15 ათასი ირანელი ჯარისკაცი ასადისთვის 15 ათასი ირანელი ჯარისკაცი ასადისთვის />


  21:51:57     08-02-2012

15 ათასი ირანელი ჯარისკაცი ასადისთვის

a14913.jpg

ებრაული საიტის Ynet-ის ინფორმაციით, ირანმა ბაშარ ასადს 15 ათასი სამხედრო გაუგზავნა. ამავე ინფორმაციის თანახმად, ირანის ელიტური ქვედანაყოფის „ალ-კუდსის“ ყველა ჯარისკაცი უკვე ჩავიდა სირიაში და ირანის სამხედრო დახარებას სირიის საკითხში გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლია.

ეს ცნობა იმ ფონზე გავრცელდა, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი მიხეილ ფრადკოვი მევედევის  დავალებით დამასკოში ჩავიდნენ. ოფიციალურ განცხადებებში, ასადთან შეხვედრის შემდეგ, ლავროვმა აღნიშნა, რომ ვიზიტი შედეგიანი აღმოჩნდა, სირიის პრეზიდენტი მზადაა ყველა ოპოზიციურ ძალასთან დიალოგისთვის, შეხვედრა მოსკოვში შედგება, პარალელურად, ახალი კონსტიტუციის შესაქმნელად ასადი იურისტებსაც დაელაპარაკება. ლავროვი დარწმუნებულია, რომ სირიის პრეზიდენტი აბსოლუტურად გულწრფელი იყო, როცა გაიზიარა შეხედულება, რომ ქვეყანაში ძალადობა უნდა შეწყდეს.

თუმცა ასეთი დარწმუნებულები არ არიან ვაშინგტონში. აშშ-მა მოუწოდა მოსკოვს, რომ ასადის ნდობა არ შეიძლება. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯეი კარნიმ ბრფინგზე განაცხადა: ჩვენ არ ვიცით, რა იყო ვიზიტის მიზანი, მაგრამ რუსებმა უნდა გაიგონ, რომ ასადზე დაყრდნობა, ეს მარცხისკენ გზაა. უცხოური მედიაც წერს, რომ ასადის დაპირება, - რომ ძალადობა მალე შეწყდება, დაკავშირებულია იმასთან, რომ რეალურად, ასადი არმიის გაძლიერებას სწორედ ირანელი ჯარისკაცებით აპირებს.

ამასთან, მოსკოვი ისევ არ აპირებს სირიისთვის იარაღის მიწოდებაზე კონტრაქტის შეჩერებას. როგორც თავად რუსული მედია წერს, ერთ-ერთი კონტრაქტის თანახმად დამასკო რუსეთისგან მიიღებს კომპლექს „ბასტიონს“, ზებგერითი ფრთიანი რაკეტა „იახონტებით“. ეს რაკეტები მოწინავე იარაღია, რომლის ნაიტრალიზებაც, როცა ის მიზნისკენ მიიწევს, შეუძლებელია. ეს შეიარაღება დაიცავს სირიის მთელი სანაპიროს ზღვიდან თავდასხმის შემთხვევაში - ტრაბახობენ რუსი სამხედრო  ექსპერტები. მათი თქმით „იახონტს“ საშინელი გამანადგურებელი ძალის დარტყმის მიყენება შეუძლია და  თავდაცვის საშუალება მის წინააღმდეგ, მსოფლიოში ჯერ არ არსებობს. ამ რაკეტების აღმოჩენა თვით უახლესი წარმოების ამერიკული რადარებითაც რთულია, რადგან როცა რაკეტა დაფიქსირდება, უკვე ძალიან ცოტა დრო რჩება იქამდე, ვიდრე ის მიზანს მიაყენებს დარტყმას.

სირიიდან, კონსულტაციისათვის ელჩები გაიწვიეს დიდმა ბრიტანეთმა, ბელგიამ, იტალიამ, ესპანეთმა და საფრანგეთმა. აშშ-მა კი საერთოდ დახურა საელჩო. გუშინ კი სირია დატოვეს სპარსეთის ყურის არაბულმა სახელმწიფოებმაც -  ბაჰრეინის, საუდის არაბეთის, კატარის, ქუვეითის, ომანისა არაბეთის გაერთიანებული ემირატების ელჩებმა. გასულ კვირას ეს ქვეყნები დამკვირვებელთა ჯგუფიდანაც გავიდნენ.
0

ავტორი: