პუშკინის ერთი ლექსის  მშვენიერი ქართული თარგმანი პუშკინის ერთი ლექსის მშვენიერი ქართული თარგმანი />


  16:18:30     10-02-2012

პუშკინის ერთი ლექსის მშვენიერი ქართული თარგმანი

a14958.jpg

1837 წლის 29 იანვარს (ახალი სტილით 10 თებერვალს) გარდაიცვალა დიდი რუსი პოეტი, მწერალი, ახალი რუსული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი ალექსანდრე პუშკინი (Алекса́ндр Серге́евич Пу́шкин).

პუშკინი, მართალია, დიდი სიყვარულით არ გამოირჩეოდა ქართველებისადმი, მაგრამ, ვინაიდან შემოქმედება შესანიშნავი ჰქონდა, მაღალმხატვრული, ქართველმა პოეტებმა და მთარგმნელებმა მიმართეს მის ნაწარმოებებს და თარგმნეს ქართულად.

პუშკინის პოეზია საქართველოში პოეტის სიცოცხლეშივე გახდა პოპულარული. მისი ლექსები თარგმნეს ალექსანდრე ჭავჭავაძემ, გრიგოლ ორბელიანმა, სოლომონ რაზმაძემ; შემდგომში - ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, რაფიელ ერისთავმა, 1899 წელს ცალკე წიგნებად გამოიცა პუშკინის თხზულებანი ქართულად. პოეტის 100 წლისთავს უძღვნა ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიის" სპეციალური ნომერი. შემდგომ, აგრეთვე, ტიციან ტაბიძემ, პაოლო იაშვილმა, ვალერიან გაფრინდაშვილმა და სხვა პოეტებმა.

პუშკინის შემოქმედების თარგმნა დღესაც გრძელდება ჩვენი თანამედროვე ავტორებისა თუ მთარგმნელების მიერ.
 
ჩვენ ხელიდან არ ვუშვებთ რაიმე კარგის გადმოქართულების, გათავისების შესაძლებლობას. ეს ისტორულად ასე იყო და ამდიდრებდა ჩვენს კულტურას.

ქართველებისადმი უარყოფითი განწყობა, ვფიქრობ, პრობლემაა თავად იმ პიროვნებისა, ვინც ამგვარ რამეს განიცდის და ეს, ჩემი აზრით მის ღვთაებრიობას ნამდვილად არ ამტკიცებს... აბა წარმოიდგინეთ, რუსთველს რომ სძულებოდა ვინმე... ხომ წარმოუდგენელია, რუსთველი იმდენად დიდი იყო, რომ არავინ შესძულდებოდა...

ასეა თუ ისე, კვლავ მივმართოთ ჩვენს შესანიშნავ მთარგმნელებს და გავიხსენოთ პუშკინის ერთი ლექსის (... „მე მახსოვს წამი, წამი გრძნეული“ - ... „Я помню чудное мгновенье“) შესანიშნავი ქართული თარგმანი, რომელიც ანზორ აბჟანდაძეს ეკუთვნის.

პრესა.გე-ს მკითხველს კარგა ხნის წინ გავახსენეთ ალექსანდრე პუშკინის შესანიშნავი ლექსის, „მე თქვენ მიყვარდით“ ქართული თარგმანის რამდენიმე ვარიანტი.

მაშინ ვწერდით და ახლაც უნდა გავიმეოროთ,  ქართველებს რუსული პროპაგანდა აბრალებს რუსებისადმი, რუსული კულტურისადმი სიძულვილს, მაგრამ პუშკინის ამ ლექსის თარგმნის ისტორია და ვარიანტების სიმრავლე კარგად ამტკიცებს, რომ ქართველ ხალხს არ სძულს  რუსული პოეზია და კარგად ასხვავებს კულტურას იმპერიალიზმისაგან.

ეს ქართველთა კეთილშობილებაზე მეტყველებს. რუსეთში კი საქმე პირიქითაა, რომელიმე ქართველმა შემოქმედმა ოდნავ ირონიით რომ მოიხსენიოს რუსები, მის შემოქმედებას ტაბუ დაედება და აიკრძალება უკანასკნელ ბოროტების იმპერიაში.

ჩვენ კი პოეზიის ფასი კარგად გვესმის.

* * *
კ... - ს

(თარგმნა - ანზორ აბჟანდაძემ)

მე მახსოვს წამი, წამი გრძნეული, _
შენ მომევლინე, ვით ხილვა ცხადი,
ვით გაელვება ანაზდეული,
ვით სილამაზის უჭკნობი ხატი.

და მერე დიდხანს, როცა ნაღველში
და ფუჭ გნიასში დიოდნენ დღენი,
მე სიზმრად მდევდა ხმა უნაზესი
და საყვარელი ნაკვთები შენი.

მაგრამ ოცნება სიზმრისეული
გაჰქრა, მინავლდა ჟამთასვლის ქარში,
და დამავიწყდა ხმაც შენეული,
და სიზმარშიაც უშენოდ დავრჩი.

და უღიმღამოდ, უგზოდ, უმიზნოდ,
დრო გადიოდა გულგრილი,
ნელი...
და გაჰქრა სადღაც ღვთიური გზნება,
და ლაღი ვნება,
და ნაზი ცრემლი...

მაგრამ - კვლავ დადგა წამი გრძნეული! _
კვლავ მომევლინე, ვით ხილვა ცხადი!
ვით გაელვება ანაზდეული!
ვით სილამაზის უჭკნობი ხატი!

და კვლავ აღმანთო ოცნებამ მწველმა,
კვლავ ნეტარება ვიგრძენი ძველი,
კვლავ დამიბრუნდა ღვთიური გზნება,
და ლაღი ვნება,
და ნაზი ცრემლი...

1825

0

ავტორი: