ალი-ბეი გურჯი - ორი ზღვის ყაენი ალი-ბეი გურჯი - ორი ზღვის ყაენი />


  15:30:17     10-02-2012

ალი-ბეი გურჯი - ორი ზღვის ყაენი

a14957.jpg

საქართველო ოდითგან უბადლო მეომართა ქვეყანა იყო. სიყრმიდანვე საბრძოლო ხელოვნებაში გაწაფულნი მამაცობითა და თავგანწირვით აოცებდნენ მტერსაც და მოყვარესაც. სადაც უნდა გადაესროლა ბედს ქართველი მოლაშქრე, ყველგან გამორჩეული იყო ვაჟკაცობით, სრულყოფილებამდე დახვეწილი საბრძოლო ხელოვნებითა და მხედართმთავრული ნიჭით. არა მარტო საკუთარ სამშობლოს ეხმარებოდნენ ქართველი მამლუქები, არამედ უცხო ქვეყნების ისტორიასაც წერდნენ საკუთარი სისხლითა და სიცოცხლით. თითქმის არ დარჩენილა სახელმწიფო დედამიწაზე, რომლის ძლიერებისთვის ქართველებს არ მოექნიოთ მახვილი. რომ არა ბედის უკუღმართობა, მათი ნიჭი და შემართება ჩვენს მამულს უნდა გამოსდგომოდა, მაგრამ…

ლეგენდარული ეგვიპტე… ძველი წელთაღრიცხვის მე-5 ათასწლეულში დაწყებული ცივილიზაციით… ფარაონებისა და დღემდე მოღწეული ხუროთმოძღვრული სასწაულების – პირამიდების სავანე. სწორედ ამ ქვეყანას საუკუნე-ნახევარი ერთპიროვნულად მართავდნენ ქართველი მამლუქები, სამშობლოს ბავშვობიდანვე უსულგულოდ მოწყვეტილნი, მონებად გაყიდულნი, მაგრამ სიმამაცისა და რაინდობის წყალობით სულთნად აღზევებულნი. სწორედ ქართველთა ვაჟკაცობამ დაუდო საფუძველი ეგვიპტელთა გამოხსნას ოსმალთა მრავალწლიანი ბატონობისგან…

1763 წელს კაიროში, სასახლის მთავარ მოედანზე შეკრებილ ხალხს აუწყეს: ეგვიპტის მმართველი და სულთანი ამიერიდან შეიხი ალი-ბეი არისო… შიშნაკრავი აღტაცებით შეეგება კაირო ახალი სულთნის გამოჩენას. თუმცა, მალე მიხვდებიან ეგვიპტელები, რომ ალი-ბეის მოსვლით იწყება ოქროს ხანა ნილოსის ქვეყანაში. მაგრამ ბევრისთვის საიდუმლოდ დარჩება ის ამბავი, რომ ეგვიპტის აღორძინებისთვის თავგადაკლული ალი-ბეი ქართველი იყო, სახელად იოსები, პატიოსანი მღვდლის შვილი და 13 წლისა სტამბოლის მონათა ბაზარზე უღვთოდ გაყიდული…

ქართველი ალი-ბეი ჯერ უდაბნოში მოთარეშე ბედუინთა რაზმებს დაერია, სისხლს რომ უშრობდნენ ეგვიპტელებს. ვინც გაწყვიტა – გაწყვიტა, ვინც გადაურჩა ალი-ბეის უდაბნოს მზის სხივებზე მოელვარე ხმალს, უგზო-უკვლოდ გადაიხვეწა. მანამდე ვერავის მოეხერხებინა თავგასული ბედუინების თარეშის ალაგმვა, მათ შორის, ვერც ეგვიპტეში გაბატონებულ თურქებს. უდაბნოს ქარიშხალს უწოდებდნენ ბედუინთა ყოველ ლაშქრობას ეგვიპტელები.

…და უწოდეს ალი-ბეის მითური და გამაოგნებელი თიკუნი – “ქარიშხლის დამაოკებელი”!..

ბედუინთა დასამარების შემდეგ ქარიშხლის დამაოკებელმა ოსმალებისთვისაც მოიცალა. 5 წელი არ ჩაუგია ხმალი ქარქაშში და მთელი ეგვიპტე გაწმინდა თურქთაგან. რა აღარ სცადეს ოსმალებმა – ქრთამი, საწამლავი თუ პირდაპირი ხმალთა კვეთება, მაინც ვერაფერი დააკლეს ალი-ბეი ქართველს. უკვირდათ, სხვისი საქმისთვის რა თავს გვაკლავს ეს წყეული გურჯიო… ის კი არ უწყოდნენ, რომ გურჯი, სადაც უნდა იყოს, მონობას ყოველთვის მეომრის მარცხ-ხიფათიან ცხოვრებას არჩევს…

მთელი ეგვიპტე, დიდი და პატარა, ალი-ბეის მზეს ფიცულობდა. ააყვავა და ააღორძინა ოსმალთაგან დაქცეული ქვეყანა სულთანმა. ძველი დიდება უბრუნდებოდა პირამიდების სამშობლოს…

ახლა ეგვიპტის საზღვრებს იქითა სამფლობელოებს გადაჰკრა თვალი. მტკიცე ნებითა და ხელით მოდრიკა ყველა, ვინც წინააღმდეგობა შეჰბედა. მთელ სამუსლიმანოში გაუვარდა სახელი ეგვიპტის უძლეველ სულთანს. ალი-ბეი მაჰმადიანთა წმინდა ქალაქ მექაში ჩავიდა ლაშქრით, ქალაქის მთავარი შეიხი გადააყენა და მის ადგილას თავისი ხელქვეითი დასვა, იქიდან წითელი ზღვის სანაპიროს ჩამოუყვა და უზარმაზარი ტერიტორია ეგვიპტეს დაუმორჩილა…

მისი მოღვაწეობის აპოთეოზი კი 1771 წელი იყო. ალი-ბეი ქართველმა აიღო მეორე მექად წოდებული დამასკო – სირიის დედაქალაქი და იქიდან პალესტინაში შევიდა საზეიმოდ აღჭურვილ ქართველ მამლუქთა ათასეულებით!..

ეგვიპტელებმა ქარიშხლის დამაოკებლის თიკუნი აღარ აკმარეს სათაყვანებელ სულთანს და “ორი ზღვის ყაენი” უწოდეს!..

გამაოგნებელი ამბავია – შავი ზღვის ნაპირებიდან გატაცებული თვალცრემლიანი ქართველი ბიჭი აზია-აფრიკის გზასაყარზე ორი ზღვის მბრძანებლად იქცა!.. ეს პატივი არავის რგებია არც მანამდე და არც მის შემდგომ…

ძლიერ მმართველობაზე დაფუძნებული ტახტი ედგა ალი-ბეის კაიროში. ზემო და ქვემო ეგვიპტეს მის დროს ორ ათეულამდე ბეგი განაგებდა, რომლებიც სულთანს მორჩილებდნენ. ბეგთა უმრავლესობა ქართველი მამლუქები იყვნენ. ჰოდა, სწორედ ქართველი მამლუქი – მუჰამედ აბუ-ზაჰადი, ალი-ბეის თანამებრძოლი და ახლობელი ჩაუდგა სათავეში შეთქმულებას ორი ზღვის ყაენის წინააღმდეგ. აბა, რას იფიქრებდა ალი-ბეი, რომ მის მიერვე აღზევებული და შვილივით ნაპატრონები თვისტომი მოუსწრაფებდა სიცოცხლეს…

ღამის სიმყუდროვეში გაყუჩებულა კაიროს სასახლე. სულთნის სადგომისკენ მიიპარებიან შეთქმულნი. სასახლის კარის მცველთა უმთავრესიც მათთანაა. თავისი ერთგული ხალხი გაუმწესებია სულთნის ყოვლად შეუღწევ სასახლის ნაწილში… გაატარეს შეთქმულნი მცველებმა… მშვიდად სძინავს ალი-ბეი ქართველს…

მძიმე კარის ჭრიალმა გამოაღვიძა. მისკენ მიმავალ ლანდებს ჰკიდა თვალი. ელვის უსწრაფესად წამოხტა და მახვილისკენ გადაიწოდა ხელი. დაასწრეს, გადაუქნიეს მრუდე ხმალი… მძიმედ დაჭრილი გადავარდა სარეცელზე. ხმლის ხელმეორედ დაკვრა ვეღარ შეჰბედეს ორი ზღვის ყაენს. მხოლოდ აბუ-ზაჰადი მიუახლოვდა… თვალი გაახილა მომაკვდავმა. სიკვდილის დანისლული ფარდის მიღმა მაინც გაარჩია სისხლიანი მახვილი და ამ მახვილის პატრონი. სინანულის ეული ცრემლი ჩამოუგორდა ალი-ბეის და გათავდა კიდეც. მახვილი გაუვარდა ხელიდან მუჰამედ აბუ-ზაჰადს, მუხლებზე დაეცა გამზრდელის წინაშე და ატირდა…

ალი-ბეის აღსრულების შემდეგ ეგვიპტის მმართველობა ისევ ქართველებს ერგოთ. ზემო ეგვიპტის მმართველი შეიქნა მურად-ბეი, ხოლო ქვემო მხარისა – მარტყოფელი იბრაჰიმ-ბეი შინჯიკაშვილი. ისევ მძლავრობდა მათ ხელში ნილოსის ქვეყანა. ისევ ქართველები განაგებდნენ ყველა საკვანძო პოსტებს ეგვიპტეში. იბრაჰიმ-ბეი შინჯიკაშვილი ედგა სათავეში კოალიციურ ძალებს ნაპოლეონის წინააღმდეგ. სახელოვანი ფრანგის მთავარი მეტოქეები სწორედ ქართველი მამლუქები იყვნენ და მათმა სიმამაცემ ათქმევინა დიდ იმპერატორს, – ისინი უძლიერესნი არიან მთელ აღმოსავლეთში. თუ ამ რჩეულ ხალხს დავუმატებდი ჩემს არტილერიას, დაუმარცხებელი და დაუმხობელი არავინ და აღარაფერი დამრჩებოდაო!. .

Armada.ge

0

ავტორი: