ანტიპატრე სიდონელმა აღწერა იმდროინდელი მსოფლიოს შვიდი ყველაზე გამორჩეული ნაგებობა. მათგან ბევრი უკვე აღარ იყო შემორჩენილი, მაგრამ მათ შესახებ არსებობდა სხვადასხვა გადმოცემა და ლეგენდა. ეს ნაგებობები ძირითადად თავმოყრილი იყო აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებათა სიამ ჩვენს დრომდე მოაღწია. მართალია, ამ დიდებული შენობებიდან მხოლოდ ეგვიპტის პირამიდებიღაა შემორჩენილი, მაგრამ ამ ძეგლების გარშემო დღემდე დიდი ინტერესია და არც მომავალი თაობები დარჩებიან მათ მიმართ გულგრილნი.

1. ეგვიპტის პირამიდები

საუკუნის წინ, ძვ.წ IV ათასწლეულში, ეგვიპტეს მართავდნენა მეოთხე დინასტიის უძველესი ფარაონები. მათ შესახებ ბევრი ცნობა არ შემონახულა. ამ ფარაონების დიდებასა და ძლევამოსილებას ადასტურებენ მათივე სამუდამო განსასვენებლები, რომლებიც კაცობრიობამ აღიარა მსოფლიოს ყველაზე დიდ და იდუმალ საოცრებად. ესენია გიზის ცნობილი პირამიდები. გაკვირვებას იწვევს არა მხოლოდ მათი ფორმა, ზომა და საინჟინრო ტექნიკა, არამედ ისიც, რომ პირამიდა ადამიანის მიერ შექმნილი ქვის პირველი ნაგებობაა. აღსანიშნავია ისიც, რომ გიზის პირამიდები ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთადერთია, რომელმაც თითქმის თავდაპირველი სახით მოაღწია ჩვენამდე.

პირველი პირამიდის აგება ფარაონ ჯოსერის სახელს უკავშირდება. მისი არქიტექტორი იმჰოტეპი ეგვიპტელებმა ღვთაებადაც კი შერაცხეს. ყველაზე დიდი პირამიდა ფარაონ ხუფუსთვის ააშენეს. ეს ფარაონი უფრო ხეოფსის სახელით არის ცნობილი. ეგვიპტელების რწმენით, ხეოფსის პირამიდა უნდა ყოფილიყო ყველა ადრინდელზე მაღალი და დიდი. მის ასაშენებლად დაახლოებით ასი ათასი მონა შრომობდა. პირველი ათი წელი მოსამზადებელ სამუშაოებს დასჭირდა – გაჰყავდათ გზა მშენებლობის ადგილისაკენ, თხრიდნენ მიწისქვეშა საიდუმლო გვირაბებს, ხოლო მდინარე ნილოსის აღმოსავლეთით, ქვის სამტეხლოებში, ათასობით მონა ლოდებს თლიდა და ნილოსის დასავლეთ ნაპირზე გადაჰქონდა. პირამიდა შენდებოდა ოცი წლის განმავლობაში.იგი ხეოფსის მმართველობის 31-ე წელს დასრულდა. დაახლოებით ორი მილიონ სამასი ათასი ქვის ლოდი, თითოეული 2,5 ტონამდე სიმძიმის, სპილენძის იარაღებით გახერხეს და მჭიდროდ მიაკრეს ერთმანეთს.

პირამიდის სიმაღლე 147 მეტრს აღწევს. გათლილი ქვის ფილები ისეა ერთმანეთთან მიდგმული, შიგ ნემსის გატარებაც ჭირს. პირამიდას შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს. ვიწრო დერეფანი შედის სამარხში, სადაც ფარაონის კუბო იდგა. იგი ჩვენამდე არ შემონახულა. გვერდითი დერეფანი დედოფლის აკლდამაში გადიოდა. ხეოფსის სიკვდილის შემდეგ მისი ცხედარი გაკვეთეს, ტვინი და შიგნეულობა ამოაცალეს, სხეული 70 დღე მარილიან წყალში შეინახეს, სურნელოვანი ფისი წაუსვეს და გამზადებული მუმია სუდარაში გაახვიეს.

2. ბაბილონის დაკიდული ბაღები

ძვ.წ. 604-562 წლებში ბაბილონს მართავდა დიდი მეფე ნაბუქოდონოსორ II. მისი სამეფო დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, მდინარე ევფრატის ნაპირებზე მდებარეობდა.

მეფემ იზრუნა, რათა ბაბილონი უმშვენიერესი და აყვავებული ქალაქი ყოფილიყო. გაოცებას იწვევდა ქალაქის შესასვლელი, რომელიც ქალღმერთ იშთარის კარიბჭედ მოიხსენიებოდა. კარიბჭის კოშკები მოპირკეთებული იყო სხვადასხვა ფერის მოჭიქული შორენკეცით. მუქ ლურჯ ფონზე გამოსახული იყო თეთრი და ყვითელი ხარების, დრაკონებისა თუ ოქროსფერფარფლიანი ლომების ფიგურები. იშთარის კარიბჭიდან იწყებოდა და მთელ ქალაქს კვეთდა პროცესიის ქუჩა, რომელსაც ამშვენებდა სამეფო სასახლე და მთავარი ტაძარი. სასახლის კედლის მიღმა მოჩანდა ე.წ. დაკიდული ბაღები. ტერასებად აგურდაგებულ თაღებზე ნოყიერი მიწა ეყარა. დარგული იყო აზიის სხვადასხვა კუთხიდან მოზიდული ხეები, ბუჩქები და ყვავილები. შორიდან ისე ჩანდა, თითქოს ბაღები ჰაერში ეკიდა. ბაღები ირწყვებოდა ევფრატის წყლით, რომელიც იქ საგანგებო წყალსაქაჩი ბორბლებითა და ტყავის ჭურჭლით აჰქონდათ.

ეს ბაღები ნაბუქოდონოსორის ბრძანებით ააგეს მისი უსაყვარლესი ცოლისთვის. ამიტისი მთიანი ქვეყნიდან, მიდიიდან იყო, ბაბილონის გაშლილ ვაკეზე აგებული დაკიდული ბაღები კი მას თავის სამშობლოს აგონებდა.

ბაბილონის დაკიდული ბაღების გაშენებას დღესაც შეცდომით მიაწერენ დედოფალ შამურატს, რომელიც ნაბუქოდონოსორამდე ორასი წლით ადრე განაგებდა ბაბილონს. მას ბერძნები სემირამიდას უწოდებდნენ. სწორედ ამ გარემოებამ გამოიწვია, რომ ნაბუქოდონოსორის მიერ შექმნილ ბაღებს ბევრი სემირამიდას ბაღებად მოიხსენიებს. ბაბილონის დაკიდებული ბაღებისაგან დღეს არაფერია დარჩენილი, მაგრამ, თუ როგორი იყო იგი, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ძველ ასურულ რელიეფზე გამოსახული ბაბილონური შენობა-ნაგებობების მიხედვით.

3. არტემიდას ტაძარი ეფესოში

ქალაქი ეფესო მცირე აზიაში, დღევანდელი თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.

ძვ.წ.VI საუკუნეში ეფესო ლიდიის სამეფოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი იყო. ლიდიის სამეფომ განსაკუთრებულ აღმავლობას მიაღწია უკანასკნელი მეფის კრესეს დროს. მან გადაწყვიტა, ნადირობის მფარველი ქალღვთაების სახელზე ტაძარი აეგო. ბერძნები ამ ღვთაებას არტემიდას უწოდებდნენ, ხოლო რომაელები-დიანას. ტაძარი დაახლოებით ძვ.წ. 560 წლისათვის აშენდა.

იგი აგებული იყო კირქვითა და მოპირკეთებული იყო მარმარილოთი. ტაძრის სახურავი და ფრონტონი ეყრდნობოდა 20 მეტრი სიმაღლის მარმარილოს 120 კოლონას. ტაძარი შემკული იყო ათასგვარი ორნამენტითა და სკულპტურით. ცენტრში იდგა არტემიდას ქანდაკება. არტემიდას ტაძარი კლასიკური ეპოქის ყველაზე დიდი ნაგებობა იყო.მისი სიგრძე 131, ხოლო სიგანე 79 მეტრს აღწევდა.

ტაძრის აგებიდან ორასი წლის შემდეგ, ძვ.წ. 356 წელს, იგი მთლიანად გაანადგურა ხანძარმა. ტაძარი დაწვა ვინმე ჰეროსტრატემ, რომელსაც სურდა, რომ ამ გზით თავისი სახელი სამუდამოდ დარჩენილიყო კაცობრიობის ისტორიაში. მოგვიანებით ალექსანდრე მაკედონელმა მოინახულა ეფესოს ტაძარი და მისი აღდგენა ბრძანა.

ამ ძეგლის რესტავრაციის შესახებ მოგვითხრობს ძველი ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი, რომელიც წერს, რომ ცეცხლისგან განადგურებული ტაძარი აღუდგენიათ და აღდგენილი ნაგებობა პირვანდელზე გაცილებით ლამაზი და წარმტაცი ყოფილა. თუმცა, არტემიდას ტაძარი მაინც ვერ გადაურჩა განადგურებას. III საუკუნეში იგი მომთაბარე გუთებმა ძირფესვიანად დაანგრიეს და გაძარცვეს. მრავალი წლის შემდეგ არქეოლოგებმა ეფესოში აღმოაჩინეს არტემიდას ტაძრის უმნიშვნელო ნაშთები, ამ დიდებული ნაგებობიდან მხოლოდ ერთი კოლონაღაა შემორჩენილი.

4. ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში

ოლიმპია ძველი საბერძნეთის მნიშვნელოვან რელიგიურ ცენტრს წარმოადგენს. სწორედ ამ ქალაქთან არის დაკავშირებული ძვ.წ. 776 წელს პირველი ოლიმპიური თამაშების ჩატარება, რომელიც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართებოდა და საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა. თამაშების დროს საომარი მოქმედებებიც კი იგრძალებოდა, რათა შეჯიბრების მონაწილეებს და მაყურებლებს ოლიმპიადაზე მოხვედრა შესძლებოდათ.

ძვ.წ.Vს-ში ბერძნებმა გადაწყვიტეს, ოლიმპიაში აღემართათ ღმერთების მეფის – ზევსის ქანდაკება. ამისათვის ჯერ უზარმაზარი ტაძარი ააგეს, ხოლო ქანდაკების შექმნის საპატიო საქმე დიდ მოქანდაკეს – ფიდიასს მიანდეს. ფიდიასმა ზევსის ქანდაკებაზე მუშაობა ძვ.წ 435 წელს დაასრულა. ზევსი იჯდა ოქროს ტახტზე. მისი ფიგურა გამოკვეთილი იყო ოქროსა და სპილოს ძვლისაგან. ზევსს თავზე ედგა ოქროს გვირგვინი, ხოლო ხელთ ეპყრა კვერთხი. ქანდაკების წინ იატაკი მოპირკეთებული იყო შავი მარმარილოთი. ზევსის ქანდაკება დაახლოებით 800 წლის მანძილზე აოცებდა მნახველს თავისი სიდიადით.

1 საუკუნეში რომის პატივმოყვარე იმპერატორმა კალიგულამ განიზრახა, ოლიმპიელი ზევსის ქანდაკების რომში გადატანა. ამ საქმის სისრულეში მოსაყვანად მუშებიც კი გაგზავნა ოლიმპიაში. მაგრამ, თანახმად ლეგენდისა, ქანდაკებას მასთან მისული რომაელები რომ დაუნახავს, ხარხარი დაუწყია, რასაც დამრთრგუნველი ზემოქმედება მოუხდენია რომაელ მუშებზე და ისინი უკანმოუხედავად გაქცეულან.

391 წელს რომის იმპერატორმა თეოდოსიუსმა ოლიმპიური თამაშები აკრძალა, რადგან მიაჩნდა, რომ სპორტული შეჯიბრებები ეწინაღმდეგებოდნენ ქრისტიანულ მორალს და კანონებს, თუმცა, ინტერესი ზევსის ქანდაკებისადმი მაინც დიდი იყო. V საუკუნეში იგი გადაიტანეს ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში, მაგრამ 462 წელს იმ სასახლეს, სადაც ქანდაკება იდგა, ხანძარი გაუჩნდა, რამაც ეს ხელთუქმნელი ძეგლი დაანგრია. დრამატულად წარიმართა ოლიმპიის ბედიც. VI საუკუნეში აქ მოხდა დიდი მიწისძვრა.

5. ჰალიკარნასის მავზოლეუმი

ჰალიკარნასი იყო კარიის მთავარი ქალაქი. კარია ძვ.წ.IV საუკუნეში სპარსეთის იმპერიაში შედიოდა. ამ დროს კარიას მართავდა მავსოლე. იგი დაქორწინდა საკუთარ დაზე, რომელსაც ერქვა არტემისია. მავსოლემ გადაწყვიტა თავისი და მეუღლის სამუდამო განსასვენებლად აეგო ისეთი აკლდამა, მანამდე რომ არ ღირსებია მოკვდავთაგან არც ერთ დიდებულს.

აკლდამის აგება მავსოლეს სიცოცხლეშივე დაიწყეს. კარიის მმართველმა მისი დასრულება ვერ მოასწრო. იგი დაახლოებით ძვ.წ. 350 წელს გარდაიცვალა. დაკრძალეს მის მიერვე აგებულ აკლდამაში, რომელსაც მავსოლეს პატივსაცემად მავზოლეუმი უწოდეს. მავზოლეუმი საბოლოო სახით არტემისიამ დაასრულა.

მავზოლეუმი წარმოადგენდა ბერძნული ტაძრის მსგავს ნაგებობას, რომელიც შემკული იყო მარმარილოს კოლონებითა და ქანდაკებებით. რელიეფური სამკაულები ტაძრისათვის შექმნეს იმდროინდელმა საუკეთესო სკულპტორებმა – სკოპამ, ლეოქარემ, ბრიქსისმა და ტიმოთეოსმა. ნაგებობების თავზე მდებარეობდა საფეხურებიანი პირამიდა, ხოლო მასზე აღმართული იყო მავსოლესა და არტემისიას სკულპტურები. მავზოლეუმს დარაჯობდა ქვის ლომების ქანდაკებების რიგი.

XIV საუკუნეში მავზოლეუმი მიწისძვრამ დაანგრია. XV საუკუნეში წმ.იოანეს ჯვაროსნული ორდენის რაინდები მავზოლეუმის ქვებს იყენებდნენ ციხესიმაგრეების ასაშენებლად. სამარხებსაც მიაგნეს. ოქროსა და განძეულობის მაძიებლებ სამარხები პირწმინდად გაძარცვეს და გაანადგურეს.

XIX ს-ის 50-იან წლებში არქეოლოგებმა მავზოლეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარეს გათხრები. მათ აღმოაჩინეს მავზოლეუმის ნაშთები, რელიეფებისა და ქანდაკებების ფრაგმენტები.

6. როდოსის კოლოსი

 

კუნძული როდოსი ეგეოსის ზღვაში მდებარეობს.

მრავალი საუკუნის განმავლობაში როდოსი დამოუკიდებლად არსებობდა, მაგრამ ძვ.წ.V საუკუნეში იგი დაიპყრო მასზე ძლიერმა ათენმა. ათენელების ბატონობა თითქმის ორმოცდაათ წელიწადს გაგრძელდა. ძვ.წ.IV საუკუნის დასაწყისში კუნძულის მცხოვრებლებმა შესძლეს როდოსის გათავისუფლება ბერძენთაგან. ეს გამარჯვება მათ დაუკავშირეს მზის ღმერთ ჰელიოსს და გადაწყვიტეს მადლიერების ნიშნად მისთვის მანამდე არნახული ძეგლი აეგოთ. გადაწყვიტეს და შეასრულეს კიდეც.

ძვ.წ. 280 წელს სკულპტორმა ქარეტმა დაასრულა ჰელიოსის ბრინჯაოს გიგანტური ქანდაკება. მისი სიმაღლე 35 მეტრს აღწევდა. გადმოცემით ქანდაკება ქალაქის სესასვლელში იდგა და ზღვას გადაჰყურებდა. სკულპტურა თავდაპირველი სახით დიდხანს არ შემორჩენილა. აგებიდან სამოცი წლის შემდეგ კუნძულზე მოხდა დიდი მიწისძვრა და ქანდაკება მიწაზე დაეცა. როდოსელმა წინასწარმეტყველმა ხალხს მისი აღდგენის ნება არ მისცა და კუნძულელები დაარწმუნა, რომ რაც მოხდა, თვით ჰელიოსის ნება იყო, ამიტომ ქანდაკება იქ უნდა დაეტოვებინათ, სადაც დაეცა.

ძეგლი ასეთ მდგომარეობაშიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველზე. დაახლოებით ცხრაასი წლის განმავლობაში უამრავი ხალხი ჩადიოდა როდოსში, რათა ღმერთის დაცემული ქანდაკება ეხილა. VII საუკუნეში როდოსი არაბებმა დაიპყრეს. მათ გადაწყვიტეს, ქანდაკებისათვის ბრინჯაოს ფირფიტები მოეხსნათ. გადმოგვცემენ, რომ კოლოსის ბრინჯაო დაახლოებით ცხრაასი აქლემით გაზიდეს.

როდოსის კოლოსისაგან აღარაფერი შემორჩა. მისი რეკონსტრუქცია მოხდა თანამედროვეთა და თვითმხილველთა აღწერილობის მიხედვით.

7. ალექსანდრიის შუქურა

ალექსანდრიის შუქურა ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ყველაზე გვიანი ხანის ძეგლია. იგი ააგეს ძვ.წ. III საუკუნეში ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიის მახლობლად, კუნძულ ფაროსზე.

ეს იყო მსოფლიოში პირველი შუქურა. პირამიდების შემდეგ, ძველ საოცრებათა შორის ალექსანდრიის შუქურამ ყველაზე მეტად გაუძლო დროს. ის თითქმის 1500 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა და სიბნელეში გზას უჩვენებდა ფაროსის უბისკენ მიმავალ ხომალდებს.

ქალაქი ალექსანდრია ალექსანდრე მაკედონელმა დააარსა. იგი იმთავითვე იქცა ხალხმრავალ ნავსადგურად, სადაც თავს იყრიდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ვაჭრები, ხელოსნები და მოგზაურები. გემების სეუფერხებელი მოძრაობისთვის გადაწყდა ხმელთაშუაზღვის ნაპირებთან შუქურას აგება. მის მშენებლობას თითქმის ოცი წელი დასჭირდა. შუქურამ დასრულებული სახე ძვ.წ. 280 წელს მიიღო, როდესაც ეგვიპტეს მართავდა პტოლემოს II. საინტერესოა, რომ ზუსტდ ამ დროს დასრულდა როდოსის კოლოსიც.

ალექსანდრიის, იგივე ფაროსის, შუქურა ნაგები იყო მარმარილოს ფილებით, სიმაღლე 150 მეტრს აღწევდა. შუქურა შედგებოდა მარმარილოს სამი კოშკისაგან. ქვედა, პირველი კოშკი, სწორკუთხა ნაგებობა იყო და მასში ის ხალხი ცხოვრობდა, ვინც შუქურას ემსახურებოდა. მის ზემოთ იდგა შედარებით პატარა, რვაკუთხოვანი კოშკი, საიდანაც სპირალური კიბეებით მესამე კოშკში ადიოდნენ. ზედა კოშკს ცილინდრის ფორმა ჰქონდა. მის თავზე მუდმივად ენთო ცეცხლი, რომელიც გზას უნათებდა ხომალდებს. შუქურას თავზე აღმართული იყო ზევსის ქანდაკება. გაშლილი ზღვიდან შესაძლებელი იყო შუქურას დანახვა 50 კმ-ის მანძილიდანაც კი.

დროთა განმავლობაში ალექსანდრიის უბე ზღვის მიერ მოტანილი სილით აივსო. XII საუკუნეში სილის რაოდენობამ ისე მოიმატა, რომ პორტში ხომალდების შესვლა შეუძლებელი გახდა. პორტი გაუქმდა, ხოლო შუქურა უმოქმედოდ დარჩა. XIV საუკუნეში იგი ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია. შუქურას ბრინჯაოს ფირფიტები მონეტებისა და სარკეების დასამზადებლად გამოიყენეს, ხოლო ქვებით სამხედრო ფორტი ააშენეს. ეს ნაგებობა დღემდე დგას ყოფილი შუქურას ადგილზე.

ბერძენი მწერალი ლუკიანე სამოსატელი გვატყობინებს, რომ არქიტექტორმა, რომელმაც შუქურა ააგო, თავისი სახელი აღბეჭდა ერთ-ერთ ქვაზე იმ იმედით, რომ დროთა განმავლობაში იგი გადმოვარდებოდა და გამოჩნდებოდა წარწერა: „სოსტრატე, დექსიფონეს ძე კნიდოსელი.“ თუმცა, იპოვა თუ არა ვინმემ ოსტატის წარწერა, არავინ უწყის.

წყარო

0

ავტორი: