13:38:19     14-02-2012
ივანიშვილის „პარაზიტები“

ბიძინა ივანიშვილს, როგორც უკვე შევიტყეთ, რამდენიმე პირადი და ოჯახური ახირება აქვს. და თუ ეს პირადი ახირებები, ძირითადად, მისი ოჯახის წევრებს აწუხებს და მოსამსახურეებს ახალისებს, განსხვავავებული სიტუაცია იქმნება, როცა საქმე მის პოლიტიკურ ახირებებზე მიდგება. ამ შემთხვევაში, შეწუხების მასშტაბების გავრცელების საშიშროებამ უკვე მთელ ქვეყანასა და მის მომავალზე შეიძლება იმოქმედოს, თუ შამანური რიტუალების მეშვეობით, არაორდინარული მილიარდერი ოცნებას აიხდენს და სახელისუფლებო სავარძელში ჩაბრძანდება.
ბიძინას პოლიტიკური ახირებებიდან, განსაკუთრებით თვალშისაცემია ის მოვლენა, რომ ოლიგარქს განსაკუთრებული ნოსტალგია აქვს ძველი დროის, კერძოდ, კი საქართველოს ისტორიის იმ მონაკვეთისადმი, რომელსაც ქართველები „შევარდნაძის ხანას“ ეძახიან და უახლოესი წარსულის ყველაზე კოშმარულ მოგონებად აღიქვამენ.
დიდი ფილანთროპის მიერ დაფინანსებულთა სიის გამოქვეყნების შემდეგ, ისედაც ნათელი გახდა ოლიგარქის მენტალიტეტი, გემოვნება და გაქანება. მოგვიანებით, მის მიერ დაარსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური უცნაური კონგლომერატის საზოგადოების წინაშე დემონსტრირების შემდეგ, ყველაფერი საბოლოოდ გაირკვა: ივანიშვილს განსაკუთრებით მოსწონს შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკები, ძველი გვარდიელ-„მხედრიონელები“, ე.წ. ინტელიგენციის ის ფრთა, რომელიც მუდამ სახელისუფლო კარის პირად კმაყოფაზე მყოფ სოციალურ დაჯგუფებად ითვლებოდა და ამას არც არასდროს მალავდა.
კიდევ ერთხელ გადავხედოთ, ვინ არიან დღეს ივანიშვილის გარშემო შემოკრებილი პერსონები, ვისი დახმარებითაც მილიარდერი ქვეყნის აშენებას და უკიდეგანო დემოკრატიის დამყარებით ევროპის გაკვირვებას აპირებს. მათ რიცხვშია, სულ ახლო წარსულში, „თბილისის ომში“ იარაღით მონაწილე და ევროპაში „ოსების გენოციდის“ „ფაქტებით“ მორბენალი გოგა ხაინდრავა, რომელმაც შემდეგ წლებშიც არაერთხელ „გამოიჩინა“ თავი.
მუდამ საეჭვო რეპუტაციის, აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე მეოცნებე რესპუბლიკელები, საბჭოთა კაგებეს აჩრდილით შემოსილი, ოდიოზური ძმები ბერძენიშვილების ჩათვლით, შევარდნაძის ფავორიტი და მეგობარი, გია ყარყარაშვილი, ვაჟა ლორთქიფანიძე - შევარდნაძისვე ჩინოვნიკი, რომლის დროსაც კორუფციამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია, შევარდნაძის დოსტები - ნოდარ ხადური, გიორგი ვოლსკი, რუსეთსა და შევარდნაძეზე უსაზღვროდ შეყვარებული, სხვის ჯიბეზე მაცქერალი, „ვინც გადამიხდის მისი ვარ“ პრინციპის მატარებელი დიდი ხელოვანები, მსახიობები გურანდა გაბუნია და ოთარ მეღვინეთუხუცესი, რეჟისორი ქეთი დოლიძე (რომელმაც, სხვათა შორის, თავად აღიარა, რომ დღევანდელი ხელისუფლება იმიტომ არ მოსწონს, რომ პირადად მას არ აფინანსებს), შევარდნაძის ჩინოვნიკი, „რაგატკებით“ თავმომწონე თავდაცვის მინისტრი, დავით თევზაძე, „ვეფხისტყაოსნის“ მოძულე და „ქართული ნაციონალიზმის“ წინააღმდეგ წლების განმავლობაში მედგრად მებრძოლი მწერალი, ნაირა გელაშვილი...
ეს არასრული სიაა იმ პერსონებისა და პოლიტსუბიექტებისა, რომელთაც მილიარდერის ირგვლივ მოიყარეს თავი. ფაქტია, რომ ბიძინა ამ პოლიტნაგავის გამოკვებასაც ახდენს და მათ პოლიტიკურ ორბიტაზე დაბრუნება-რეანიმირებასაც. მათი აშენებული ქვეყანა და დემოკრატია კი ერთხელ უკვე ვნახეთ და საეჭვოა, ქართველმა ხალხმა იმ წარსულში დაბრუნება მოინდომოს, თუმცა, ამ ყველაფრიდან კარგად ჩანს, თუ რეალურად რა მიზნები და პრიორიტეტი აქვს „საქართველოს გადამრჩენელ“ ოლიგარქს, რომელიც პერიოდულად, მართალია ბორძიკით და გაჭირვებით, მაგრამ მაინც ბრტყლ-ბრტყელი სიტყვებით ოქროს მთებს და მბრწყინავ მომავალს გვპირდება.
0