05:25:32     17-02-2012
რუსეთი მეზობლებსა და ნატო-ს ბირთვული იარაღით დაემუქრა
რუსეთი თავისი საზღვრების ბირთვული იარაღით დასაცავად ემზადება. ამის შესახებ გენშტაბის ხელმძღვანელმა, არმიის გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა განაცხადა. მაკაროვის თქმით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სრული უფლება აქვთ გამოიყენონ ბირთვული იარაღი, თუკი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება.
„რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ ვიომოთ მთელი ნატო-ს წინააღმდეგ, ჩვენ ასეთი მიზნები და ამოცანები არ გვაქვს. მაგრამ ჩვენ გარკვევით გვიწერია დოქტრინაში, როდის გვაქვს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება. თუ დადგება საფრთხე რუსეთის ტერიტორიული მთლიანობისა, შეგვიძლია ამ იარაღის გამოყენება და ასეთ შემთხვევაში, გამოვიყენებთ კიდეც,“ - დაიმუქრა მაკაროვმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ტერიტორიული მთლიანობის რღვევის რა საფრთხე ემუქრება რუსეთს, რომელსაც თავად აქვს ოკუპირებული სხვა სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიები და მოსკოვს მათთან, აქვს პრეტენზიები, მაგალითად, ასეთი:
მაკაროვის თქმით, რუსეთი მეზობლობს რიგ „არასტაბილურ“ ქვეყნებთან, რომლებთანაც კონფლიქტის შემთხვევაში ბირთვული იარაღის გამოყენება არ არის საჭირო. „საჭიროა მხოლოდ მომზადება, ძლიერი, მობილური შეიარაღებული ძალები, რომლებიც შეძლებენ გადაჭრან ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას. და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის,“ - განაცხადა მაკაროვმა. მას არც ის სახელმწიფოები დაუკონკრეტებია, რომლებსაც გულისხმობდა და სადაც მოსკოვი, მომავალში კონფლიქტების აღმოცენებასა და მის ჩახშობას გეგმავს.
გენერლის თქმით, ბირთვული ძალები სტრატეგიული სტაბილურობის საფუძველია და ამიტომ „ძალიან სერიოზული სამუშაოები ტარდება ჩვენი ბირთვული პოტენციალის მოდერნიზაციისათვის“.
კერძოდ, ყიდულობენ ახალი კლასის წყალქვეშა ნავებს - როგორც მრავალმიზნიანს, ისე სტრატეგიულს. თავდაცვის სამინისტრო სტრატეგიული ავიაციის განახლებასაც აპირებს. შეირაღებაში შედის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების სისტემები - ბალისტიკური რაკეტები „Ярс“.
მაკაროვი ირწმუნება, რომ რუსეთს აქვს საშუალება, უპასუხოს შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების გემების შავ ზღვაში შესვლასაც. „ეს უკვე ხშირად ხდება და თანაც, ამ გემებზე ანტისარაკეტო სისტემის ელემენტი „Aegis“-ია განთავსებული. ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს საპასუხო ზომები, მაგრამ არ გვინდა ამაზე წავიდეთ, რადგან ეს დამატებით ფინანსურ დანახარჯებს საჭიროებს,“ - აცხადებს რუსი გენერალი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პენტაგონის მიერ რუმინეთში, პოლონეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ანტირაკეტების განთავსება რუსეთის უსაფრთხოებას დაემუქრება.
დიმიტრი მედვედევმა რუსეთის ახალ სამხედრო დოქტრინას ხელი 2010 წელს მოაწერა. მასში აღნიშნულია, რომ რუსეთისათვის მთავარი სამხედრო საფრთხე არის ნატო-ს გავლენის გლობალიზაცია და ალიანსის რუსეთის საზღვრებთან მიახლოება. ასევე, სარაკეტო-ბირთვული ბალანსის დარღვევა, მათ შორის ანტისარაკეტო სისტემების განთავსება… და რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე მოსალოდნელი შეიარაღებული კონფლიქტები.
ექსპერტები აცხადებენ, რომ დაუძლურებული რუსეთის არმიის ფონზე, მოსკოვს ბირთვული იარაღის „ჟღარუნის“ გარდა სხვა გზა აღარ აქვს. მოსკოვისთვის გასაგებია, რომ დასავლეთიდან შესაძლო აგრესიას ის მხოლოდ ბირთვული იარაღის გამოყენებით გაუმკლავდება, რადგან თავისი შეიარაღებული ძალებით ამას ვერ მოახერხებს. ამიტომაც მასობრივი განადგურების იარაღით მუქარა დოქტრინაშიც ასახულია.
ბირთვული იარაღი შეიძლება გამოყენებულ იქნას საპასუხოდ, თუკი რუსეთს ან მის მოკავშირეებს ასეთივე, ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღით დაემქრებიან, ასევე რუსეთის წინააღმდეგ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენების შემთხვევაშიც, თუკი სახელმწიფოს არსებობას დაემუქრება საფრთხე.
თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთი, პრინციპში, პირველი ე.წ. პრევენციული დარტყმის უფლებას იტოვებს განურჩევლად იმისა, ექნება თუ არა მის მოწინააღმდეგეს ბირთვული იარაღი.
0