10:53:48     08-02-2012
პუტინის „მხარდამჭერი“ მიტინგის მონაწილეები, კრემლს კუთვნილ თანხას სთხოვენ

4 თებერვალს, მოსკოვში, ანტისახელისუფლებო მიტინგის პარალელურად გამართული „პროპუტინისტური“ აქციის მონაწილეები, კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ. როგორც ცნობილია, კრემლის მხარდასაჭერად და მეორე მიტინგის „გასანეიტრალებლად“, რუსეთის ხელისუფლებამ რეგიონებიდან ხალხი ჩამოიყვანა და პოკლონნაია გორაზე საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდასაჭერი აქცია გამართა.
დღეს კი ირკვევა, რომ აქციის მონაწილეებისგან მასობრივი საჩივრები წამოვიდა იმის შესახებ, თუ რატომ არ გადაუხადეს მათ დაპირებული თანხა, რომელიც მიტინგში მონაწილეობის სანაცვლოდ უნდა მიეღოთ.
„ედინაია როსიას“ წარმომადგენლებმა და მიტინგის ორგანიზატორებმა, ამ მოთხოვნას უკვე უწოდეს პროვოკაციული, ხოლო ინფორმაციის გამავრცელებლებს - პროვოკატორები. თუმცა, უკვე აქტიურად ვრცელდება ხმები, რომ მიტინგში მონაწილეობის მისაღებად, ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების მისამართით ფულადი ანაზღაურების შესახებ დაპირებები დ, ასევე, მუქარები არ დაიშურა. ამის შესახებ ისტორიებს, სხვადასხვა მედიასაშუალებებს, უკვე თავად აქციის მონაწილეები უყვებიან.
ისინი აცხადებენ, რომ ვინაიდან ვერ მიიღეს დაპირებული ფული და ხელისუფლებამ მოატყუა, ისინი არასოდეს დაუჭერენ მხარს ვლადიმირ პუტინს. მე ხმას ჟირინოვსკის მივცემ და პუტინს არა - აცხადებს ერთ-ერთი მომიტინგე რადიო „თავისუფლებასთან“ კომენტარში. აქციის მონაწილეები იმასაც ირწმუნებიან, რომ მათ მიტინგზე სხვა ადამიანების მიყვანასაც ავალდებულებდნენ, საბოლოოდ კი, ხელისუფლებამ ეს შრომა, უბრალოდ, წყალში გადაუყარათ.
0