გრიგოლ ნაზიანზელის გამოცხადების მნიშვნელობა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის დადგენაში - „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით (I) გრიგოლ ნაზიანზელის გამოცხადების მნიშვნელობა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის დადგენაში - „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით (I) />


  15:21:28     07-02-2012

გრიგოლ ნაზიანზელის გამოცხადების მნიშვნელობა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის დადგენაში - „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით (I)

a14872.jpg

ძველი სტილით 25 იანვარს (ახალი სტილით 7 თებერვალს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს გრიგოლ ღვთისმეტყველის, ნაზიანზელის (უმცროსის) ხსენების დღეს.

დედამისს ერქვა ნონა, მამას ასევე გრიგოლი, რომელიც ნაზიანზის ეპისკოპოსი იყო (უფროსი).

გრიგოლ ნაზიანზელი (უმცროსი) მართლმადიდებლობის შუქურაა ბასილი დიდთან და იოანე ოქროპირთან ერთად. მას დიდი დამსახურება მიუძღვის მართლმადიდებლური სამყაროს წინაშე. ამაზე სხვა დროს კიდევ ვისაუბრებთ. ახლა კი გავიხსენოთ რას უკავშირებს ჯუანშერი, ვახტანგ გორგასლის ცხოვრების აღმწერი, გრიგოლ ნაზიანზელს.

ჩვენი დიდი ხელმწიფე ვახტანგ გორგასალი იბრძოდა ქართული მიწების გაერთიანებისათვის. იმ დროს ბიზანიას (ახალ რომს) მიტაცებული ჰქონდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მიწა-წყალი. ვახტანგ გორგასალმა გადაწყვიტა გაეთავისუფლებინა ქართული მიწები დამპყრობლებისაგან. როგორც გვიამბობს ჯუანშერი, ქართველი მეფე სპარსელებთან ერთად უტევდა ბიზანტიას. თუმცა, ბიზანტიელებს ტყვეებს უბრუნებდა და სპარსელებსაც მოუწოდებდა ტყვეებს კარგად მოქცეოდნენ.

ჯუანშერის სიტყვით, ქართველ მეფესთან მოვიდნენ პეტრე მღვდელი და ბერი სამუელი. პეტრე გრიგოლ ღვთისმეტყველის საფლავზე იყო ნამოღვაწარი და მისი მოწაფე ანუ მიმდევარი გახლდათ.  გრიგოლ ნაზიანზელი გარდაიცვალა მეოთხე საუკუნის ბოლოს, 398 წლის 25 იანვარს. პეტრე გრიგოლ ნაზიანზელის მოწაფეთა მოწაფე ჩანს. ვინაიდან მისი გარდაცვალებიდან დაახლოებით 75-76 წელი იყო გასული. პეტრე და სამუელი ძალიან დაუახლოვდნენ მეფეს. მათი  ლოცვის ძალით ვახტანგ მეფეს გამოცხადება ჰქონდა, რამაც განაპირობა მისი შემდგომი დამოკიდებულება, თუ შეიძლება ასე ითქვას, პოლიტიკისადმი თუ გეოპოლიტიკისადმი. ჩვენს ბლოგზე გამოქვეყნებულ წერილში: „მართლმადიდებლური საკრალური გეოპოლიტიკა V-VI საუკუნეების საქართველოში“ (I ნაწილი), პრესა.გე-ს მკითხველს ვუამბეთ ამის შესახებ.

ახლა კი გვინდა მკითხველს შევთავაზოთ ეს ეპიზოდი, ანუ გამოცხადება, ჯუანშერის მიერ მოთხრობილი, ტკბილი ძველი ქართული ენით, ვინაიდან, ვახტანგ გორგასლის ცხოვრების აღმწერი სწორედ ამ გამოცხადებას უკავშირებს ვახტანგ მეფისა და ბიზანტიის კეისრის დაზავება-დამოყვრებას და შემდგომში საქართველოს ეკლესიის სათავეშე კათალიკოს დადგინებას. პირველი კათალიკოსი ხომ სწორედ პეტრე გახლდათ, ჯუანშერის მიერ გრიგოლ ღვთისმეტყველის მოწაფედ სახელდებული ანუ მართლმადიდებლობის ტრადიციული, ურყევი გზის გამგრძელებელი.

ქართული ეკლესია დაარსებულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევით ანდრია პირველწოდებულისა და სიმონ კანანელის მიერ. ქართველი ხალხი გააქრისტიანა მოციქულთა სწორმა ნინომ. ხოლო ქართული ეკლესიის სათავეში კათალიკოსის დადგინება, ანუ ავტოკეფალია, უკავშირდება ვახტანგ გორგასალს, რაშიც დიდი როლი ითამაშა, როგორც ჯუანშერი გვიამბობს, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის გამოცხადებამ.
  
ნაწყვეტები „ვახტანგ გორგასლის ცხოვრებიდან“

„და მათ თანა იყვნეს ორნი კაცნი: პეტრე მღდელი, მოწაფეთაგან გრიგოლი ღმრთის-მეტყუელისათა (რამეთუ საფლავსა მისსა ზედა მღდელობდა), და სამოელ მონაზონი. წარდგეს წინაშე ვახტანგისსა მადლისა მიცემად განტევებისათჳს ტყუეთასა და განთავისუფლებისათჳს ეკლესიათასა და მღდელთასა. და ვითარ წარმოთქუეს ლოცვა, სთნდა მეფესა და მოიხილნა იგინი, და უბრძანა შემოსლვად ყოველთა ტყუეთა და მოწესეთა, განტევებულთა მისგან უძლურთა, რამეთუ ყოველნი უძლურნი ქალაქით გამოსრულ იყვნეს. უძლურთა მისცა საჴედრები და ჭაბუკთა სამ-სამი დრაჰკანი, და განუტევნა. ხოლო პეტრე მღდელი და სამოელ მონაზონი მის თანა დაიჭირნა.

და ვითარ წარვიდეს სპანი იგი კარვად თჳსად, და მეფე შევიდა სერობად. რქუა მეფემან პეტრეს: „სთნდა-მცა ღმერთსა საქმე ესე ჩემი, რამეთუ დავიცვენ ეკლესიანი და განუტევენ ტყუენი“...

...

...რქუა მეფემან: „აწ რა გნებავს შენ?“

რქუა მას პეტრე: „მნებავს, რათა შენ მიერ აღგზებული ესე ცეცხლი შენ-ვე დაშრიტო და მეგობარ იყო კეისრისა, ვითარცა დღესამომდე იყავ სპარსთა“.

მიუგო მეფემან: „ესე მნებავს, რათა მიჩუენოთ ლოცვითა თქუენითა ამას ღამესა კეისარი და მე შეკრებულნი, და რომელ ზრახვად არს ჩუენ შორის სიყუარულისა ყოფა, და ვცნა მე, ვითარმედ სთნავს ქრისტესა ზრახვა ესე შენი ჩემდა მომართ“.

რქუა პეტრე: „დამძიმდა თხოვა ესე შენი ჩემ ზედა, რამეთუ ესე არს კაცთა რჩეულთა, რომელ არიან ვითარცა ანგელოზნი სრულითა საქმითა, და არიან ამათ კლდეთა შორის, და ესე-ვითარი მათგან ეგების საქმედ, რომელსა შენ ითხოვ. მეც მე დრო, რათა წარვიდე და ვევედრო მათ, და უთხრა ბრძანება შენი, და ლოცვითა მათითა აღესრულოს განზრახვა შენი; არამედ შეურაცხ გჳჩნს თავი ჩუენი, რამეთუ კაცნი ვართ ცოდვილნი, ნუ უკუე სილაღედ იხილოს ღმერთმან“.

შერისხნა მას სამოელ მონაზონი და რქუა: „მღდელო, საქმესა ღმრთისასა ვითარცა საქმესა კაცთასა ზრახავ. ანუ არა აღმოგიკითხავს-ა, ვითარ ეტყჳს ღმერთი პალეკარპოსს - უკეთუ-მცა არა დაბრკოლდებოდეს ანგელოზნი კაცთა სათნოებისათჳს, ყოველთა-მცა ქალაქთა შინა ჯუარს ვეცუ, რათა ყოველნი ვაცხოვნნე? ანუ-მე უფროს არს აქაბ, მეფე ისრაელისა, მეფესა ქრისტიანეთასა, რომელსა ეტყჳს ესაია - ითხოვე სასწაული სიმაღლედ, ანუ სიღრმედ, და მისთჳს თქუა: მიუდგეს ქალწული? ანუ ვინ რქუა ისრაიტელსა - რა-ცა ითხოვო სახელითა ჩემითა, მოგეცეს? ისო რქუა სამყაროსა ცისასა „მოიქეც“, და სამსა ჭდესა მოიქცა იგი. აწ სიტყუა სიმდაბლისა შენისა კეთილ არს, პეტრე, არამედ საბრკოლებელ არს მცირედ მორწმუნეთა კაცთა. ხოლო შენ, მეფეო, მცირედ შეგუეწიენ ჩუენ სარწმუნოებითა, რამეთუ ლოცვამან ჭირვეულისა ამის ქალაქისამან ყოს ნება შენი“ და წარვიდეს წმიდანი იგი სადგურად თჳსად.

ხოლო მეფემან მყოვარ-ჟამ ილოცა და დაწვა, და მირულებასა შინა მისსა, აჰა, უკუე მოვიდა დედა-კაცი იგი, რომელი იყო წმიდა ნინო, და რქუა: „აღდეგ, მეფეო, და განკრძალულად მიეგებვოდე, რამეთუ ორნი მეფენი ზეცისა და ქუეყანისანი მოვლენ შენდა“ და რე-ცა მიხედნა და იხილა პირველ სახე ქალისა, ვითარ არს კოსტანტინეს; და მიიწია იგი სწრაფით და იხილნა ორნი საყდარნი: ერთსა ზედა მჯდომარე ჭაბუკი, საჭურველითა, გჳრგჳნოსანი; და მეორეთა საყდართა იხილა მოხუცებული მჯდომარე ზეწრითა სპეტაკითა, და თავსა ზედა ედვა გჳრგჳნი ნათლისა, არა ოქროსა, და ფერჴთა მისთა თანა ჯდა ნინო; და ჴელი ვახტანგისი მარჯუენა ეპყრა პეტრეს მღდელსა და მარცხენა სამოელს მონაზონსა. და რქუა სამოელ: „შეუვრდი პირველად დიდსა იმას მთავარსა ზეცისასა გრიგოლის“. მივიდა და თაყუანის-ცა. და რქუა გრიგოლი: „რა ესე ჰყავ ბოროტი, კაცო, რამეთუ მოაოჴრე ბანაკი ჩემი და მჴეცთა შეაჭამენ საცხოვარნი ჩემნი. უკეთუ-მცა ორნი ეგე არა, რომელნი გუერდით გიდგან, და დედა-კაცისა ამისთჳს სათნოსა, რომელი მარადის იღუწის მარიამის თანა თქუენთჳს, - შურ ვიგე-მცა შენგან, ვითარცა მამათა შენთაგან, რომელნი ესვიდეს ცეცხლსა შემწუელსა და არა ბრწყინვალებასა განმანათლებელსა ყოველთასა“. და მისცა ჴელი და ამბორს-უყო, რე-ცა და მიჰყო ჴელი გჳრგჳნსა ნათლისასა, რე-ცა ეგე-ვითარი-ვე გჳრგჳნი მისცა ვახტანგს, და რქუა: „დაარქუ ეგე პეტრეს.“ და აღიღო პეტრე მის-ვე გჳრგჳნისაგან რე-ცა უდარესი, და დაარქუა სამოელს მონაზონსა. და რქუა ნინო ვახტანგს: „აწ უკუე მივედ მეფისა და მიიღე ნიჭი შენი“ მივიდა მეფისა, და ამბორს-უყვეს ურთიერთას, და ადგილ-სცა საყდართა თჳსთა, და დაისუა იგი თანა. და მისცა ბეჭედი ჴელისა მისისაგან, რომლისა იყო თუალი ფრიად ნათელი, და რქუა კეისარმან: „უკეთუ გნებავს, რათა მოგცე გჳრგჳნი, აღუთქუ ვინ ესე დგას ჩუენ ზედა, რათა ჰბრძოდი მტერთა მისთა და მიიღე მისგან გჳრგჳნი“. მოიხილა ვახტანგ და იხილა ჯუარი, რომელსა ფრთეთა მისთა ზედა აქუნდა გჳრგჳნი, და უმეტესად ხილვამან ჯუარისამან დასცა შეძრწუნება, რამეთუ უსაშინელეს იყო ზარი მისი, და დადუმნა. ხოლო აღდგა ნინო და მიხედნა პეტრეს კერძო და სამოელისა, და ერთითა პირითა თქუეს: „ჩუენ ვართ თავს-მდებნი, ვითარმედ უმეტეს ყოველთასა წარემართოს, ჵ ჯუარო უძლეველო“. და მიჰყო ჴელი კეისარმან, და მოიღო გჳრგჳნი ჯუარისაგან, და დაარქუა გჳრგჳნი იგი ვახტანგს თავსა.

და იწყეს გამოსლვად, რე-ცა ჴმა ყო ეპისკოპოსმან სამ-გზის, და რქუა: „ვახტანგ, ვახტანგ, ვახტანგ! უმეტეს მორწმუნე იყო შენ ყოველთა შორის ნათესავსა სპარსთასა“. მეორედ: „შენგან აღეშენენ ეკლესიანი და განეწესნენ ეპისკოპოსნი და ეპისკოპოსთა მთავარი“. და მესამედ: „გჳრგჳნი-ცა წამებისა მიიღო“ და გამოვიდა, რე-ცა მოუწოდა ძილსა-ვე შინა პეტრეს და სამოელს, და უთხრობდა ძილსა-ვე შინა ჩუენებასა, და იგინი აუჴსნიდეს: „რომელი-იგი იხილე საყდართა ზედა გჳრგჳნოსანი ნათლითა, იგი არს დიდი მოძღუარი გრიგოლი; და მან რომელ მომცა მე გჳრგჳნისა მისგან, მომცა ეპისკოპოსთა მთავრობა; და მე რომელ მივეც გჳრგჳნისა ჩემისაგან მოყუასსა ჩემსა, ჩემ მიერ ყოფად არს ეპისკოპოსად; და რომელ ნახე გჳრგჳნითა ოქროსათა ჭურვილი, იგი არს კეისარი; და რომელ მოგცა შენ ბეჭედი, მოგცეს შენ ასული ცოლად, და ყოველი საზღვარი ქართლისა მისგან უკ-მოღებული მოგცეს; ხოლო გჳრგჳნი ჯუარისაგან რომელ მოგცა, ვრცელნი ღუაწლნი გარდაიჴადენ შეწევნითა ჯუარისათა; ხოლო მოძღუარმან ჩუენმან რომელ სამ-გზის გიჴმო, სამნი ნიჭნი გითხოვნა ღმრთისაგან, რათა შენ მიერ ჭეშმარიტება დაემტკიცოს ქართლისა კათალიკოსთაგან და ეპისკოპოსთა, და სძლევდე მტერთა ვიდრე დღედმდე აღსრულებისა შენისა. ხოლო აღსრულებასა შენსა გჳრგჳნი წამებისა მიიღო ბრძოლასა შინა, ჴელთა მტერთასა არა შეჰვარდე. ესე ყოველი აღესრულოს ვიდრე მოუძლურებადმდე შენდა და სიბერედმდე“.

ვითარცა განიღვიძა მეფემან ვახტანგ, მადლობდა ღმერთსა, რომელმან ყოველი-ვე გამოუცხადა, და მოუწოდა მსწრაფლ პეტრეს და სამოელს, და რქუა: „რა იხილეთ?“ ხოლო მათ რქუეს: „იტყოდე, მეფე: ერთი მარჯუენით და ერთი მარცხენით ვდეგით, რაჟამს შენ საყდართა მსხდომარეთა წინაშე კეისრისა და ღმრთივ-გამომეტყუელისა სდეგ; და კუალად იგი-ვე დედოფალი ჩუენი დაამშჳდებდა მოძღუარსა მას განძჳნებულსა შენ ზედა, და მიგცემდა შენ ჴელთა მისთა“.

და რქუა მათ მეფემან: „დუმენით, წმიდანო, რამეთუ ყოველი-ვე ჩემ თანა გიხილავს“...

0

ავტორი: