21:04:39     15-02-2012
ივანიშვილმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოიხსენია

ბიძინა ივანიშვილი: გურამ ოდიშარია მონაწილეობს აფხაზეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებში...
ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას უყვართ, როცა ყველაფერს მიკროსკოპით აკვირდებიან და მერე ამ დაკვირვების შედეგებს ასენსაციურებენ... იმას კი, რაც საკუთარი პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრების წარდგენის დროს ქართველმა მილიარდერმა თქვა, არც მიკროსკოპი სჭირდება და არც ზედმეტი კომენტარი: მისი ფრაზა, რომლითაც მან საზოგადოებას გურამ ოდიშარია წარუდგინა, ნათლად მეტყველებს, რომ ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ აღიქვამს...
ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად ის ფრაზა თქვა, რომელსაც ხშირად იმეორებენ ვლადიმირ პუტინი, დიმიტრი მედვედევი, ოდიოზური რუსი პოლიტიკოსები და რომელიც არამც და არამც არ ეპატიება არათუ ქართველ პოლიტიკოსს (მით უმეტეს მას, ვინც თავს პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსად გვაჩვენებს), არამედ პოლიტიკისგან შორს მდგარ რიგით მოქალაქესაც კი. ბიძინა ივანიშვილის ფრაზაში „აფხაზეთი“ და „საქართველო“ ცალ–ცალკე ფიგურირებს...
ციტატა:„გურამ ოდიშარია – ცნობილი სოხუმელი მწერალი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს აფხაზეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებში“.
სტატიას თან ერთვის გურამ ოდიშარიას წარდგენის ვიდეომონაკვეთი.
„პრესა.ჯი“ დაუკავშირდა აფხაზეთიდან დევნილ რამდენიმე პიროვნებას და სთხოვა შეეფასებინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება...
კონსტანტინე გუჩუა (სოხუმიდან დევნილი): თავიდან არ დავიჯერე, ვიფიქრე ამხელა კაცია და ასეთ გაუგონარ რამეს როგორ იტყოდა-მეთქი, მაგრამ როცა ვიდეო ვნახე, რავიცი, რა გითხრათ, გაოცებული ვარ. ეს კაცი იგივეს ამბობს, რასაც ლავროვი და აფხაზი სეპარატისტები...
ნათელა ნაკანი (დევნილი აფხაზეთიდან): არ ვიცი შვილო რა ვთქვა. რა მაქვს სათქმელი? თუ ახლა ეს ადამიანი აფხაზეთს დამოუკიდებლად აცხადებს და ამბობს საქართველო-აფხაზეთის მოლაპარაკებაო, კარგად ყოფილა ჩვენი და მისი საქმეც. თუ ეს მართლა ასეა, შვილო, ეგ „ქართული ოცნების“ კი არა, კრემლის ოცნების ლიდერი ყოფილა.
გურამ ფოჩხუა (აფხაზეთიდან დევნილი): საიდან ამტკიცებთ რომ მართლა ასე თქვა? მე არ მინახავს!
- ვიდეოს გაჩვენებთ...
- (ვიდეოს ნახვის შემდეგ) იქნებ წამოცდა, ჯერ არაა გათვიცნობიერებული პოლიტიკაში. ვერ ისწავლა ამ კაცმა ლაპარაკი, მაგრამ აქ მეორე საკითხიცაა: შე დალოცვილო, თუ გათვიცნობიერებული არ ხარ და ვერ ერკვევი ამ პოლიტიკაში, დაეტიე იქ, სადაც ხარ.
- თვლით, რომ არ უნდა წამოცდეს მსგავსი რამ პოლიტიკოსს?
- კი, ასე ვთვლი, როცა ასეთ რაღაცას იტყვი უნდა გამოხვიდე და ბოდიში მოიხადო, ან დაიხურო ქუდი და წახვიდე. აფხაზეთი საქართველოა, საქართველო კი - აფხაზეთი და ეს ასე იქნება მუდამ.
0