06:40:17     15-02-2012
ვლადიმერ პუტინი პატიმარია… ჯერჯერობით, ინტერნეტში

ვლადიმერ პუტინი სასამართლო დარბაზის რკინის საკანში - ეს ვიდეორგოლი, რომელიც ინტენეტსივრცეში გუშინ გავრცელდა, უკვე რეკორდებს ხსნის. როგორც გაირკვა, ვიდეო, ქსელში ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ გაავრცელა. ის რუსეთის პირველი არხის სიუჟეტის სტილშია გადაღებული და როგორც გამოხმაურებებიდან ჩანს, რუსეთის მოსახლეობის დიდო ნაწილის სანუკვარი ოცნების ახდენას ასახავს.
კორესპონდენტი კადრს მიღმა ყვება, რომ სასამართლომ დაიწყო განაჩენის კითხვა ერთ მეტად საინტერესო საქმეზე. განსასჯელის სკამზეა ვლადიმერ პუტინი. ყოფილ პრემიერ-მინისტრს მოსამართლე ვიქტორ დანილკინი ასამართლებს. პუტინი ბრალდებულია დიდი ოდენობით ქონების დატაცებაში, ფინანსურ მაქინაციებსა და ტერაქტის მომზადებაში. დიალოგი განსასჯელსა და მოსამართლეს შორის.
- გვარი, სახელი, მამის სახელი!
- ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი.
- ეროვნება!
- რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
როგორც კომენტარებიდან ირკვევა, პუტინის სასამართლო პროცესი მიხეილ ხოდორკოვსკის სასამართლო სხდომების ასოციაციას აღძრავს, ასევე ძალიან ჰგავს თავად ალექსეი ნავალნის სასამართლოს, რომელიც ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის გამო ცოტა ხნის წინ 15 დღით დააპატიმრეს. „ოჰ, ღმერთო ჩემო, როგორც მომწონს. მაგრამ რატომაა მოსამართლე დანილკინი ამ სიუჟეტში ისევ მოსამართლე და რატომ არ ზის პუტინის გვერდით საკანში?“ „მადლობა, ვიოცნებეთ“. „5ჯერ ვნახე ვიდეორგოლი და მაინც არ მყოფნის“. „როგორც განათდა და გახალისდა გული“ - ძირითადად ასეთი შინაარსისაა გამოხმაურებები.
წინასაარჩევნოდ, რუსეთში ნამდვილი კლიპების ინტერნეტ-ომია გამოცხადებული, ოპოზიციას არ ჩამორჩება პოზიცია - არც შემოქმედებითი თვალსაზრისით და რაღა თქმა უნდა, არც ადმინისტრაციული რესურსით. რამდენიმე დღის წინ რუსმა უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ საპრზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში ინტერნეტცენზურა ძლიერდება: დაფიქსირებულია 500 ინცინდენტი, რომლებიც ინტერნეტის თავისუფლების შეზღუდვასთანაა დაკავშირებული. აქედან 173 შემთხვევა სწორედ ადმინისტრაციულ ზეწოლას შეეხება. გარდა ამისა, გასული წლის ბოლოს აღიძრა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე ხელისუფლებისადმი კრიტიკული წერილებისა და პუბლიკაციების გამოქვეყნების ფაქტზე. პასუხისგებაში მისცეს ინტერნეტ-აქტივისტები, ბიბლიოთეკებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები - იმის გამო, რომ მათი კომპიუტერებიდან „აკრძალული საიტები“ ხელმისაწვდომი იყო.
0