12:17:39     07-02-2012
ჟირინოვსკიმ რუსეთის სიმბოლო დაასახელა: ვირი

ვლადიმერ ჟირინოვსკიმ რუსეთის სიმბოლო დაასახელა - ვირი, რომელიც ერთ ადგილზე დგას და არ იძვრის. პრეზიდენტობის კანდიდატი ამ შედარებას თავის სარეკლამო ვიოდეორგოლში აკეთებს, რომელიც მორიგი აჟიოტაჟის მიზეზი გახდა. ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა ცხოველთა უფლებების დამცველებს მოუწოდა, იხსნან ვირი ჟირინოვსკისგან.
სცენა, რომელშიც რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გამეტებით ურტყამს ვირს მათრახს, ჟირინოვსკის ქალაქგარე სახლშია გადაღებული, ვირი კი ზოოპარკიდან იქირავეს. როგორც მისმა მეთვალყურემ განაცხადა, ნაცემი ვირი თავს ამ დრომდე ცუდად გრძნობს და მის სანახავად მისულ დამთვალიერებელს ახლოს არ იკარებს.
პოლიტტექნოლოგებს ურჩევიათ ჟირინოვსკისათვის, არ გადაეღო ასეთი შინაარსის ვიდეორგოლი, თუმცა ვლადიმერ ვოლფოვიჩი თვლის, რომ მისი იდეები ყოველთვის შეუდარებელია და რჩევა არც ამჯერად გაითვალისწინა. ერთ-ერთი, ვისაც გადაღების დროს ვირი ძალიან შეეცოდა, ჟირინოვსკის პარტიის კემეროვოს რეგიონალური განყოფილების ყოფილი კოორდინატორი და დუმის დეპუტატი დიმიტრი საველიევია, რომელსაც გაუბედავს და უთქვამს პარტიული ლიდერისათვის, რომ ციგაზე ამხედრებული ჟირინოვსკი ბოიარ მოროზოვს უფრო ჰგავს, ვიდრე რუსეთის მომავალ პრეზიდენტს, რაზეც, ჟირინოვსკის, არც ისე დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, მათრახი, ერთი-ორჯერ საველიევისთვისაც გადაუჭერია და დამუქრებია „გაგაციმბირებ!“.
ასე რომ, ვლადიმერ ვოლფოვიჩმა ვირთან ერთად იმ დღეს თანაპარტიელიც აზარალა. ვირისაგან განსხვავებით, როგორც იტყობინებიან, საველიევი თავს კარგად გრძნობს. ვიდეორგოლი ფსიქოლოგების განხილვის საგნადაც იქცა. მათი დაკვირვებით, ჟირინოვსკიმ გამოიყენა ვირი, რათა თავისი დიდი ხნის მანიაკალური მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინა. ამბობენ, რომ ბავშვობაში ჟირინოვსკი კატებს აწვალებდა, რაზეც მას თავის ინტერვიუებშიც უსაუბრია. პატარა ვალოდიას რისხვა თითქმის ყველა მისი მეზობლის შინაურ ცხოველს გამოუცდია.
ფსიქოლოგი ევგენი სემაკინი ამბობს: „აგრესია ცხოველების მიმართ ძალიან საშიში ნიშანია. გამოკვლევის თანახმად, დამნაშავეთა 75% ბავშვობაში სწორედ ცხოველებსა და მწერებს აწვალებდნენ“. ამიტომ ამ ვიდეორგოლით კიდევ უფრო მეტად დასტურდება ის, რომ რუსეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს სადისტური გადახრები აქვს.
ელოდებიან, რომ მალე ჟირინოვსკი გადაიღებს ვიდეორგოლს, სადაც უკვე არა ვირს, არამედ მონას ურტყამს, ან „გალეშილი“ მთვრალი, ცოლსა და შვილს სცემს.
ვიდეორგოლი ასე მთავრდება: „ჟირინოვსკი - და უკეთესი იქნება“. რუსეთში აინტერესებთ, ვისთვის იქნება უკეთესი - ვირისთვის, ქვეყნისთვის თუ ჟირინოვსკისთვის. თუმცა ვიდეოს ფინალში მაინც ამოისუნთქეს, - ჯიუტი ვირი ადგილიდან დაიძრა. 0