07:40:47     17-02-2012
უიტნი ჰიუსტონს, არეტა ფრანკლინი და სტივი უანდერი სიმღერით გააცილებენ...
შაბათს, უიტნი ჰიუსტონს, უკანასკნელ გზაზე, სოულის ცნობილი ამერიკელი შემსრულებლები, არეტა ფრანკლინი და სტივი უანდერი სიმღერით გააცილებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშეითედ პრესი“ ავრცელებს. არეტა ფრანკლინი, რომელიც უიტნის ნათლია იყო, მომღერალს ძალიან უყვარდა და მას „დეიდა რიდ“ მოიხსენიებდა...
როგორც ირკვევა, უიტნის ახლობლებმა, დასაფლავებაზე დასასწრებად, მოწვევა მომღერლის ყოფილ ქმარს, ბობი ბრაუნს მაინც გაუგზავნეს. შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ გავრცელებული ცნობის მიხედვით, უიტნის მეგობრები და ნათესავები ბრაუნის მიპატიჟებას არ აპირებდნენ, რამაც ამ უკანასკნელის პროტესტი გამოიწვია. სამგლოვიარო ცერემონიას, ასევე, დაესწრებიან ტელეწამყვანი ოპრა უინფრი და მსახიობი კევინ კოსტნერი.
ოჯახის წევრების გადაწყვეტილებით, გამოსამშვიდობებელი ცერემონია უიტნის მშობლიურ ნიუ-ჯერსიში, New Hope-ის ეკლესიაში შედგება და ის მაქსიმალურად დახურული იქნება. მომღერლის ახლობლები ცერემონიაზე ჟურნალისტების და გადამღები ჯგუფების დასწრების კატეგორიული წინააღმდეგი არიან. ამჟამად, დამკრძალავ ბიუროში, სადაც უიტნის ცხედარი იმყოფება, შესვლა მხოლოდ სპეციალური ნებართვითაა შესაძლებელი.
უიტნი ჰიუსტონის 18 წლის ქალიშვილი, კრისტინა, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ, ნერვული შეტევით რამდენჯერმე მოხვდა საავადმყოფოში, სამგლოვიარო ცერემონიალზე, პირველად შეძლებს დედის ცხედრის ნახვას. დაკრძალვის დროს, ჟურნალისტებისა და მომღერლის ფანებისათვის, ეკლესიაში შესვლა აკრძალული იქნება. პოლიცია ირგვლივ მდებარე ექვსი კვარტლის გადაკეტვას აპირებს.
როგორც ცნობილია, 48 წლის უიტნი ჰიუსტონი ბევერლი-ჰილზზე, სასტუმრო Beverly Hilton - ის ნომერში გარდაიცვალა. მომღერალი გინესის რეკორდების წიგნშია შესული, როგორც შემსრულებელი და მსახიობი, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ჯილდოები აქვს მიღებული. უიტნი ჰიუსტონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 11 წლის ასაკში დაიწყო. მას მიღებული აქვს 6 „გრემი“, 15 - Billboard Music Awards, 21 - American Music Awards, 2 - Emmy და სხვა ჯილდოები და პრემიები.
0