ლესინგი - „XVIII საუკუნის ესთეტიკური აზროვნების მწვერვალი“. ლესინგი - „XVIII საუკუნის ესთეტიკური აზროვნების მწვერვალი“. />


  12:32:34     15-02-2012

ლესინგი - „XVIII საუკუნის ესთეტიკური აზროვნების მწვერვალი“.

a15128.jpg

1781 წლის 15 თებერვალს, ბრაუნშვაიგში, გერმანიაში გარდაიცვალა დიდი გემანელი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ხელოვნების თეორეტიკოსი,  განმანათლებელი, გერმანული კლასიკური ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი (Gotthold Ephraim Lessing).

ლესინგი დაიბადა 1729 წლის 22 იანვარს, საქსონიაში, კამენცში, ლუთერანი პასტორის მრავალშვილიან ოჯახში. 1746-1748 წლებში ლაიფციგის უნივერსიტეტში შეისწავლიდა ფიზიკას, მათემატიკას, ღვთისმეტყველებასა. იყო კარგი მოფარიკავე, მხედარი და მოცეკვავე. შემდეგ ვიტენბერგის უნივერსიტეში სწავლობდა სამედიცინო ფაკულტეტზე. საბოლოოდ მიიღო თავისუფალი მეცნიერებების მაგისტრის წოდება.

მუშაობდა გაზეთის მიმომხილველად. ბერლინში მოღვაწეობდა სამეფო ჩინოვნიკად. შვიდწლიანი ომის დროს (1756-1763 წწ.) სილეზიის გუბერნატორის მდივნად მუშაობდა. 1767-1769 იყო ჰამბურგის ეროვნული თეატრის, პირველი გერმანული სტაციონალური თეატრის, მრჩეველი და რეცენზენტი.  თეატრის დახურვის შემდეგ, 1770-იდან სიკვდილამდე მუშაობდა ბრაუნშვაიგის ჰერცოგის ბიბლიოთეკაში ვოლფენბიუტელში.

ლესინგი იყო მასონი. 1771 წელს მიიღო ხელდასხმა მასონურ ლოჟაში, ჰამბურგში - „სამი ოქროს ვარდი“. 1778-1780 წლებში აკრიტიკებდა გერმანულ მასონურ ლოჟებს, რომლებიც ფანტასტიკურ იდეებზე საუბრობდნენ. მისი აზრით მასონები თავისუფალი ეზოტერული ცოდნისკენ უნდა ყოფილიყვნენ მოწოდებულნი.

ლესინგი გახლდათ აბსოლუტიზმის წინააღმდეგე და უბრალო ადამიანების ინტერესების დამცველი.

მისი შენაგანი ბუნება და მისწრაფებანი მის პირველსავე პიესებში გამოჩნდა - „ახალგაზრდა მეცნიერი" (1747-1748), „ქალთა მოძულე" (1748), „შინაბერა" (1748), „ებრაელები" (1749), „თავისუფლად მოაზროვნე" (1749) და სხვ., აგრეთვე იგავ-არაკებში, ლექსებში, ეპიგრამებსა და პუბლიცისტურ გამოსვლებში.

მისი „ებრაელებმა“ და „ნათან ბრძენმა“ მნიშვნელოვნად შეცვალა საზოგადოების დამოკიდებულება ებრაელებისადმი. ლესინგმა სცადა გაეგებინებინა ბევრისათვის, რომ ანტისემიტიზმი არაა ობიექტური მოვლენა...

ლესინგის შემოქმედება ძალიან ფართოა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ მისი იგავებ-არაკები, დრამატურგია, ესთეტიკა და ლიტერატურის თეორია. ლესინგის ტრაქტატს „ლაოკოონი ანუ პოეზიასა და მხატვრობას შორის არსებული საზღვრების შესახებ“ უწოდეს „XVIII საუკუნის ესთეტიკური აზროვნების უდიდესი მწვერვალი“. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი 104 წერილი - „ჰამბურგული დრამატურგიაც“...
 
ლესინგი პოპულარული იყო საქართველოში უკვე XIX  საუკუნეში. იმ დროს ქართულ ენაზე ითარგმნა "ემილია და გალოტი" და "ნათან ბრძენი". ლესინგის ნააზრევი და იდეები, მისი სწრაფვა ადამიანების თავისუფლებისადმი, თანასწორობისადმი, რელიგიური შემწყნარებლობისადმი მოსწონდათ ქართველებს. მისი ლიტერატურული და დრამატული შემოქმედებით აღფრთოვანებულნი იყვნენ. ილია ჭავჭავაზე ლესინგს უწოდებდა "სახელოვან გერმანელ კრიტიკოსს", "მთელს ქვეყანაში სახელგანთქმულ გერმანელს", ხოლო მის "ლაოკოონს" - "სახელოვან თხზულებას". გიორგი წერეთელს ეს შრომა ლიტერატურის სფეროში ღირებულებათა საზომად მიაჩნდა. ლესინგის ცხოვრებასა და მოღვაწეობას საკმაოდ დიდი შრომა უძღვნა ხომლელმა(რომანოზ ფანცხავამ) ჟურნალ "აკაკის თვიურ კრებულში" (1899, № 3-5) სათაურით "გოტგოლდ ლესინგი". ლესინგის არა ერთი პიესა დაიდგა ქართულ თეატრში. გამოცემულია მისი პიესების ერთტომეული.

წინასწარმეტყველება

(თარგმნა -  ლევან ბრეგაძემ)

მკითხავს უთქვამს პეტრესთვის: „შენ შესახებ შევიტყვე,
აღსასრული მოგელის, მოკლე არი შენი დღე“.
ამიტომაც გალოთდა, დუქანში ზის ახლა სულ...
მართლა მალე ვიხილავთ ალბათ მაგის აღსასრულს..

თურქები

(თარგმნა -  ლევან ბრეგაძემ)

მშვენიერი ქალები ჰყავთ თურქებს,
თან ადათიც დიდებული – თურმე
ოთხს შეირთავ, მოისურვებ თუკი,
ახ ნეტავი რად არა ვარ თურქი!

ვიქნებოდი სიყვარულის მონა,
რა სჯობია თურქის ტურფა ასულს!
მაგრამ... თურქი ღვინოს არ სვამს, მგონი...
არა, არა! მე თურქობა არ მსურს!.

ვინ მთვრალი და ვინ ფხიზელი

(თარგმნა -  ლევან ბრეგაძემ)

ჩემო ძვირფასო, მე როგორც ვამჩნევ,
ახლა აქ მთვრალი მხოლოდ შენა ხარ,
რადგანაც გინდა ფხიზელი დარჩე
სუფრაზე, სადაც ფხიზელს ვერ ნახავ..

მეომარი მგელი 

(იგავ-არაკი. თარგმნა ზაზა მჭედლიშვილმა)

- ჩემი მამა, დაე უკუნისამდე იდიდოს მისმა სახელმა, ნამდვილი გმირი იყო! – უთხრა მგლის ლეკვმა მელიას. – შიშის ზარს სცემდა მთელ მხარეს! მან ზედიზედ მოიპოვა ორასზე მეტი გამარჯვება თავის მტერზე და აჩრდილთა სამეფოში გააგზავნა მათი ბნელი სულები. არც არის გასაკვირი, რომ ბოლოს მაინც აჯობა ერთადერთმა მტერმა.
 
- ზუსტად ასე თქვა ორატორმა მის დაკრძალვაზე, -გაიფიქრა მელამ, ხოლო უცხვირპირო ისტორიკოსი დაუმატებდა:

- "ის ორასი მტერი, რომელზედაც მგელმა გამარჯვება მოიპოვა, ცხვრები და ვირები იყვნენ, მისი მძლეველი კი ხარი იყო, რომელმაც გაბედა და თავს დაესხა".

0

ავტორი: