შალვა ნათელაშვილი:  ბიძინა ივანიშვილი ეპოქის მატყუარაა შალვა ნათელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი ეპოქის მატყუარაა />


  12:48:23     08-02-2012

შალვა ნათელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი ეპოქის მატყუარაა

a14893.jpg

შალვა ნათელაშვილი პოლიტიკაში ბიზნესმენ ივანიშვილის მოსვლას აფასებს. „პრესა.ჯი“–სთან საუბრისას „ლეიბორისტების“ ლიდერი აღნიშნავს, რომ ილიგარქს პირადი ბიზნეს ინტერესები აქვს და მასთან არაფერ შუაშია პოლიტიკა. „პოლიტიკაში, რომ შემოვიდეს პიროვნება, ის უნდა იყოს პოლიტიკოსი. თუ  ახლა პიროვნებამ იშოვა მილიარდები ინდოეთში იარაღის კონტრაბანდით, ამ შემთხვევაში ლებედთან ერთად, მერე ჩაჯდა ჭორვილაში, ჩაიდო პირში თათი და დაიწყო ლოკვა, არ ნიშნავს რომ პოლიტიკოსია“– ამბობს ნათელაშვილი.

–  როგორ აფასებთ ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შემოსვლას?

– პოლიტიკაში, რომ შემოვიდეს პიროვნება, ის უნდა იყოს პოლიტიკოსი. თუ 

ახლა პიროვნებამ იშოვა მილიარდები ინდოეთში იარაღის კონტრაბანდით, ამ შემთხვევაში ლებედთან ერთად, მერე ჩაჯდა ჭორვილაში, ჩაიდო პირში თათი და დაიწყო ლოკვა, არ ნიშნავს, რომ პოლიტიკოსია. მან ჩვენი წინაპრების დაგროვილი რესურსით, დაღვრილი სისხლით იშოვა მილიარდები. ჩაჯდა მერე ჭორვილაში და დაიწყო სამხედრო საბჭოს დაფინანსება. თბილისის ზღვაზე დაარბენინებდა კიტოვანთან ფულს. შემდგომ დაიწყო შევარდნაძის დაფინანსება და მისი ნათესავების  თავმოყრა ბიზნეს–სტრუქტურებში. მერე გადავიდა  ამ ხელისუფლების დაფინანსებაზე, რასაც  არც თვითონ მალავს. ოთხი მილიონი რადიო „მუზაში“ გადარიცხა. ოთხი მილიონი ბეთხოვენს და შოპენს არ აუღია ჰონორარის სახით და ამ „მუზაში“ რა კლასიკური მუსიკა გავიდა ამისთანა? ამის შემდეგ ურცხვად ასრულებს დავალებას – გაუკეთოს დამცავი ბარიერი ამერიკულ რეჟიმს და არ მოუშვას ახლოს ეროვნული ძალა. ამის გამო გადმოხტა ოპოზიციაში. თუ ნახავთ მის თხზულებებს, რომელიც უფრო პასკვილს ჰგავს, იქ არის ჩემი ლანძღვა–გინება. მასთან მიტმასნილი ძალები არასდროს არ ყოფილან პოლიტიკური ძალები.

– ივანიშვილმა შექმნა კოალიცია და ცდილობს, რაც შეიძლება მეტად გააფართოვოს  თანამოაზრეების წრე. რატომ აღმოჩნდა  „ლეიბორისტული პარტია“ შუშის სასახლის მიღმა?

 – ჩვენ სასახლეებში ისედაც არ დავდიოდით. ჩვენ გინახივართ სადმე? ვინმეს ბლოკში? შევარდნაძის, ან აბაშიძის, ან სააკაშვილის? ყველა კლასიკური მახასიათებლით, ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში. დანარჩენი პოლიტიკოსები, თუ პარტიები, ინტერეს–ჯგუფებია, რომლებიც დარბიან აქეთ–იქით. ზოგი აშშ–ში დარბის, ზოგი რუსეთში, ზოგი ორივეგან. ისინი დუღილის პროცესში არიან, უბრალოდ  ეს დუღილი გაგრძელდა და ცუდად დუღს. ახლა დაინახეს ფული და მიეტმასნენ ივანიშვილს. ეგენი თავის დროზე სააკაშვილის ბლოკში იყვნენ. იცით რა არის სააკაშვილის ბლოკის სახელი?  

საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიული ფრონტი“.  სააკაშვილი, დავითაშვილი, შავიშვილი, ძიძიგური, ბერძენიშვილი.

– როგორია თქვენი შეფასება ივანიშვილის, როგორც პოლიტიკოსის მიმართ და რა პოლიტიკური გზავნილები დაინახეთ ოლიგარქისგან? 

– პირველ რიგში, მე დავინახე, რომ მას, პოლიტიკოსისთვის აუცილებელი მეტყველების უნარი არ გააჩნია. კაცი არის უმეტყველო. შესაძლოა ბიზნესში, ან მორზეს ანბანში, ან ყრუ–მუნჯთა სამეტყველო რომ არის ხელებით, იქ მაგარია, მაგრამ ვერ ლაპარაკობს ფაქტია. ვერც პოლიტიკური განცხადებები მოვისმინე, თუმცა წავიკითხე მისი ნაცოდვილარი, საიდანაც ვერც პოლიტიკოსი და ვერც რიგითი ადამიანი, ვერაფერს ვერ გაიგებს, იმდენი ურთიერთ საწინააღმდეგო აზრია. ერთ დღეს ამბობს, რომ ნატოზე თავი უნდა შევიკაოთო და სააკაშვილი – ობამას შეხვედრის შემდეგ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სამუდამო ერთგულება შეჰფიცა.  მას არ გააჩნია რაიმე პოლიტიკური ორიენტაცია. მას გააჩნია დავალება თავისი პატრონების მხრიდან. ეს პატრონები სხედან ამერიკაში, ანუ სადაც მისი ფული ინახება – მანჰეტენის ბანკებში. უთხრეს, შენ ყველაფერი გააკეთე, რომ პრო ამერიკული ძალები ყველანი ისხდნენ პარლამენტში ბარიერად ეროვნული ძალებისო. მეორე, რაც მას აწუხებს, ეს გახლავთ შავი ფულის პრობლემა. ინდოეთი მოგეხსენებათ, რომ არის პრობლემული სახელმწიფო. მანდ ორი პრემიერ–მინისტრი იქნა მოკლული ტერორისტების მიერ. ქალბატონი ინდირა განდი იმსხვერპლა ტერორისტმა.  მისი შვილი რაჯილ განდიც ტერორისტებმა მოკლეს.   იქ გამჯდარია ბენ ლადენის და ალ ქაიდას ლანდი. ამიტომ ეს იარაღი, რომელიც ივანიშვილმა და ლებედმა გაყიდეს ინდოეთში, სავარაუდოდ მოხვდებოდა ტერორისტების ხელში.  ივანიშვილის ქონების დაყადაღებისთვის მიზეზის ძებნა, ამერიკელებს არ დასჭირდებათ.  მან რომ გადაარჩინოს თავის მრავალმილიარდიანი ქონება, რომელიც იშოვა რუსეთში, მაგრამ გადაიტანა მანჰეტენის ბანკებში, ამისთვის უნდა შეასრულოს დავალება, ძალიან მტკიცედ. და მესამე... მას აქვს პიროვნული სიძულვილი ჩემს მიმართ.  

 – რატომ?

– იმიტომ, რომ ის ფულის ტომარაა. ხალხი დაჩვეულია ფეხების ლოკვას და ქებას. ჩვენთან სადღეგრძელოც კი არის, კაი პურის მჭამელს და კაი ფულის მშოვნელ კაცს გაუმარჯოსო. ამიტომ, მას სულ ეფერებოდნენ. ხელისუფლებაც ეფერებოდა, ოპოზიციაც, რადგან ჰქონდათ იმედი დაფინანსების, ნუ სანათესაო და გარემოცვა აღმერთებდა. ტვინი და იდეა კი არა, ფული ჰქონდა. როცა  დაიწყო ნარიყალაზე, სასახლის საძირკველის გათხრა, ხმა არავინ ამოიღო, ყველა მოსყიდული ჰყავდა, ამ სულგაყიდული ინტელიგენციის ჩათვლით. მაშინ მარტო მე გამოვხტი, როგორც მჩვევია და ჩემი ენამ რომ ჩემი მტერია ვუთხარი: არ შეიძლება იქ ბატონო ბიძინა სასახლის ასენება–თქო. ბაგრატიონებმა არ იკადრეს იქ ნიჩაბის დარტყმა და შენ ნუ აკეთებ მეთქი. ქალაქის ისტორიულ ადგილას, მონგრეულ ციხე–სიმაგრეს არ უხდება მანჰეტენის შუშის კოშკი მეთქი და სხვაგან გააკეთეთქო. ეს ჩაიდო გულში, როგორც ბოროტ, პატარა კაცს სჩვევია.  

– თუმცა, ამის შემდეგ იყო 2008 წელი, როცა „ლეიბორისტულმა პარტიამ“  პრემიერ –მინისტრობის კანდიდატურად ბიძინა ივანიშვილი დაასახელა...

– ეს გავაკეთეთ არა მისი სიყვარულით, არამედ საქმიდან გამომდინარე. მაშინაც მიგვაჩნდა, რომ ფულის ტომარა იყო. უბრალოდ გვინდოდა ეს ფული ხალხს მოხმარებოდა. თუ მოხდებოდა ისე, რომ დათანხმდებოდა ტექნიკურ პრემიერ–მინისტრობას, ის ფული მოხმარდებოდა პროგრამებს, რომელიც უნდა განგვეხორციელებინა, საბავშვო ბაღებს, სკოლებს და ა.შ.

მეორე მოტივი გახლდათ უკვე პოლიტიკური პიარი. მოგეხსენებათ, მაშინ  ბადრი პატარკაციშვილმა დააყენა თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე და ხალხი აღფრთოვანდა. ამომრჩეველი, რომ ჩვენსკენ წამოგვეყვანა, ეს განცხადება გავაკეთეთ.

 რა პროგნოზი გაქვთ მისი გუნდის ერთობასა და პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით?

-მინდა შეგახსენოთ ისტორია. საქართველოს დაღუპვა  განაპირობა არა მხოლოდ მისმა გეოპოლიტიკურმა მდგებარეობამ, არამედ მრავალპარტიულმა ბლოკებმა და კოალიციებმა. პოლიტიკოსებისთვის საქართველო გადაიქცა ბიზნეს ობიექტად და დახლად. გამსახურდიას ბლოკში, 26 პარტია იყო. იქ იყვნენ აგენტები ზუსტად. მოქალაქეთა კავშირი, რომელიც ბლოკი იყო, დაიშალა შეიქმნა „ნაციონალური მოძრაობა“.  გავიხსენოთ „მრეწველები“, რომლებსაც ჰქონდათ გაერთიანება ბიზნეს სეგმენტებთან. ირაკლი ბათიაშვილიც იქ იყო. დაარიგეს ლუდი და სანამ ლუდი ეყო ამ ხალხს, იყო პარტიაც და მერე დაიშალნენ. მრავალპარტიული ბლოკი არის ამომრჩევლის მოტყუება და საქართველოს ღალატი. თუ პოლიტიკოსს აქვს  ტვინი, შექმნას პარტია, გაზარდოს გუნდი და თავის სახელით წარსდგეს ამომრჩევლის წინაშე. რა თქმა უნდა ივანიშვილის კოალიცია დაიშლება. „რესპუბლიკელები“ და „ეროვნული ფორუმი“ რომ ერთმანეთის გვერდით ვერ „მოძოვენ“, ფაქტია.

–  ეკატერინა ხვედელიძე გაართმევს იმ პასუხისმგებლობას თავს, რასაც კოალიციის ლიდერობა ჰქვია?

 – ყველამ თავისი მეუღლის გაქანება და ტალანტი იცის.  სხვისი მეუღლეების შეფასებას ვერ დავიწყებ. ფაქტია, რომ როგორც ჩემგან არ გამოვა იაპონიის იმპერატორი, ისე ივანიშვილისგან არ გამოვა პოლიტიკოსი. ამ კაცისგან გამოვა ეპოქის მატყუარა, რომელიც მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ, საქართველო ააცდინოს ეროვნული განვითარების გზას..

– ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თუ არჩევნები გაყალბდება, მოვუწოდებ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენო.

– ეგ რას მაგონებს იცით? ჩემ ბავშვობაში, ბებია გვეტყოდა ხოლმე, ბებერი რომ გააუპატიურეს, საკეტი მერე დაადეს სახლსო. არჩევნები თუ გაყალბდა, მერე გინდა ბიძინამ იძახოს და გინდა გრიშამ.

0

ავტორი: