დოსტოევსკის გულშიჩამწვდომი მოთხრობა (გარდაცვალების დღისადმი) დოსტოევსკის გულშიჩამწვდომი მოთხრობა (გარდაცვალების დღისადმი) />


  13:49:54     09-02-2012

დოსტოევსკის გულშიჩამწვდომი მოთხრობა (გარდაცვალების დღისადმი)

a14928.jpg

1881 წლის 28 იანვარს (ახალი სტილით 9 თებერვალს) გარდაიცვალა დიდი რუსი მწერალი თევდორე დოსტოევსკი (Фёдор Михайлович Достоевский). ზოგი წერს  ფიოდორს, რაც შეცდომაა. ზოგი წერდა - თედორეს. ახლა ბევრი თეოდორს უწოდებს ქართულად. ჩვენში დამკვიდრებული იყო თევდორე. ჩემი აზრით, უფრო სწორი უნდა იყოს თევდორე ან თედორე, ვინაიდან რუსული სახელის - Фёдор ქართული შესატყვისი სწორედ თევდორე ან თედორე (უფრო თევდორე) არის.

მერაბ კოსტავამ თევდორე დოსტოევსკის უძღვნა ლექსი „ტანჯვათა ტიტანი“, სადაც წერს: „სჭვრეტს მეოხებას, მონადენს მაღლით, / სად ლოთობაა, სიძვა, როზგები / და განგვაცვიფრებს თავისი ხალხის / აღუწერელი პარადოქსებით / და როგორც მოგვი, ორგზის ნაშობი, / ჭეშმარიტების ხდება მხლებელი, / ეოცნებება სულს სხვა სამშობლო, / ქვეყანა ღმერთის მაძიებელი. / კაბადონივით გადაიავდრებს, / გულს გააშიშვლებს უზომოდ ალალს / და უჩვეულოს შესძენს სიმძაფრეს / მოყვასის ხვედრში ჩაწობილ კალამს. / სისხლად ნანთხევი თითო ბწკარები / უძირო ტანჯვის აჩენს ტიტანად, / სიზმართა წყების გენესარეთი, / ვინც პეტერბურგში გადმოიტანა“...

დოსტოევსკი, თავისი ხალხის უბედურებით გაწამებული, დიდი მოაზროვნე და ადამიანთა ბუნების ძიებაში ჩაძირული, სიკეთის დამკვიდრებაზე ფიქრობს. ადამიანთა, განსაკუთრებით ბავშვების უბედობა აღელვებს დიდ მწერალს. მისი მოთხრობა: „ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე“, ალბათ, იმისთვის შეიქმნა, საერთოდ საშობაო მოთხრობები, რომ სადღაც, რაღაც სითბო მაინც არსებობდეს გაყინული, უპატრონო ბავშვებისათვის და ეს სადღაც ზეცაშია, ქრისტესთან. იქ თბილა და იქ ტკბილად ექცევიან ბავშვებს, იქ არ აიძულებენ იმათხოვროს და მერე მის მიერ ნაშოვნი ფულით ისევ არყის საყიდლად არ გზავნიან. იქ დედასთანაა, იქ ქრისტესთანაა.

არ შეიძლება ამ მოთხრობის წაკითხვამ გულგრილი დატოვოს ვინმე. ის ყველას გულში ჩაწვდება და გაახსენებს მიტოვებულ, - რა მნიშვნელობაა ვისგან, - ბავშვებს. უმწეო პატარებს, რომელთაც ეოცნებებათ  ნაძვის ხე, სითბო, საჭმელი... ასეთები ხომ მრავლადაა, ამ ცოდვილ ქვეყანაზე, ისევ...

ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე

(თარგმნა ფატმან წერეთელმა)

მე რომანისტი ვარ და მგონია, რომ ერთი „ისტორია” თვითონ გამოვიგონე. არ ვიცი, როტომ ვწერ, რომ მგონია, მე ხომ დანამდვილებით ვიცი, რომ ეს ამბავი მოვიგონე, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს სადღაც, ოდესღაც ნამდვილად მოხდა, სწორედ შობის წინა დღეს, რომელიღაც დიდ ქალაქში საშინელი ყინვის დროს.

მეჩვენება, რომ სარდაფში ჯერ კიდევ ძალიან პატარა, ალბათ ექვსიოდე წლის ბიჭი იყო. მან დილას ნესტიან, ცივ კუთხეში გაიღვიძა. ის ძველ ხალათში გახვეულიყო, სიცივისგან თრთოდა, ყოველი ამოსუნთქვისას პირიდან ორთქლი თეთრად ამოდიოდა. კუთხეში სკივრზე მიყუჟულიყო და მოწყენილი პირიდან ორთქლის გამოშვებით ერთობოდა. საშინლად შიოდა. რაც გაიღვიძა, უკვე რამდენჯერმე მიუახლოვდა ფარდაგს, სადაც ბლინივით თხელ საგებელზე მისი დედა იწვა, ავადმყოფს თავქვეშ ბალიშის ნაცვლად რაღაც ბოხჩა ამოედო. ნეტავ აქ როგორ აღმოჩნდა? როგორც ჩანს თავის პატარა ბიჭუნასთან ერთად სხვა ქალაქიდან ჩამოვიდა და უეცრად ავად გახდა. კუთხეების დიასახლისი ორი დღის წინ დააპატიმრეს. მდგმურები გაიფანტნენ და შობას ზეიმობდნენ. მხოლოდ ერთ მთვრალ თავზეხელაღებულს, რომელსაც დღესასწაულისთვის ვერ დაეცადა, ეძინა მთელი დღე-ღამის მანძილზე. ოთახის მეორე კუთხეში 80 წლის მოხუცი, რევმატიზმებით დაავადებული ქალი კვნესოდა. მას მთელი ცხოვრება ძიძად მუშაობაში გაეტარებინა, ახლა კი უპატრონოდ კვდებოდა. კვნესოდა და ბიჭს ებუზღუნებოდა, რომელსაც მოხუცის კუთხისკენ გახედვისაც ეშინოდა. პატარამ სხვენში არაყი იპოვა, მაგრამ პურის ნატეხსაც ვერ მიაგნო და უკვე მეათედ მიუახლოვდა დედას გასაღვიძებლად. სიბნელეში პატარა რაღაც იდუმალმა შიშმა შეიპყრო. რა ხანია დაბნელებულიყო, ცეცხლს კი არ ანთებდნენ. ბიჭუნა დედის სახეს შეეხო, გაოცდა - დედა კედელივით ცივი გამხდარიყო. „აქ ძალიან ცივა“, - გაიფიქრა ბიჭმა და გაშეშებულს ხელი მიცვალებულის მხარზე შერჩა, შემდეგ გაყინული თითები პირთან მიიტანა გასათბობად, ფარდაგზე ხელის ცეცებით თავისი ქუდი იპოვა და სარდაფიდან უხმაუროდ გავიდა. უფრო ადრეც წავიდოდა, მაგრამ დიდი ძაღლის ეშინოდა, რომელიც მთელი დღე მეზობლის კართან ყმუოდა, მაგრამ ის იქ უკვე აღარ იყო და ბიჭუნა დაუბრკოლებლად გავიდა ქუჩაში.

ღმერთო, რა ქალაქია! მას ამგვარი ჯერ არაფერი ენახა. იქ, საიდანაც ის ჩამოვიდა, ღამღამობით უკუნი წყვდიადი სუფევდა და მთელ ქუჩას ერთადერთი მაშუქა ანათებდა. ოდნავ ჩამობნელდებოდა თუ არა, ხის დაბალ ქოხებში დარაბებს ჩარაზავდნენ და ქუჩაში კაცი არ გაჭაჭანდებოდა, ყველა სახლში შეიკეტებოდა, ღამის სიმყუდროვეს მხოლოდ ათასობით ძაღლის ყეფა არღვევდა. მაგრამ იქ თბილოდა, მას აჭმევდნენ, ხოლო აქ ისე შია - ღმერთო, ნეტავ რამე აჭამონ! როგორი ხმაურია, როგორი სინათლეა, როგორი ხალხი, როგორი ცხენები და ეტლებია, და როგორ ყინავს, როგორ!

ილაჯგაწყვეტილ ცხენებს ცხელი ღვართქაფი ჩამოსდიოდათ. ფხვიერ თოვლში ქვაფენილზე ნალების წკარუნი ისმოდა. ყველა ჩქარობდა, ერთმანეთს ხელს კრავდნენ, ბიჭუნას კი ისე შიოდა, ძალიან, ძალიან შიოდა, ნეტავ ერთ ლუკმას მაინც შეაჭმევდეს ვინმე! სიცივისაგან თითები გაეთოშა, ტკივილისაგან მოხრა უჭირდა. იქვე, ცხვირწინ ბიჭუნა სამართალდამცველმა შენიშნა, მაგრამ თვალი აარიდა, თითქოს ვერც შეემჩნია.

და აი, ისევ ქუჩა - ფართო, ძალიან ფართო! აქ ალბათ შეუმჩნევლად გაგსრესენ. ხალხი ყვირის, მიდი-მოდის, გარშემო ყველაფერი გაჩირაღდნებულია. ეს კი რაა? უზარმაზარი მინა, მის მიღმა კი ჭერამდე აწვდილი ნაძვის ხე უთვალავი სანთლით, ოქროსფერი ქაღალდებით და ვაშლებით მოერთოთ. გარშემო თოჯინები და პატარა სათამაშო ცხენები შემოეწყოთ. ლამაზ და სუფთა ტანსაცმელში გამოწყობილი ბავშვები ოთახში მხიარულად დარბოდნენ, იცინოდნენ, თამაშობოდნენ, ტკბილეულს მიირთმევოდნენ. ერთი გოგონა კი ბიჭს ეცეკვებოდა, ისეთი ლამაზი, საყვარელი გოგონა! მინის მიღმა მუსიკა უკრავდა. ამ ყველაფერს ბიჭუნა გაოცებული შესცქეროდა, ეცინებოდა, მაგრამ ხელები საშინლად გაწითლებოდა, სიცივისაგან ფეხის თითებიც ასტკივებოდა, ვეღარც ხრიდა… უცებ აშინლად ეტკინა, ატირდა და გაიქცა, მაგრამ ისევ საოცარი სანახაობა - ისევ მინა, ოღონდ სხვა სახლის, ოთახში მორთულ-მოკაზმული ნაძვის ხე, გაშლილ მაგიდებზე ყველანაირი ნამცხვარი იდო: ნუშის, წითელი, ყვითელი… იქვე ოთხი მდიდარი ქალბატონი მათთან მისულებს ნამცხვრებით უმასპინძლებოდა. კარი ყოველ წუთას იღებოდა და სახლში უამრავი ბატონი შედიოდა. ბიჭუნა მიიპარა, კარი უცებ შეაღო და ოთახში შევიდა. ისე დაუყვირეს, ხელი მოუქნიეს! ერთი ქალბატონი ბიჭუნას უცებ მიუახლოვდა, ხელში კაპიკიანი ჩაუდო და ქუჩაში გასასვლელი კარი გაუღო. პატარას ძალიან შეეშინდა, კაპიკიანი გაყინული ხელიდან გაუვარდა და კიბის საფეხურზე წკრიალით დაეცა.

შეშინებული ბიჭუნა გამოიქცა, ეტირებოდა, უკანმოუხედავად მირბოდა, თან გაყინული თითები გასათბობად პირთან მიჰქონდა. უეცრად საშინელი სიმარტოვე და შიში იგრძნო, სევდა შემოაწვა, მაგრამ ღმერთო დიდებულო, ეს რაა? ხალხი იდგა და გაკვირვებული უყურებდა რაღაცას: ფანჯარაში, მინის მიღმა, თითქოს სამი წითელ და მწვანე კაბებში გამოწყობილი თოჯინები გაცოცხლებულიყვნენ! ერთი მოხუცი კაცი ვითომ იჯდა და დიდ ვიოლინოზე უკრავდა, ორნი იქვე იდგნენ, პატარა ვიოლინოებზე უკრავდნენ, თან თავებს რიტმულად აქნევდნენ, ტუჩებს ამოძრავებდნენ და ლაპარაკობდნენ - მაგრამ მათი საუბარი მინის აქეთ არ ისმოდა. თავიდან ბიჭუნას მარიონეტები ცოცხალი ადამიანები ეგონა, როცა მიხვდა, რომ თოჯინები იყო, გაეცინა. ასეთი თოჯინები არასდროს ენახა. სიცივისაგან ეტირებოდა, მაგრამ ეს ძალიან, ძალიან სასაცილო თოჯინები ართობდნენ. უცებ ბიჭუნას მოეჩვენა, რომ უკნიდან ხალათზე ხელი სტაცეს, გაიხედა: გვერდით დიდი, ბოროტი ბიჭი ედგა. მან პატარას თავში ხელი წაუთაქა, ქუდი წაართვა და ფეხი გამოსდო. ბიჭუნა დაეცა, ხალხმა შეჰყვირა, გაოგნებული და შეშინებული ბავშვი წამოხტა და უკანმოუხედავად გაიქცა. რომელიღაც ეზოში ჭიშკრის ქვეშიდან შეძვრა, დაჩეხილ შეშასთან ჩამოჯდა და გაიფიქრა: „აქ ბნელა, ვერ მომაგნებენ“.

ბიჭუნა ჩამოჯდა, მოიკუნტა, შიშისა და სიცივისგან სუნთქვა ეკვროდა, მაგრამ უეცრად, სრულიად მოულოდნელად ტკივილმა გაუარა, გათბა, ისე გათბა, თითქოს ღუმელზე მჯდარიყო, უცებ შეკრთა - თურმე ჩასძინებოდა. რა კარგი ყოფილა აქ ძილი! „ცოტა ხანს კიდევ ვიჯდები, შემდეგ ისევ თოჯინების სანახავად წავალ“, - გადაწყვიტა პატარამ, „ისე ჰგვანან ცოცხლებს“ - გაიფიქრა და გაეცინა. უცებ დედის სიმღერა ჩაესმა, „დედიკო, მძინავს, რა კარგია აქ ძილი!“

- ჩემთან ნაძვის ხეზე წამოდი, პატარავ!“ - ჩასჩურჩულა მშვიდმა ხმამ.

დედის ხმა ეგონა, მაგრამ არა, ეს დედას არ უთქვამს. ნეტავ ვინ დაუძახა? ბიჭმა ვერ დაინახა, თუ ვინ დაიხარა მისკენ, მაგრამ ხელი მაინც გაუწოდა და… უეცრად უჩვეულოდ ნათელ ადგილას აღმოჩნდა. საოცარი სინათლე იყო, უჩვეულო ნაძვის ხე იდგა, თუმცა არა, ეს ნაძვი არ იყო, მას აქამდე ასეთი ხეები არ ენახა. ნეტავ სად არის? ყველაფერი ბრწყინავს, ბრდღვიალებს, გარშემო თოჯინებია - არა, ეს თოჯინები კი არა, საოცრად თეთრი გოგო-ბიჭები არიან. ყველა ბიჭუნას გარშემო ტრიალებს, დაფრინავს, მას კოცნიან, ხელში იტაცებენ და თან მიჰყავთ, ახლა თვითონაც დაფრინავს და ხედავს, დედა უყურებს და გახარებული უცინის.
 
- დედა, დედიკო, რა კარგია აქ! - უთხრა დედას, თან ბავშვებს ეფერებოდა და ერთი სული ჰქონდა, როდის მოუთხრობდა მათ სასაცილო თოჯინების შესახებ.

- ბავშვებო ვინ ხართ? საიდან ხართ? - სიყვარულით ეკითხებოდა ბავშვებს და იცინოდა.

- ეს „ქრისტეს ნაძვის ხეა“, - უთხრეს მათ, - შობას ქრისტე მუდამ დგამს ნაძვის ხეს იმ ბავშვებისთვის, ვისაც დედამიწაზე არ ჰქონდა ის.. . - ბიჭუნამ შეიტყო, რომ ეს ბიჭები და გოგონები მის მსგავსად ცხოვრობდნენ. მათგან ზოგი თავიანთ კალათებში გაიყინა, როცა პეტერბურგელ მოხელეებს სახლის კართან მიუგდეს, ზოგი უპატრონო ბავშვთა სახლში ცუდი კვების გამო დაიღუპა, სხვებმა დედის გამშრალ ძუძუსთან სამარაში მძვინვარე შიმშილობისას განუტევეს სული, ან მესამე კლასის აყროლებულ ვაგონებში დაიხუთნენ. შემდეგ ყველა იქ მოხდა და ანგელოზებრივ ცხოვრობენ. ყველა იესო ქრისტეს ფრთის ქვეშ არის, მაცხოვარი შუაში დგას, მფარველ ხელს უწვდის მათ და მათ ცოდვილ დედებთან ერთად ლოცავს, რომლებიც მოშორებით დგანან და თავიანთ პირმშოებს თვალცრემლიანები შესცქერიან. შვილები მათთან მიფრინდებიან, კოცნიან და პატარა თითებით ცრემლებს წმენდენ, სთხოვენ, რომ აღარ იტირონ, - აქ ისინი ძალიან ბედნიერად ცხოვრობენ.

ეს ხდებოდა საიქიოში. სააქაოში კი, გამთენიისას მეეზოვეებმა იმ ბიჭუნას გაყინული ცხედარი იპოვნეს, რომელმაც ღამით შეშასთან მიირბინა. მოიძიეს მისი დედა, თუმცა ის ვაჟზე ადრე გარდაცვლილიყო; ისინი ზეცაში, უფალთან შეხვდნენ ერთმანეთს.

0

ავტორი: