21:42:11     08-02-2012
მოსკოვი, ოკუპირებული რეგიონებისათვის, თბილისის მიერ შეთავაზებულ პასპორტებზე ანერვიულდა

საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისათვის შეთავაზებული ნეიტრალური პასპორტები, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეშფოთების საგანი გახდა. რამდენადაც ცნობილია, უკვე გაცემულია რამდენიმე ათეული პასპორტი, რაც, როგორც ჩანს, მოსკოვისთვის არასასურველი პერსპექტივის ნიშანია. ამიტომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ თემაზე განცხადებას აკეთებს, რომელშიც ქართული მხარის მიმართ გაღიზიანების გამძაფრების მიზნით, ოკუპირებულ რეგიონებს 2008 წლის „ქართულ აგრესიასაც“ შეახსენებს.
„ნეიტრალური პასპორტები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას სთავაზობს, რეალურად, სულაც არაა ნეიტრალური. საქართველო მითითებულია გრაფაში „სახელმწიფოს კოდი.“ ხოლო გამცემი ორგანოა საქართველოს შს სამინისტრო. ამდენად, იმის მტკიცება, რომ დოკუმენტში ქართული სახელმწიფოს სიმბოლიკა არ ფიგურირებს, მხოლოდ სატყუარაა“ - მიიჩნევს რუსეთის საგარეო უწყება, სადაც, საკუთარი „გულწრფელი ზრახვების“ ფონზე, საქართველოს ხელისუფლების ამ ინიციატივას „უღირს გაიძვერობას“ უწოდებენ. მოსკოვი, როგორც ყოველთვის, თავად კისრულობს იმ „შუამავლის“ როლს, რომელიც ხშირ-ხშირად შეგვახსენებს, რომ „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ არჩევანი დამოუკიდებლობის სასარგებლოდ გააკეთა და არ სურთ რაიმე საერთო ჰქონდეთ ქართულ სახელმწიფოსთან“. რუსეთში, პარალელურ რეჟიმში, იმასაც ამტკიცებენ, რომ აფხაზებსა და ოსებს არაფერში სჭირდებათ ეს დოკუმენტები, რადგან უკვე აქვთ რუსული პასპორტები, მაგრამ როგორც ჩანს, ამის თავადაც არ სჯერათ და შიშობენ, რომ ნეიტრალური პასპორტები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დანარჩენ საქართველოსთან დააკავშირებს. სწორედ იმ საქართველოსთან, რომელიც ამავე განცხადების თანახმად, 2008 წელს „ბარბაროსულად დაესხა თავს ამ რესპუბლიკებს“.
საინტერესოა, რომ ოკუპანტებისა და ოკუპირებულების პოზიცია ნეიტრალურ პასპორტებთან დაკავშირებით, განსხვავებულია. თუ რუსებსა და აფხაზებს მიაჩნიათ, რომ ეს ქართული „სატყუარაა“, ცხინვალმა განაცხადა, რომ „ამ პასპორტების შეთავაზებით ქართველებმა, ფაქტობრივად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.“ შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ცხინვალი მასობრივად მიეძალოს ამ დოკუმენტებს.
თუმცა, როგორც ირკვევა, მსურველები აფხაზეთიდან უფრო მეტნი არიან. ეს დოკუმენტი აღიარეს ევროპულმა ქვეყნებმაც, მათ შორის ჩეხეთმა და იაპონიამ, რაზეც განსაკუთრებულად მწვავე რეაქცია აფხაზებს ჰქონდათ. ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომ მათი მონაწილეობის გარეშე, ასეთი საკითხების გადაწყვეტა მიუღებელია, ხოლო იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მოქალაქეებს ამ პასპორტებს შესთვაზებენ, სოხუმი გაძევებით დაემუქრა. აფხაზები უკვე დააფიქრა იმან, რომ როგორც თავად აღნიშნავენ, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გაცემულ რუსულ პასპორტებში შენგენის ვიზის ჩარტყმაზე უარის თქმის ფაქტები ბოლო დროს საგრძნობლად გახშირდა. ამ ფონზე კი, ნეიტრალური პაპოსრტები, შესაძლოა, მეტად მიმზიდველი გახდეს.