12:54:21     08-02-2012
„გიამბობ სიფრიადესა დავითის, აღმაშენთასა“
8 თებერვალს (ძველი სტილით 26 იანვარს) ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდა კეთილმსახური მეფის, დავით IV აღმაშენებლის სხენების დღეს.
ეს ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია ქართველი ხალხისათვის. დავით აღმაშენებლის ფენომენში განხორციელდა და გამოჩნდა ქართველი ადამიანის ყველა ტალანტი - ხალხის სიყვარული, მამულიშვილობა, საქმისათვის თავდადება, ფიზიკური სიძლიერე, სახელმწიფოებრივი შესაძლებლობანი, სამხედრო დიდება, უდიდესი ეროვნული აღორძინების შესაძლებლობა, სულიერი სიფაქიზე, მორალური ამაღლებულობა, განათლებულობა, კულტურტრეგერობა, შეუპოვარი შრომის უნარი, პოეტური ნიჭი, დიდი ქრისტიანული რწმენა...
რაც არ უნდა უჭირდეს ქართველს, მას უდიდეს ძალას აძლევს შეგნება, რომ საქართველოს 56 000 ჯარისკაცს შეუძლია დაამარცხოს 400 000 (ზოგი წყაროთი 500 000 და მეტი) საქართველოსა და ქრისტიანობის, ზოგადად სამართლიანობის მტერი.
დავით აღმაშენებელი არა მარტო ქართველთა სიამაყეა, ის უნიკალური მოვლენაა კავკასიის ისტორიაში, რომლის მეფობიდანაც იწყება კავკასიის გაერთიანება გარეშე მტრების წინააღმდეგ და კავკასიელი ხალხების, სომხების, შარვანელების, ოსების, ყივჩაღების, დურძუკების და სხვათა მშვიდობიანი ცხოვრება და აღორძინება.
ამიტომ, დავით აღმაშენებელი არა მარტო ქართველთა გმირია, ის გმირია სხვა კავკასიელი ხალხებისთვისაც... სომეხთა ფიზიკურ და სარწმუნოებრივ გადარჩენაში უდიდესია მისი ღვაწლი. სომეხ დიდებულთა თხოვნით დავით აღმაშენებელმა ქართული არმიით გაათავისუფლა სომეხთა ერთ-ერთი დედაქალაქი ანისი და მისი მიმდგომი მიწები, ქრისტიანულ ტაძარში გამართული საჯინიბო მოაშლევინა და ტაძარი კვლავ აკურთხებინა. დავით აღმაშენებელმა შეარიგა სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადამტერებული ოსები და ყივჩაღები...
კავკასიის მტრები განიდევნენ: „რამეთუ სულტანი დასუა მოხარკედ თჳსა, ხოლო მეფე ბერძენთა ვითარ-ცა სახლეული თჳსი; დასცნა წარმართნი, მოსრნა ბარბაროზნი, მრწემად მოიყვანნა მეფენი, ხოლო მონად ჴელმწიფენი; მეოტად წარიქცივნა არაბნი, იავარად ისმაიტელნი, მტუერად დასხნა სპარსნი, ხოლო გლეხად მთავარნი მათნი. და რათა მოკლედ ვთქუა, პირველ ყოფილნი მეფენი, გოლიათნი, გმირნი კაცნი იგი, საუკუნითგან სახელოვანნი, მჴნენი და ძლიერნი, და რათა-ცა საქმეთა ზედა სახელოვანნი, ყოველნი-ვე ესრეთ დასხნა, ვითარცა პირუტყუნი ყოველსა საქმესა შინა“.
დაიბადა 1073 წელს, თურქებისაგან გავერანებულ საქართველოში. 1089 წელს 16 წლის უნიჭიერესი და ბრძენი ჭაბუკი ტახტზე აიყვანეს ქართული სახელმწიფოსთვის თავდადებულმა მამულიშვილებმა, დიდმა ეტატისტებმა. „თჳთ მამამან დაადგა გჳრგჳნი მეფობისაჲ; - უჭეშმარიტესი ითქუნ: თვთ მამამან ზეცათამან პოვა დავით, მონაჲ თჳსი და საცხებელი მისი წმიდაჲ სცხო“- წერს მისი ისტორიკოსი.
ქვეყანა გავერანებული იყო, სამეფო-სამთავროებად დაშლილი. მხოლოდ აფხაზეთს აკონტროლებდა მეფე და მისი გუნდი...
დიდი რწმენით, დაუღალავი შრომით, თავდადებით, ჯარის წვრთნით, ხალხის მომზადებით, პატიოსნებით, ქრისტიანობით, დიდი განათლებით, მღვიძარებით... დავით აღმაშენებელმა შეძლო და იმერნი და ამერნი გააერთიანა და მტერი განდევნა ქვეყნიდან. რა კარგად დაინახა კონსტანტინე გამსახურდიამ დავით აღმაშენებლის ფსიქოლოგიური სახე: „ორი სიცოცხლე რომ მოგენიჭებინა, დედა, ორივეს თბილისის შემოერთებას შევალევდიო“. მანამდე კი არსენ იყალთოელმა და სხვებმა.
ტფილისი, ერთგარად, აღთქმული მიწა გამხდარიყო ქართველებისათვის, თითქმის ოთხი ასეული წელი.
ტფილისი, არა მარტო ქართველთა დედაქალაქი, არამედ კავკასიის ცენტრი და მეტროპოლია, ჩვენი კულტურის ყველაზე, ყველაზე მთავარი ცენტრი, ჩვენი ენისა თუ ეროვნული ცნობიერების მდგენი თუ კოინე.
უდიდესი დამსახურება მიუძღვის ყველა კულტურულ ცენტრს ქართველებისას ჩვენი ერის წინაშე, უცხოეთში თუ ქართველთა რომელიმე სამეფოში, მაგრამ, ჩვენს კულტურას ყველაზე მეტი მასშტაბებით აღორძინება ტფილისის კვლავ გადედაქალაქებამ მისცა.
„ძლევაჲ საკჳრველი“ ჩვენი ერის უდიდესი სიამაყეა სამხედრო საქმეში, რომლის შემდეგაც ქართული სახელმწიფო გაერთიანდა და ტფილისი გახდა ერთიანი საქართველოს დედაქალაქი. ამ დროს ლაზური ქალდეას (ტრაპიზონის) მიწების მთავარიც დაემორჩილა ქართველთა საერთო მეფეს.
დავით აღმაშენებელმა გააერთიანა მთელი კავკასია აზოვისა და შავი ზღვებიდან დარუბანდისა ზღვადმდე... „და თუ-მცა დავითს სპარსთა ჰქონებოდა მეფობა, ანუ ბერძენთა და ჰრომთა ძალი, ანუ სხუათა დიდთა სამეფოთა, მაშინ-მცა გენახნეს ნაქმარნი მისნი, უაღრესნი სხუათა ქებულთანი“
53 წლისა გარდაიცვალა ჩვენი საამაყო იმპერატორი, ძალიან ახალგაზრდა, დაღალა მძიმე შრომამ, ბრძოლამ, მღვიძარებამ, დასვენების გარეშე ცხოვრებამ... „იყო მაშინ თუე იანვარი ოცდაოთხი და დღე შაბათი, ოდეს ქრონიკონი იყო სამას ორმოცდახუთი, ხოლო წელიწადნი მისნი შობითგანნი ორმოცდაცამეტნი. ხოლო მეფობდა ოცდათექუსმეტ წელ“...
დავით აღმაშენებელზე უამრავი რამ დაწერილა. ძალიან მიყვარს არსენ ბერის „მეფესა დავითს“, „ეპიტაფია“... საოცარია დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“, ანდერძებიც...
დავით აღმაშენებლის სხენების დღის აღსანიშნავად პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ უცნობი ავტორის შესანიშნავ ლექსს „გიამბობს სიფრიადესა“. ამ ლექსში მოკლედ და ძალიან ლამაზად გადმოცემულია დავით აღმაშენებლის ფრიადი დამსახურებანი.
გიამბობ სიფრიადესა
გიამბობ სიფრიადესა
დავითის, აღმაშენთასა,
მტკიცესა მკლავსა, განმგესა,
წყობასა სპარაზენთასა.
მაღლით განცდათა ქვენათა,
ლალვათა აღნაგზენთასა
და ქველთა საქმეთ ურიცხვთა,
გლახაკთად მინაფენთასა.
გითხრობ წმიდათა ადგილთა
ნიჭთა მათ მოსახსენთასა,
ვინა მიიღო საზომი
მათ უთვალავთა ძღვენთასა, -
ხიდთა, გზათა და ზღუდეთა
ხანაგათ, კვლავ საყენთასა,
და იყო დიდი სიმრავლე
განარკვთა, თქმულთა ბრძენთასა.
მკურნალთ ხადოდის სულისა
და ხორცთ შექმნილთა სენთასა,
მოწლედ სწყალობდის მოძღვართა,
ათონით მონავლენთასა,
ათენსა სწვრთნიდის ჭაბუკთა,
იყალთოს მონასმენთასა
და სთესდის მადლს და სიბრძნესა
სულმნთებთა აღმაფრენთასა.