11:22:08     13-02-2012
ფრანგული კრუასანები VS ჭორვილური სტაფილო

ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს, ირაკლი ოქრუაშვილი ღია წერილით პასუხობს. ვინც შუშის სასახლის მიღმა დარჩა, ოლიგარქმა ყველა ან ხელისუფლებასთან გარიგებულად მონათლა, ან უნიჭო–უპერსპექტივო პოლიტიკოსად.
მათ შორის მოხვდა, „ქართული პარტიის“ პარიზელი ხელმძღვანელი ირაკლი ოქრუაშვილიც. ოლიგარქის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილის მმართველ გუნდთან გარიგებულია და ის რეალურ ოპოზიციას არ წარმოადგენს. ირაკლი ოქრუაშვილი ოლიგარქის ბრალდებებს გაზეთიდან პასუხობს.
„საერთოდ არ ვაპირებდი პასუხის გაცემას, რომ არა „ქართული პარტიის“ წევრთა უდიდესი ნაწილის მოთხოვნა, ერთი წინადადება მაინც მეთქვა იმ უმძიმეს ბრალდებაზე, რომელიც მე წამიყენეთ“ – წერს წერილში ოქრუაშვილი.
„გულახდილად ვიტყვი, პირველი და ემოციური რეაქცია, თქვენი ამ ფრაზების წაკითხვისას იყო ის, რომ თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი. გარკვეული დროის შემდეგ, ემოციამ გამიარა და გაკვირვება დამეუფლა. კარგად რომ გავაანალიზე თქვენი ნათქვამი, გაკვირვებაც აღარ მქონდა, იმის გამო რომ მაშინვე მივხვდი, ეს შეფასება შედეგია იმ მძიმე გარემოსი, რომელშიც თქვენ იმყოფებით“.
ექს-თავდაცვის მინისტრი ღია წერილში აღნიშნავს, რომ ოლიგარქის მიერ, ასეთი ტიპის განცხადებები, მისი გარემოცვის „აქტიური მუშაობის“ შედეგია.
„გარემოცვა, რომელიც თქვენ შემოიკრიბეთ, რომლის გავლენის ქვეშაც იმყოფებით, დაზიანებული ატომური რეაქტორის ეფექტის მატარებელია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თქვენი გარემოცვის უდიდესი ნაწილი განსაკუთრებით პირადი მოტივების გამო, საკუთარ მტრად მიმიჩნევს, ყველაფერი გასაგები ხდება. იმასაც თუ დავამატებთ, რომ თქვენი პიროვნება ცნობილია იმით, რომ ადვილად ექცევა გავლენის ქვეშ, ამის შემდეგ ნამდვილად არ ვარ არათუ შეურაცხყოფილი, არამედ გაკვირვებულიც“.
ოქრუაშვილი „გამოტყდა“, რომ გული დაწყდა ივანიშვილის მიერ, სოზარ სუბარის გადაბირების ფაქტზე, თუმცა რიგი მიზეზების გამო, მან ხმაურს სიჩუმე არჩია:
„იმ ფაქტსაც შევეგუეთ და სიჩუმით შევხვდით, საკუთარი პარტიის თავმჯდომარე „თამარ ქალივით“ რომ მოგვტაცეთ, რაზეც ყველა თავმოყვარე ორგანიზაცია თქვენ თუ არა, მას მაინც საკადრის პასუხს გასცემდა. არც მაშინ არ ვთქვი არაფერი, როდესაც მე და ჩემს პარტნიორს ორი წლის განმავლობაში წვალებით შექმნილი „რუსთავის მედიის მართვის კომპანია“, თქვენი მოქმედებებითა და განცხადებებით დაგვინგრიეთ“.
ოქრუაშვილი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის გარემოცვა მასზე დიდ გვალენას ახდენს, რის გამოც, ექს-თავდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, ოლიგარქის სავალალო შედეგამდე მისვლას.
„პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე მიგიდგებათ საქმე და მაშინ ჩაერთვება თქვენი გარემოცვა, ეს შეიძლება სავალალო შედეგების მომტანი გახდეს ქვეყნისათვის. ნურც იმის მტკიცებას დაუწყებთ ხალხს, თუ როგორი დამოუკიდებელი ხართ და ერთპიროვნულად იღებთ გადაწყვეტილებებს და არაფერს ეკითხებით თქვენს გარემოცვას“.
„მრისხანების დღის“ სცენარისტი, ივანიშვილს ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის დროს და მისი გარემოცვის როლს ახსენებს, პირველი პრეზიდენტის პოლიტიკურ საქმიანობაში.
„ისე, მაგ „უნიკალური“ გარემოცვიდან, თვით ზვიად გამსახურდიას გარემოცვასაც უდაოდ დიდ კონკურენციას გაუწევდით. ცხონებულმა კი, კარგად გემახსოვრებათ საკუთარი გარემოცვის წყალობით, როგორ დაამთავრა მოღვაწეობა“.
პარიზიდან, ოქრუაშვილი ოლიგარქის 5 თვიან პოლიტიკურ მოღვაწეობასაც აფასებს:
„ხუთი თვეა რაც პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდით და მეტწილად იარლიყების მიკერებით, ოპოზიციაში პოლიტიკური დესტრუქციით თუ სხვა პოლიტიკოსების ლანძღვით უფრო მეტად ხართ დაკავებული, ვიდრე ხელისუფლების კრიტიკით. ეს კი თქვენს სისუსტეზე მეტყველებს. კარგად თუ გადაავლებთ თვალს თქვენს ხუთთვიან მოღვაწეობას, მკაფიოდ დაინახავთ, რომ ნათელაშვილი უფრო მეტჯერ გყავთ გალანძღული, ბურჯანაძე უფრო მეტჯერ გყავთ გაქილიკებული, გამყრელიძეზე უფრო მეტი აუგი გაქვთ ნათქვამი, „ქართულ პარტიაზე“ აღარაფერს ვამბობ, ვიდრე სააკაშვილი და მისი გუნდი გყავთ გაკრიტიკებული. ხალხი, თქვენგან, ყოველდღიური სასიკეთო ცვლილების გეგმის მოსმენას უფრო ელის, ვიდრე იმის მოსმენას დილით იოგას აკეთებთ თუ სტაფილოს წვენს მიირთმევთ“.
ოქრუაშვილი როგორც ჩანს ძალიან გაწიწმატდა. აშკარაა, „ოქრო“ სულ სხვა რამეს ელოდა „წაფილოსოფოსო მილიარდერისგან“. მინიმუმ, მასთან ერთად სტაფილოს წვენის წრუპვას. არადა რა მიიღო? მასზე უარესმა პროვინციელმა, მასზე უარესმა გაუნათლებელმა და ხისტმა ბიძინამ „ნიჩბით მოასრიალა“. რას იზამ ირაკლი, ზოგს ეიფელის კოშკზე კრუასანების ჭამა ჰგონია პოლიტიკა, ზოგს ჭორვილაში მოყვანილი გახეხილი სტაფილო.
0