17:18:00     17-02-2012
სასამართლომ, ქრთამის აღებაში ბრალდებულ პირს, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

ბოლო წლებში ჩატარებულმა არაერთმა გამოკითხვამ დაამტკიცა, რომ საქართველოში კორუფცია მკვეთრად შემცირდა. უკანასკნელი სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, რომელიც ,,საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ’’ გამოაქვეყნა, „კორუფციის აღქმის ინდექსი“ აჩვენებს, რომ კორუფციის აღქმის დონე საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანაში, როგორიცაა სლოვაკეთი, იტალია, საბერძნეთი, რუმინეთი და ბულგარეთი. ეს მაჩვენებელი კი სამართალდამცავი სტრუქტურების აქტიური მუშაობის შედეგია. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ქრთამის აღებაში ბრალდებულ პირს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2011 წლის 17 თებერვალს, ჯამბულ გ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო-მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებულ არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობის სამსახურის მთავარ სპეციალისტ-არქიტექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, შესაბამისად ის ითვლებოდა საჯარო მოხელედ. მას ევალებოდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობა, არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა აღკვეთა და მშენებლობის ნებართვის თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების შემუშავება.
2011 წლის 3 მარტს ქ. მარტვილში, ჯამბულ გ.-მ საქართველოს მოქალაქე რევაზ ა.-ს, რომელსაც სურდა ქ. მარტვილში დაქირავებული კომერციული ფართის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება, ქრთამის სახით მოსთხოვა 500 ლარის გადახდა. აღნიშნულის სანაცვლოდ იგი რევაზ ა.-ს შეპირდა, რომ ყოველმხრივ დაეხმარებოდა მშენებლობის ნებართვის მიღებაში და ხსენებული ნებართვის აღებამდე ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისათვის ჯარიმას არ დააკისრებდა. იმავე დღეს, რევაზ ა.-მ ჯამბულ გ.-ს ქრთამის სახით ჯერ - 100 ლარი გადასცა, ხოლო 2011 წლის 10 მარტს დარჩენილი 400 ლარიც გადაუხადა, რომელიც მარტვილში, თავისუფლების ქუჩაზე საკუთარ მანქანაში გადასცა.
ღია სასამართლო სხდომაზე, საქმის არსებითად განხილვისას, ჯამბულ გ.-მ სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული. გარდა აღიარებითი ჩვენებისა, მის მიმართ წარდგენილი ბრალი დადასტურებულ იქნა: დაზარალებულის დაკითხვის ოქმით, ფულადი ნიშნების დათვალიერებისა და გადაცემის ოქმით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ამსახველი აუდიოგრამებით, ვიდეოგრამით და მათი სტენოგრაფირების ამსახველი მასალებითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ვინაიდან ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მასთან მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. სასამართლომ ბრალდებულ ჯამბულ გ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 4 წელს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდის, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
0