13:19:25     15-02-2012
ეკატერინა ხვედელიძის ახალ პარტნიორ – გუბაზ სანიკიძის აზრით, ქალის ადგილი სამზარეულოშია

როგორც იქნა ,,ფორუმის’’ ერთ–ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ ივანიშვილის გარემოცვაში თავი შერგო. ეს პროცესი მისთვის იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა, რომ ივანიშვილისტად ოფიციალურად გაფორმებისთანავე კვნესა აღმოხდა: ,,რესპუბლიკური პარტია’’ ბიძინას კარზე დომინანტი ძალა არ არისო. თორემ ამ გუნდში ხომ ვერ შემოვაღწევდიო, იგულისხმა ალბათ.
დიდი ხანი არ არის გასული, რაც სანიკიძემ ქართველ ხალხს, რომლებმაც ქუჩის აქციებში მონაწილეობა არ მიიღეს, ნახირი ეძახა, მერე კი განმარტა: ხალხის ნაწილს, ნახირი კი არა, საქონელი ვუწოდე, საქონელი ნახირზე უარესია, მე ვთქვი, რომ ის ადამიანები, ვინც ნახევარ კილო ფქვილზე და შაქარზე ყიდის ქვეყანას, საქონელია–მეთქი. საინტერესოა, სანიკიძის აზრით ახლა რა ჰქვია იმ ხალხს, ვინც ქუჩის აქციებზე, ბიძინას გადაწყვეტილების გამო ამბობს უარს და ნახევარ კილო ფქვილსა და შაქარზე ბევრად ძვირად იცვლის არჩეულ კურსს?
შეფის ბრძანებამდე, ქუჩის აქციების იდეის დათრგუნვის გარდა, გუბაზ სანიკიძეს სხვა ბევრი მსხვერპლის გაღებაც მოუწევს ივანიშვილის კარზე. ივანიშვილი პარტნიორებისგან, რომლებშიც ფულს იხდის, მონურ მორჩილებას ითხოვს. სანიკიძეს კი, რომელიც თავად აღიარებდა, რომ ოპოზიციური გაერთიანების საბჭოს სხდომებზე ფორუმმა თავისი იდეის გატანა ვერ მოახერხა, კიდევ უფრო მცირე შანსი აქვს ოლიგარქს თავისი აზრი მოახვიოს თავს. მოკლედ, რასაც ფულით ვერ იყიდი იმის დიდი ფულით ყიდვა რომ შეიძლება ქართული პოლიტიკაში არაერთხელ დადასტურდა. ამის გამო ადამიანებს არამარტო პოლიტიკური შეხედულებების შეცვლა უწევთ.
გუბაზ სანიკიძე, რომელიც ერთ–ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ ცოლები სახლში უნდა ისხდნენ და სამზარეულოში ტრიალებდნენ, ალბათ მოთმინებით აიტანს ივანიშვილის სამზარეულოში მოფუთფუთე თინა ხიდაშელის განკარგულებებს და არც იმას შეიმჩნევს მისმა ახალმა შეფმა სამზარეულოდან ცოლი სახელდახელოდ რომ გამოიყვანა პოლიტიკაში. თუმცა, ივანიშვილის რა გითხრათ, მაგრამ დავით უსუფაშვილივით ცოლის გავლენის ნაკლებობას თურმე არც სანიკიძე უჩივის.
ჟურნალ ,,სარკისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ მთელ ,,საქალეთში’’ ყველაზე კარგი ქალი მისი ცოლია. ,,ნებისმიერ საქმეს მასთან ერთად განვიხილავ და უმეტესწილად მე უფრო ვითვალისწინებ მის მოსაზრებას, ვიდრე ის - ჩემსასო’’. ჟურნალისტის კითხვაზე: თქვენი აზრით, ქალი სახლში უნდა იყოს და შვილები გაზარდოს, მამაკაცი კი შემომტანი იყოს? სანიკიძე პასუხობს: ,,რა თქმა უნდა, ასე მიმაჩნია. ერთ რამეზე შევთანხმდეთ, ე.წ. ფსევდოლიბერალებს ჰგონიათ, რომ ეს ჩამორჩენილობაა. დავანებოთ თავი საქართველოს და იაპონიაში გადავიდეთ - როგორი მაღალგანვითარებული ქვეყანაა. იქ ქალი სახლში ზის და ბავშვებს ზრდის. ოჯახს მამაკაცი ინახავს და დღე და ღამე გასწორებული აქვს. არა მგონია, იაპონელები ჩამორჩენილები და რქიანები იყვნენ. ძალიან კარგია, თუ ქალს საშუალება აქვს, თავისი საქმე ჰქონდეს, მაგრამ საქმე ოჯახზე მნიშვნელოვანი ვერ იქნება.’’
სანიკიძეს მოთმინების უნარი აქვს და უღირს კიდეც ალბათ ივანიშვილის კარზე ყოფნისთვის საკუთარ შეხედულებებზე უარი თქვას სანამ გაუძლებს, როცა მოთმინების რესურსი ამოიწურება კი ალბათ ისევე მოიქცევა, როგორც 2009 წელს: ფიცი არავისთვის მიმიციაო იტყვის და აქუბარდიას ტელევიზიაში გააგრძელებს პოლიტიკურ აქტივობას. ხალხს კი, ვინც გუბაზისეულად არ ფიქრობს, საქონლებს უძახებს. 2009 წელს გაზეთ ,,ვერსიისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვაზე: ,,ყველაზე მეტად ის ხალხია მოტყუებული, რომელიც ოპოზიციის აქციებზე 50 დღეა დადის, ამ ეტაპზე ვეღარ "გაუგეს" ლიდერებს და აგრესიაც წამოვიდა მათგან? სანიკიძე პასუხობს: სხვათაშორის, სერიოზული გინება მიდიოდა ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციისაც. ვიღაც-ვიღაცები ორი დღეა ჩვენს შესახებ სერიოზულ ჭორებს ავრცელებენ, მათ შორის გინებებსაც... და არა მარტო ხელისუფლება, გარწმუნებთ! ხალხის რაოდენობის შემცირებაც მოსალოდნელი იყო, რადგან ჩვენ კონკრეტული გეგმა ვერ დავანახეთ. სულ ვამბობდით, გეგმა გვაქვსო, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ გეგმა მარტო ფორუმს აქვს და ისიც საბჭოს სხდომებზე ვერანაირად ვერ გავიტანეთ. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ ცალკე. რეგიონებში აუცილებელია საპროტესტო მუხტის აწევა, რა არის ამაში გაუგებარი და რატომაა ეს ღალატი, ამიხსნას ვინმემ!
– რა იყო, ბატონო გუბაზ, კოლეგებმა უკვე გამოგაცხადეს მოღალატეებად, რაღაც ჯერ არ მსმენია...
– ვინც შემრაცხა, ხოო.... არა, დადის უკვე რაღაც ხმები. რაღაც "ესემესებიც" იგზავნება ხოლმე, ფორუმმა გვიღალატაო, რას და ვის ვუღალატე, ერთი ამიხსნას ვინმემ. მაინტერესებს, ვისზე მაქვს ფიცი მიცემული?’’
ასე, რომ ფიცის გარეშე, ივანიშვილის შუშის სასახლეში ძლივს შეკვეტებულ გუბაზ სანიკიძეს მოუწევს ,,საქალეთში’’ ყველაზე უკეთეს ქალად – ეკატერინა ხვედელიძე, ქალის მთავარ საქმედ კი სამზარეულოს ნაცვლად პოლიტიკაში გამომზეურება აღიაროს და მის მიერ ,,ნახირად თუ საქონლებად’’ შერაცხულ ხალხს გუნდრუკი უკმიოს, სანამ ბიძინა ფულს იხდის.
0