19:55:17     11-02-2012
მოსკოვი ცხინვალს „დამოუკიდებლობის ატრიბუტს“ უუქმებს: ადგილობრივი „არმია“ 350 კაცამდე შემცირდება

რუსეთი „დამოუკიდებელ“ ცხინვალს „არმიას“ უუქმებს. მოტივი - ფინანსების არქონაა. ორივე ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, ადგილობრივი „შეიარაღებული ძალები“ ის მიმართულებაა, რომელშიც მოსკოვი ფულის ჩადებას და განვითარებას არასოდეს ჩქარობდა.
ამჟამად ისევ დადგა „სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების“ შემცირების საკითხი. რასაკვირველია, არც მანამდე კოკოითს და მით უმეტეს, ამჟამად, ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ვადიმ ბროვცევს არავინ ჰკითხავს, რა ოდენობაზე უნდა დავიდეს ადგილობრივი „არმია“. უკვე ცნობილია, რომ მოსკოვმა მიიღო გადაწყვეტილება და ოსურ ჯარს 350 კაცამდე შეამცირებს. თუმცა მრავალრიცხოვნობით ვერც შემცირებამდე დაიკვეხნიან. ამ დროისთვის, ცხინვალის „შეიარაღებულ ძალებში“ 500-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი ირიცხება, თანაც ისე, რომ ყველა სახეობის საჯარისო შენაერთი ჰყოლიათ.
ოსებს, ისედაც არარსებული არმიის კიდევ უფრო შემცირების იდეა არ მოსწონთ. როგორც ამბობენ, ის, რომ მათი „შეიარაღებული ძალები“ დღემდე 500-კაციანი შემადგენლობით შენარჩუნდა, ედუარდ კოკოითის დამსახურება ყოფილა, მაგრამ „ვინ დაიცავს ახლა სამხრეთ ოსეთის ინტერესებს?“ -კითხულობენ ადგილობრივი ექსპერტები, რომლებიც საკუთარ თავსაც არ უმხელენ, რომ რუსეთის მიერ ბოძებულმა „დამოუკიდებლობამ“ ასეთი სამწუხარო შედეგები მოიტანა.
ცხინვალში თავის დამშვიდებას ცდილობენ: ყველა ქვეყანა ვერ აძლევს თავს უფლებას, მატერიალური მიზეზების გამო, საკუთარი არმია ჰყავდეს და ამის მაგალითად, პარტნიორი ნაურუ და სოლომონის კუნძულები მოჰყავთ.
ცხინვალის რეგიონში „ზევიდან“ მისული ბრძანების საფუძველზე, მოსახლეობიდან იარაღი რამდენჯერმე ამოიღეს. უცნობია, დაგეგმილია თუ არა ეს ამჯერადაც, მაგრამ ოსები შეახსენებენ „ვისაც ჯერ არს“, რომ „ოსისათვის სახლში იარაღის ქონა ეროვნული თავისებურებაა“ და რომ საქართველოსთან ომის შემთხვევაში, ვინ არის რუსი, როცა წინა პოზიციებზე ოსები გარბიან… „და ვინ გამოიჩინა ბოლო წლებში გმირობები და ვინ შეინარჩუნა მამული და ხალხი?“ - ასეთ კითხავს სვამენ ცხინვალის „არმიის“ გულშემატკივრები.
გამოსავალს მოუძებნიან. რუსეთმა მოახერხა ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობას დღეს რუსეთის მოქალაქეობა აქვს და თუ ოსებს მაინცდამაინც მოუნდებათ ჯარში სამსახური, ამ მოთხოვნილებას რუსულ არმიაში დაიკმაყოფილებენ, მაგრამ რითიღა იიმედოს თავი „სამხრეთ ოსეთმა,“ რომ „დამოუკიდებელია“? ადგილობრივებს არავინ ეკითხება, ვინ სურთ ლიდერად, კრემლიდან მისული „ბრძანებების“ შეუსრულებლობის შემთხვევაში, სპცოპერაციებს უტარებენ, მოსკოვიდან გამოგზავნილ ფულს ისევ მოსკოველი ჩინოვნიკები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ადგილობრივი კადრები ინაწილებენ… რაღა დარჩა იმისგან, რასაც სუვერენული სახელმწიფოს უფლებები ჰქვია? საკუთარი შეიარაღებული ძალებიც ხომ დამოუკიდებელი ქვეყნის ერთ-ერთი ატრიბუტია. 350-კაციანი ჯარი კი გინდ გყოლია და გინდ არა, ეს ის რაოდენობა არ არის, რაც ოსების ამბიციებს დააკმაყოფილებს. მით უმეტეს, თავადვე აღიარებენ, რომ „ქვეყანა საკუთარი შეიარაღებული ძალების გარეშე არასრულფასოვანი წარმონაქმნია“, რომლად ქცევასაც, რუსეთი, ცხინვალის რეგიონს უპირებს.
0