10:26:11     11-02-2012
ბორის პასტერნაკი - „სანამ კავკასიონს ვებღატებით“
1890 წლის 29 იანვარს (ახალი სტილით 10 თებერვალს) რუსეთის იმპერიაში, მოსკოვში დაიბადა დიდი რუსი პოეტი და მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ბორის პასტერნაკი.
ბორის პასტერნაკი განსაკუთრებული გრძნობით იყო განწყობილი საქართველოსადმი. მან პირველად 1931 წელს იმოგზაურა საქართველოში. მის წიგნში „მეორედ დაბადება“ (1932) შევიდა არა ერთი ნაწარმოები, საქართველოში მოგზაურობის შედეგად რომ შეიქმნა. შემდეგ, 1933 წელს კიდევ ჩამოვიდა დიდი რუსი პოეტი საქართველოში.
სწორედ მაშინ შეუდგა ქართული პოეზიის თარგმნას. პასტერნაკმა თარგმნა ვაჟა-ფშაველას „გველის მჭამელი“, ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია, აკაკი წერეთლის ლირიკა, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის, ალექსანდრე აბაშელის, იაკობ გოგებაშვილის, კოლაუ ნადირაძის, გიორგი ლეონიძის, სიმონ ჩიქოვანის, ნიკოლო მიწიშვილის, ირაკლი აბაშიძის ლექსები.
საქართველოს მიუძღვნა პასტერნაკმა „მხატვარი“ და „მგზავრის ჩანახატები“ (1936). სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდა მიმოწერა ქართველ მეგობრებთან...
ბორის პასტერნაკი 1909 წლიდან სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, 1912 წლიდან - გერმანიაში, მარბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.
თავისი პირველი ლექსები 1913 წელს გამოაქვეყნა. 1914 - გამოსცა პირველი პოეტური კრებული „ტყუპისცალი ღრუბლებში“.
რამდენჯერმე იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე. 1958 წელს მისი კანდიდატურა წამოაყენა წინა წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ალბერ კამიუმ. პრემია პასტერნაკს მიანიჭეს.
პასტერნაკზე ძალიან დიდი ზეწოლა განხორციელდა საბჭოეთში, ის იძულებული იყო უარი ეთქვა პრემიის მიღებაზე... ალბერ კამიუმ და ჯავაჰარლალ ნერუმ მიმართეს საბჭოთა მთავრობას თხოვნით, არ დაესაჯათ ბორის პასტერნაკი...
ბორის პასტერნაკის უკანასკნელი წიგნი იყო „ლექსები საქართველოზე, ქართველი პოეტები“ (1958)...
ბორის პასტერნაკი გარდაიცვალა 1960 წლის 30 მაისს, მოსკოვის ოლქში, პერედელკინოში.
გავიხსენოთ მისი ერთი შესანიშნავი ლექსი (...“Пока мы по Кавказу лазаем“), რომელიც თარგმნა ვახუშტი კოტეტიშვილმა. ეს ლექსი დაიწერა 1931 წელს.
* * *
(თარგმნა ვახუშტი კოტეტიშვილმა)
სანამ კავკასიონს ვებღატებით,
მტკვრის სულისმხუთავი ჩარჩო
არაგვს ნისლ-ბურუსად ეფხატება,
სადღაც მთებს შორის რომ ჩარჩა.
აგვისტოს ცის თაღის სისქე
არის მარმარილოდ გაშლილი,
კოშკებს კისრები აქვთ ცისკენ
წაჭრილი ადამის ვაშლივით.
სანამ ტვინს ვიღლი და ვიღლეტ,
ამ ძველ ციხე-კოშკთა კვლევით,
დროის ლაჟვარდოვან მიღმეთს
რომ ეძირებიან ქვევით,
სანამ გავარჩევდე ტყით თუ
ბუჩქით ხარ მოსილი, რით ხარ?
კავკასო, შენ უნდა გკითხო,
რა ვქნა? რა წყალს ვეცე? მითხარ!
შენს ჩახუტებათა წყებამ მუდამ
ნუთუ მარტოოდენ ეს ინება?
თვალს ქუთუთოებქვეშ რატომ ჭუტავ?
ყაზბეგო, რაზე გეცინება?
როცა მწვერვალებზე მორეული
სუნთქვა შემეკვრება და იმედი,
ნუთუ შენ გგონია, შორეულო,
რომ გული მატკინე რაიმეთი?!
და გერმანიაშიც, ალპებში, იქით
კლდეები ასევე რომ ცდიან ძალას
ეჭახუნებიან, ვით ჭიქას ჭიქით,
ნუთუ შენ გგონია, რამე შეგეშალა?
ცხოვრების მორევში მბრუნავი ნეტავ
ბედსა და იღბალს აქ რად ველი?
როცა ჩემი ბედის ჭრაზე მეტად
მიჯობს წყალში ვცვითო მაკრატელი.
ნუ წვალობ, შენს სიზმრებს მოარგე სარკე,
მოეშვი, მე მიყვარს და ვიცი ყოველი,
თვით მდინარეებსაც ვერ საზრობს ცალკე
ქვეყნად არსებობის გამჭოლი ქსოვილი..