19:54:40     08-02-2012
აფხაზი პაციენტი თბილისში: ექიმებმაც და ექთნებმაც იციან სტუმართმოყვარეობის დემონსტრირება...

თბილისში სამკურნალოდ ჩამოსულ აფხაზ პაციენტთა რიცხვი, როგორც ჩანს, იმდენად მომრავლდა, რომ აფხაზურმა გაზეთმა „რესპუბლიკა აბხაზიამ“ ამ „პრობლემის“ მიზეზების გარკვევა სცადა.
დიგნოზი დასმულია, სად წავიდე?
„სამკურნალო მარშრუტი“ სოხუმი–თბილისი, აღმოჩნდა, რომ ყველაზე მისაღებია. მართალია, „მეგობარ“ რუსეთთან აფხაზეთის ჯანდაცვის სისტემა აქტიურად თანამშრომლობს, მაგრამ რუსეთის კლინიკები, როგორც ცნობილია, ძვირია, პაციენტს აფხაზეთიდან ეუბნებიან - „ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, აფხაზეთიდან ხართ თუ სხვა ადგილიდან…“
თუმცა იმის გამო, რომ თბილისში, თუნდაც მომაკვდავი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად ჩამოსვლა დღეს სოხუმში „ღალატის ტოლფასია“, ადამიანებს, რომლებიც აქ უკვე იმყოფებოდნენ სამკურნალოდ, ბევრის თქმა და ლაპარაკი უჭირთ და არც სახელისა და გვარის გამხელა სურთ.
როგორც სტატიის ავტორი წერს, ის ძალიან ბევრ ადამიანს შეხვდა, რომლებიც თბილისში სამკურნალოდ იყვნენ ჩამოსულები.
ქართულ-აფხაზური ომის ვეტერანი:
- ბავშვით ხელში, ბევრი ვიარე მდინარე ფსოუს მიღმა. ბლომად ფული დავხარჯე. ექიმები თავს იქნევდნენ: დაავადება განუკურნებელიაო. მე, მამას, არ შემეძლო ამას შევგუებოდი. და როცა მირჩიეს: წადი თბილისში, იქ სასწაულმოქმედი დასავლური ტექნოლოგიებია, მე გადავლახე სიძულვილი, რომელსაც ამ ქალაქის მიმართ განვიცდი და წავედი… მათ, ჩვენ უბედურება მოგვიტანეს, ჩვენი შვილები მაინც განკურნონ. ბავშვს უშველეს და ეს დღეს ჩემთვის ყველაზე მთავარია.
60 წლის მამაკაცი, რომელმაც ომში ახლობლები დაკარგა:
- გულმა შემაწუხა. გამოკვლევის შემდეგ საჭირო გახდა მოსკოვში წავსულიყავი. ჩამიტარეს ანალიზები, ყველა ხარჯი დავფარე და ოპერაციისთვის მზადება დავიწყე - შულტირებისთვის. მაგრამ ექიმმა მითხრა, რომ ოპერაციას მხოლოდ 2-3 თვის შემდეგ გამიკეთებდნენ, რადგან რიგი იყო. „აფხაზეთიდან ხართ თუ სხვა ადგილიდან, ჩვენთვის სულერთია. გსურთ, აქ მოიცადეთ, გსურთ - სახლში. ჩვენ თავად გამოგიძახებთ“ - მითხრა მან. მაგრამ „ხვალ“, შესაძლოა, ჩემთვის აღარ დამდგარიყო. და აქ ახლობლებმა მირჩიეს: თბილისში წადი, იქ ამდენი ცდა არ მოგიწევს.
თბილისში, საავადმყოფოში დაწოლამდე ბინაში მომათავსეს, - ყვება აფხაზი პაციენტი. - და გავოგნდი, როცა ამ სახლის მეზობლები კლინიკაში მოვიდნენ: ჩვენ მოვედით სტუმართან აფხაზეთიდან! რაც შეეხება თავად სამკურნალო დაწესებულებას, ის გერმანელების მიერაა შექმნილი, არის ძალიან თანამედროვე, კონსულტანტებადაც გერმანელები მუშაობენ. პირდაპირ გეტყვით, თბილისში ხალისით არ წავსულვარ და გულცივ დამოკიდებულებას მოველოდი. მაგრამ რაც საჭიროა, უნდა ვთქვა იქაურ ხალზე - ექიმებმაც და ექთნებმაც იციან დემონსტრირება სტუმართმოყვარეობისა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით, მაგრამ არასოდეს შევხებივართ ომისა და დევნილების თემას. ალბათ იმიტომ, რომ მე, აფხაზი, არ გავნერვიულებულიყავი. ბუნებრივია, საქართველოში სამედიცინო მომსახურება ფასიანია. მაგრამ მე, როგორც 60 წლის ადამიანს, რაც ძალიან გამიკვირდა, 70%-იანი ფასდაკლება გამიკეთეს. ხოლო როცა მწერდნენ საავადმყოფოდან, ისე გამომაცილეს, როგორც ვიღაც განსაკუთრებული პერსონა, და ამანაც როგორ არ უნდა გაგაოცოს. თან მითხრეს, რომ ნახევარ წელიწადში ისევ მელოდებიან შემოწმებისათვის.
აფხაზი პაციენტი, საუბრის ბოლოს ჟურნალისტს სთხოვს, გაზეთში არც მისი გვარი და სახელი დაწეროს და არც ის ჰკითხოს, წავა თუ არა თბილისში, სადაც „შემოწმებისთვის ელოდებიან“…
აფხაზეთის "ჯანდაცვის მინისტრი" თამაზ წახნაკია, რასაკვირველია, უარყოფს, რომ აფხაზები თბილისში სამკურნალოდ დადიან. ჩემი აქ მუშაობის პერიოდში ასეთი თხოვნით არავის მოუმართავს, - ამბობს ის. მაგრამ ასეთ ოფიციალურ განაცხადს, რომ თბილისში სურს სამკურნალოდ წასვლა, სოხუმში მართლაც არავინ აკეთებს. აფხაზები ამჯობინებენ ჩუმად, ზედმეტი ხმაურის გარეშე გადალახონ ენგური და ასეთი შემთხვევები უკვე ძალიან ხშირია.
წახნაკიას ასეთი ახსნა აქვს, - ალბათ, იმიტომ მიდიან თბილისში, რომ იქ ნათესავები და მეგობრები ჰყავთ, რომლებიც გარანტიებს აძლევენ და კლინიკაში მოწყობაშიც ეხმარებიან.
იმისთვის, რომ სტატია ზედმეტად „ხმამაღალი“ არ გამოსულიყო, ზემოთ მოყოლილი ისტორიების ბოლოს ჟურნალისტი მაინც აფხაზეთში შექმნილი საზოგადოებრივ აზრის გათვალისწინებით ასკვნის: აფხაზ პაციენტებს, რომლებმაც თბილისში მზრუნველობა იგრძნეს, არ შეიძლება არ ესმოდეთ, რომ ყოველივე ამის უკან პოლიტიკური ქვეტექსტია - წარმოადგინონ საქართველო მიმზიდველ ქვეყნად, რომელთანაც უნდა იმეგობრო და ყველა წყენა დაივიწყო. ეს ხელოვნურია - ასკვნის ჟურნალისტი.
თუმცა მთავარია, რომ ასე არ ფიქრობენ თავად აფხაზი პაციენტები, რომლებმაც ეს „ხელოვნური“ დამოკიდებულება საკუთარ თავზე გამოსცადეს და შიშის მიუხედავად, რომ მოღალატედ გამოაცხადებენ, ამის არაღიარება უსინდისობად მიაჩნიათ. 0