აკაკი ბობოხიძე: ივანიშვილის მიზიდულობის ძალა მხოლოდ ფულია. . . აკაკი ბობოხიძე: ივანიშვილის მიზიდულობის ძალა მხოლოდ ფულია. . . />


  11:28:01     15-02-2012

აკაკი ბობოხიძე: ივანიშვილის მიზიდულობის ძალა მხოლოდ ფულია. . .

a15125.jpg

ბოლო პერიოდში, რატომ გააქტიურდნენ პრორუსული ძალები? საქართველოში, არსებობს თუ არა ამერიკის მიერ განთავსებული ბაქტეოროლოგიური იარაღის ლაბორატორიები? რამ გამოიწვია ბიძინა ივანიშვილის გეგმების ცვლილება? ოპოზიციის ქმედებები, რომელ ანეკდოტს შეესაბამება? – „პრესა.ჯი“ მმართველი გუნდის წევრს, დეპუტატ აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა:

 - ალექსანდრე ებრალიძის თანამოაზრე, ვლადიმერ ხომერიკი, მოსკოვს მოუწოდებს საქართველოში შემოვიდეს და ისევე დაიპყროს ის, როგორც აფხაზეთი და ცხინვალი. რატომ გააქტიურდნენ პრორუსული ძალები?

- სამწუხაროდ, რუსეთს დღეს აქტიურობისთვის ყველაზე კარგი მდგომარეობა აქვს, იმიტომ, რომ ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული მოკავშირე, დასავლეთ ევროპა კრიზისშია. სანამ, ევროპა კრიზისშია, მოსკოვი სარგებელის ნახვას ცდილობს. მიმდინარე წელი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან წელს, საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რაც ბევრი რამის განმსაზღვრელი იქნება. ამას გარდა, გადამწყვეტია, საქართველოში თუ რა ტიპის არჩევნები ჩატარდება და ვინ გაიმარჯვებს. სწორედ, ამიტომ, არიან პრორუსული ძალები გააქტიურებულები და ამ  ძალების აქტიურობა, წელს პიკს მიაღწევს.

- ხომერიკი, რუსეთის მმართველების მსგავსად, საქართველოს ბრალს ტერორიზმისა და ნარკოტრეფიკში სდებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში, აშშ-ის მიერ განთავსებული ბაქტეოროლოგიური იარაღის ლაბორატორიებია. . .

- საქართველოში, მსგავსი ლაბორატორია არ არსებობს. არა იმიტომ, რომ ეს ჩვენ არ გვსურს, არამედ იმიტომ, რომ ამერიკა ბიოლოგიურ იარაღზე მომუშავე ლაბორატორიას, აშშ-ს საზღვრის გარეთ, არ გაიტანს. ამდაგვარ სისულელეს, ქართველი იტყვის თუ რუსი პოლიტიკოსი, არ მგონია, რომ ეს ჩვენთვის საზიანო იქნება, რადგან საბოლოო ჯამში, ცნობილი იგავ-არაკის „მგელი მოდის” შედეგი განმეორდება. მოსკოვის მხრიდან, ამ ზღვარ გადასული სიცრუის შემდეგ, ყველა მიხვდება, რომ რუსეთის ბრალდებები უსაფუძვლოა.

- რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს. ოლიგარქი პოლიტიკური პროცესების წარმართვას აქციების გარეშე გეგმავდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ის ქუჩაში გამოვა. რამ განაპირობა მისი პოლიტიკური კურსის ცვლილება?

- პოლიტიკური კურსი ივანიშვილს არასოდეს ჰქონია, მისი აზროვნება და ტექნოლოგიების ცოდნა, ძალიან მწირია და შესაბამისად, არ იქნება გასაკვირი, რომ ოპოზიციის მსგავსად, ივანიშვილმაც აქციებს მიმართოს.  წინასწარ ვიცი, რომ ოპოზიცია, ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევნებს გაყალბებულად გამოაცხადებს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს და ამაში, საერთაშორისო თანამეგობრობა დარწმუნდეს. სამწუხაროა, რომ ქართული ოპოზიციის ერთ ნაწილს, არჩევნების შედეგების გაპროტესტება, უკვე ჩვევად ექცა. რაც შეეხება ივანიშვილს, მან პოლიტიკაში მოსვლა, პირდაპირ გამარჯვებას დაუკავშირა, რაც არასწორია, რადგან პოლიტიკაში მარცხისთვის მზად უნდა იყო. პოლიტიკა მარათონია და ივანიშვილი თავისი ჭკუით, პრაქტიკულად, ასპროცენტიან დისტანციაზე შემოვიდა, სადაც გამარჯვება უნდა, მაგრამ ეს ასე არც ხდება და არც მოხდება.

- ივანიშვილსა და მის თანამოაზრეებს,  კონკურენტებად აღიქვამთ?

- გააჩნია, წინა პლანზე რა არგუმენტებს წამოწევენ. . . ჩვენი “ბრწყინვალე ინტელიგენცია”,  ივანიშვილს მხარდაჭერას რის საფუძველზე უცხადებს? ე.წ. ელიტარული საზოგადოების ნაწილი აცხადებს, რომ მათი მხარდაჭერის მიზეზი ის ფაქტია, რომ ივანიშვილი წლების განმავლობაში, მათ თურმე არჩენდა. . . ისინი, რას ამბობენ, ვერც ხვდებიან. ამით იმას ამბობენ, რომ ივანიშვილთან არიან არა იმიტომ, რომ ივანიშვილის პოლიტიკური გემოვნება, ხედვები და გეგმები მოსწონთ, არამედ იმიტომ,  რომ ის, მათ ფულს უხდიდა. ფაქტია, რომ წინა პლანზე, ოპოზიციაც მხოლოდ ფულს წევს და ისინი არ ამბობენ, რომ ივანიშვილი პოლიტიკური მენეჯერი და კარგი ლიდერია. ამიტომ, ივანიშვილის გეგმებზე ლაპარაკი არასერიოზულად მიმაჩნია, თუმცა, არ შეიძლება,  ის ხიფათის ზომა არ გავითვალისწინოთ, რაც დიდ ფულს ავტომატურად მოსდევს.

- ივანიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილს ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში ბრალი დასდო. რა კავშირი აქვს მმართველ გუნდთან, თავდაცვის ექს მინისტრს? 

- ეს ივანიშვილს ჰკითხეთ, რადგან რანაირად შეიძლება, ეს თანამშრომლობა წარმოიდგინოთ? - მაგრამ, ვითარებას ერთ ანეკდოტს შევადარებ.  უხამსობისთვის ბოდიშს წინასწარ ვიხდი. ცნობილი ანეკდოტია - მამაკაცი ქალბატონს ეუბნება: ათასი დოლარის გამო, მასთან სექსს თუ დათანხმდება, ქალბატონი უპასუხებს, რომ პრობლემა არაა, შემდეგ მამაკაცი ისევ ეუბნება - ხუთ ლარს თუ დათანხმდებოდა და ქალმა თმები გაიშალა - ვინ გგონივარო, მამაკაცმა უპასუხა: ვინც მგონიხარ და რაც ხარ, კარგად გავიგე, ახლა მთავარია ფასზე შევთანხმდეთო. ივანიშვილის ფულისთვის შეკრებილი ადამიანები, ვინც და რანიც არიან,  ეს კარგად ვიცით, მაგრამ  მათ, რა ფასი დაედებათ, ამას ქართველი ხალხი, მომავალ არჩევნებზე გადაწყვეტს.

- თუმცა, ივანიშვილის გუნდმა, პარლამენტში დალაგებული კარტები” არია. უმრავლესობიდან ბეჟან ხურციძე გადაიბირეს, რის გამოც, ის თქვენ სიიდან გარიცხეთ,  რომან მარსაგიშვილმა საკუთარი ნებით უმცირესობა დატოვა. . .

- ხურციძისგან არ მომისმენია, რომ ის რომელიმე პოლიტიკურ გუნდში გადადის, როცა გავიგებ, შემდეგ ვისაუბრებ. რაც შეეხება მარსაგიშვილს,  ესეც ზრდასრული ადამიანია, თუმცა, მესმის, რომ ივანიშვილს გარკვეული მიზიდულობის ძალა აქვს, მაგრამ ეს მხოლოდ ფულია. ალასანია და „რესპუბლიკელები” ვერ განმარტავენ, მას ფულის გარდა, რა პოლიტიკური მიზიდულობა აქვს და მარსაგიშვილმა, რა უნდა მითხრას? - ვერ ვხვდები. მისი განცხადება, რომ თურმე,  ფრაქცია, სადაც ის საქმიანობდა ხელისუფლებასთან ასოცირდებოდა, სწორედ მაგიტომ გაბედა მარსაგიშვილმა მაგ ფრაქციაში ყოფნა, თორე, მარსაგიშვილს სხვაგან რა უნდოდა? -  მის გაბედულობას ნუ მოძებნით, რადგან მისი გადაწყვეტილების მიზეზი ფულია.

0

ავტორი: