13:44:08     09-02-2012
სად ხარჯავს კობა დავითაშვილი ივანიშვილის მილიონებს

საქართველოს კონტროლის პალატამ საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების ფინანსური დეკლარაციები გამოაქვეყნა, რომელიც 2011 წლის იანვრიდან, 2012 წლის იანვრამდე პერიოდს მოიცავს. აღნიშნული საკითხი, საზოგადოებისთვის საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც კონტროლის პალატის მიერ გავრცელებული დოკუმენტაციის შედეგად გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ქართულ პოლიტიკაში უპრეცედენტო რაოდენობის ფული დაატრიალა და რამდენიმე პარტიას მილიონიანი თამასუქი უძღვნა. რის მიხედვით შეარჩია ივანიშვილმა ,,დასახმარებელი’’ პარტიები, დღემდე ბურუსითაა მოცული, თუმცა კულუარული ინფორმაციით, ივანიშვილსა და აღნიშნული პარტიების ლიდერებს შორის შედგა მოლაპარაკება, რომ ეს ფული ოლიგარქის სასარგებლოდ უნდა დახარჯულიყო, მაგრამ საკანომდებლო ცვლილებებმა ფულის გადამხდელსა და მიმღებებს გეგმები აურია.
რა მდგომარეობაში იყვნენ პარტიები ივანიშვილის კარის გახსნამდე და როგორ ივსება პარტიული ყულაბები რუსეთში ნაშოვნი მილიონებით, ამის ნათელ სურათს ქმნის საფინანსო დეკლარაციები, რომელიც კონტროლის პალატამ გამოაქვეყნა. ,,ეროვნული ფორუმი’’ ივანიშვილმა დიდი წვალებისა და ხვეწნა–მუდარის შემდეგ, როგორც იქნა შუშის სასახლეში შეუშვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი ფინანსური დეკლარაცია, მომავალ წელს ასეთი ღარიბული აღარ იქნება, ისევე როგორც ხიდაშელის, ალასანიას, დავითაშვილის, ძიძიგურის პარტიების.
,,ეროვნული ფორუმის’’ ფინანსური მდგომარეობის ანალიზი 2011 წელს ასე გამოიყურება: სულ პარტიას მიღებული აქვს 103 571 ლარი. აქედან სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეადგენს 79 407 ლარს, ხოლო განვითარებისა და რეფორმების ფონდის დაფინანსება – 201 525 ლარს. სხვა შემოსავალი, არც საწევრო და არც შესაწირის სახით ,,ეროვნულ ფორუმს’’ არ გააჩნია. აღნიშნული თანხიდან მივლინებებში დაუხარჯავთ 36 510 ლარი, ოფისის ხარჯები – 16 831, იჯარის ხარჯი – 28 000, განვითარებისა და რეფორმების ფონდის ხარჯები – 21 630, რაც 2 639 ლარით აჭარბებს მიღებულ შემოსავალს.
ახლა გადავხედოთ ივანიშვილთან დაახლოების შემდეგ პარტიების შემოსავლებს. ,,კონსერვატიული პარტიის’’ თავმჯდომარე – ზვიად ძიძიგური, რომელსაც ,,შედეგი აქვს უზარმაზააარი’’, წარმოგვიდგენს: საფინანსო დეკლარაციის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტია დაფინანსდა 157 626 ლარით, ხოლო საარჩევნო სისტემის განვითარების, რეფორმებისა და სწავლებების ცენტრის მიერ კვარტალში ერთხელ – 16 143 ლარით. სულ დაფინანასება შეადგენს 222 202 ლარს. საბანკო ანგარიშები გახსნილი აქვს ,,ქართუ ბანკსა’’ და ,,საქართველოს ბანკში’’.
პარტიას ხელფასის სახით გაცემული აქვს 7 740 ლარი, (წარმოდგენილ ცხრილებში კი ხელფასის სახით გაცემული 9 675 ლარი ფიქსირდება). სოციალური და საშემოსავლო შენატანები შეადგენს 22 251 ლარს. ყველა რაიონში დაფუძნებული აქვს თავისი ორგანიზაცია, სადაც იხდის ოფისის ქირას, კომუნალურ და საკომუნიკაციო ხარჯებს. წლის მაძილზე გადახდილმა იჯარამ შეადგინა 103 326 ლარი, მათ შორის ავანსად არის გადახდილი 48 488 ლარი. მივლინებებში ,,კონსერვატიულ პარტიას’’ დაუხარჯავს 56 020 ლარი. ხელფასის სახით პარტიის თავმჯდომარის მიერ გაცემული თანხა 7 740 ლარი რომ 12 თვეზე გავყოთ, 654 ლარი გამოდის, შესაბამისად, ძიძიგური ან ხელფასებს არ უხდის თანამშრომლებს, ან ისინი მზად არიან პარტიას უხელფასოდ ემსახურონ.
ეს თანხა, მხოლოდ ერთ ადამიანს ერიცხება, ან რაღაც გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. ერთი კაცის პირობებში, ოფისის და მივლინებების ხარჯებიც კითხვის ნიშნებს აჩენს, თუმცა კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება 2011 წლის დეკემბერში, როცა მილიარდერმა ივანიშვილმა ზვიად ძიძიგურს ბედნიერი ახალი წელი გაუთენა და მის პარტიულ ანგარიშებზე უხვად გზავნა 100–100 ათასი ლარი. აუდიტორულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ,,კონსერვატიულ პარტიას’’ დეკემბერში სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, შემოწირულობის სახით ჩაერიცხა 1 100 000 ლარი. თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეს სხვადასხვა ორგანიზაციები ბიძინა ივანიშვილის სოკოებივით გამრავლებული ფირმები გახლავთ.
ამავე პერიოდში, პარტიამ აღნიშნული თანხიდან 1 020 000 ლარის საწვავი შეიძინა (ტალონური სისტემით). დეკლარაციაში მითითებულია, რომ ,,კონსერვატიულ პარტიას’’ მთელი წლის განმავლობაში, 2011 წლის იანვრიდან – 2012 წლის იანვრამდე შეუძენია 1036 359 ლარის საწვავი. შესაბამისად, მთელი წლის მანძილზე, ძიძიგურს 16 359 ლარის საწვავი დაუხარჯავს და საინტერესოა, მსოფლიოს შემოვლას ხომ არ აპირებს მიმდინარე წელს მილიონის ღირებულების საწვავით? თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა, სწორად ვერ აღიქვა ცვლილებები კანონში პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით და იმის შიშით, რომ კანონს უკუძალა არ ჰქონოდა და ივანიშვილისგან ძლივს მიღებული მილიონი სახელმწიფოს არ ჩამოერთმია, ფორს მაჟორში მოუწიათ თანხის დახარჯვა. როგორც ჩანს, ძიძიგურს მეტი ფანტაზია არ ეყო.
სამაგიეროდ, კობა დავითაშვილმა მოიფიქრა პრემიებში გაეხარჯა ეს თანხა და სახლში საახალწლოდ თუ არა, ახალი წლის შემდეგ, მაინც მისულიყო ნობათით ხელდამშვენებული. არადა, თავიდან მასაც მოწონებია საწვავის შეძენის იდეა, ,,რომპეტროლ საქართველოსთვის’’ 825 000 ლარი გადაურიცხავს, მაგრამ, როგორც ჩანს იურისტი კობა დავითაშვილი მალე გაერკვა საკანონმდებლო ცვლილების არსში და 600 000 ლარი უკან დაიბრუნა. რადგან ივანიშვილის ფულს არ მართმევენ, 225 000 ლარის საწვავიც მეყოფა, თუ არადა ძიძიგურს ბენზინი მაინც ოხრად აქვს და ძმურად გამიყოფსო.
,,ხალხის პარტიას’’ ბიუჯეტიდან 157 626 ლარი აქვს მიღებული, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან იღებს მიზნობრივ დაფინანსებას და წლის განმავლობაში მიღებული აქვს 64 575 ლარი. იურიდიული პირებისგან კი შემოწირულობის სახით, ცხადია ივანიშვილის კომპანიებისგან მანაც, ძიძიგურის მსგავსად, 1 100 000 ლარი მიიღო. ,,ხალხის პარტიის’’ მთლიანმა შემოსავალმა, რომელიც დავითაშვილმა ,,ლიბერთი ბანკს’’ მიაბარა, წლის განმავლობაში შეადგინა 1 322 202 ლარი. ივანიშვილის თამასუქიდან პრემია რომ დაუნიშნა საკუთარ თავს და თანამშრომლებსაც გაუნაწილა, ეს უკვე ვიცით და თავად კობა დავითაშვილმაც ამცნო საზოგადოებას ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ. კონტროლის პალატაში წარდგენილი დოკუმენტებით, კობა დავითაშვილს წლის განმავლობაში ხელფასის სახით გაუცია 6 840, ხოლო პრემიის სახით 96 250 ლარი. ალბათ ძალიან საინტერესოა როგორ და რამდენ ადამიანზე ანაწილებდა მთელი წლის მანძილზე დავითაშვილი 6 840 ლარს, და კიდევ უფრო საინტერესოა პრემიების საკითხი. თუ ერთ პირზე 6 840 ლარს გადავანაწილებთ 570 ლარი გამოდის, პრემია კი 14–ჯერ აღემატება წლის განმავლობაში გაცემული ხელფასის ოდენობას.
დავითაშვილის პარტიის ოფისის ხარჯმა შეადგინა 14 590 ლარი, საიჯარო ქირის ხარჯში 102 490 ლარია გაწერილი. ოფისის რემონტმა 4 130 ლარი შეადგინა. კაბიეტიდან არ გასულა და ოფისი მაინც ხომ უნდა ჰქონოდა კომფორტულად მოწყობილი, რომ სასიამოვნო ყოფილიყო მრავალშვილიანი ოჯახისგან დღის მანძილზე თავის გარიდება. აი ,,რესპუბლიკური პარტია’’ სულ სხვა დონეა. თუ კობა დავითაშვილს და ზვიად ძიძიგურს მხოლოდ ივანიშვილი სწირავს ფულს ,,რესპუბლიკურ პარტიას’’ სხვა შემწირველიც ჰყავს.
მართალია ივანიშვილს ჰგონია ,,რესპუბლიკელებს’’ ხალხის ენაზე საუბარი არ შეუძლიათ და იმიტომ არიან ურეიტინგოები, მაგრამ ასე სულაც არ არის, მათ იმდენად კარგად შეძლებიათ ხალხის ენაზე საუბარი, რომ ქალბატონი ვენერა სუთიძე იმისთვის, რომ ,,რესპუბლიკური პარტია’’ ერჩინა, თითქმის ყოველთვიურად 100 ლარს სწირავდა მათ და დაფინანსება მას შემდეგაც კი არ შეუწყვიტავს, რაც ივანიშვილმა სხვა პარტიების მსგავსად 1 100 000 ლარი უფეშქაშა. ,,რესპუბლიკელებს’’ წლის მანძილზე 1 283 334 ათასი ლარი ჰქონდათ შემოსავალი. აქედან, როგორც აღვნიშნეთ, მათ ფონდზე მხოლოდ ვენერა სუთიძე და ბიძინა ივანიშვილი ზრუნდავნენ. 2011 წლის ბოლოს, 29 დეკემბერს, საახალწლოდ, ივანიშვილის ფულით ,,რესპუბლიკელებმა’’ შეიძინეს ,,ტოიოტას’’ ფირმის ოთხი ავტომობილი – 57 092, 83 876, 49 032 და 46 345 ლარის ღირებულების. რამაც სულ 237 347 ლარი შეადგინა.
,,რესპუბლიკურ პარტიას’’ ხელფასის სახით გაუცია 213 050 ლარი, ქვეყნის გარეთ მივლინებებში დაუხარჯავს 7 521 ლარი (სულ, საქონელი და მომსახურების მუხლში 830 521 ლარია გაწერილი). ოფისის ხარჯები შეადგენს 143 759 ლარს, აქედან საკანცელარიო საქონლის, საოფისე ტექნიკისა და ინვენტარის შეძენა–დამონტაჟება, მოვლა–შენახვაზე დახარჯულია 106 220 ლარი. ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა–შენახვის ხარჯმა შეადგინა 347 952 ლარი. ხოლო საწვავის ხარჯმა – 110 605 ლარი. საწვავსა და მონო ბარათებში ,,რესპუბლიკელებს’’ 116 300 ლარი დაუხარჯავთ.
საფინანსო დეკლარაციებში ვერ მოვიძიეთ, თუმცა როგორც ,,პრესა.ჯი’’–სთვის ცნობილი გახდა, ივანიშვილის განკარგულებით, 5000დან–6000 დოლარის ფარგლებში, ათობით მსუბუქი ავტომობილი შეიძინეს დეკემბერ–იანვარში. ძირითადი მოთხოვნა იყო ,,ბმვ’’ მარკის ავტომობილებზე, რომელიც შავი ფერის უნდა ყოფილიყო და ტყავის სალონი ჰქონოდა. ,,პრესა.ჯი’’–ს თანამშრომელი თავად გახდა მოწმე, რუსთავის მომსახურების სააგენტოში, ავტომანქანის გადაფორმების პროცესში, როგორ საუბრობდა ავტომანქანების შეძენაზე მიმაგრებული პირი, თუ რამდენი ავტომობილი შეიძინა ერთი კვირის მანძილზე და რომ ავტომანქანებს შემოწმებისა და ვაჭრობის გარეშე, მითითებისამებრ, ფერითა და ტყავის სალონით არჩევდა.
0