09:28:34     07-02-2012
მედვედევი, რუსული ბაზებიდან, „არაპროპორციული ზიანით“ იმუქრება

მედვედევი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზებით იმუქრება.
რუსეთმა აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში” თავისი ბაზები იმ დონემდე გააძლიერა, რომ მათ შეუძლიათ „არაპროპორციული ზიანი“ მიაყენონ ნებისმიერ აგრესორს და საქართველოში ესმით ეს - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა თავისი მომხრეების საზოგადოებრივ კომიტეტში შეხვედრისას.
„დღეს ისინი (ბაზები) ისეთ მდგომარეობაშია, რომ შეუძლიათ ყველაზე ძლიერად დაიცვან ამ ორი პატარა სახელმწიფოსი და შესაბამისად, რუსეთის ინტერესები. იქ საკმარისი სხავდასხვა შეიარაღებაა, რომელსაც შეუძლია არაპროპორციული ზიანი მიაყენოს ნებისმიერ დამპყრობელს, და ეს მათ ესმით“ - განაცხადა მედვედევმა.
შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ საქართველოს დემილიტარიზაციის საკითხი წამოჭრა და სთხოვა მედვედევს, არ დაავიწყდეს, რომ საქართველოდან საფრთხე მომდინარეობს. რაზეც მედვედევმა განაცხადა, რომ ქართული პოტენციალის გაზრდა ყოველთვის მიიღება მხედველობაში, როცა რუსეთის სამხედრო მანქანის მშენებლობის გეგმების შემუშავება ხდება.
„გულწრფელად გითხრათ, ეს მილიტარიზაცია არ შეჩერებულა თვით ე.წ. 5-დღიანი ომის შემდეგ. უფრო მეტიც, ჩვენ გვქონდა მონაცემები, რომ პრაქტიკულად, მაშინვე, აშშ-ის ადმინისტრაციის და ზოგიერთ სხვა ქვეყნის ხაზით, სხვათა შორის, ჩვენი ახლო მეზობლების, გაგრძელდა სხვადასხვა სახის იარაღის მიწოდება“ - განაცხადა მედვედევმა.
„სწორედ ამიტომ ჩვენ იძულებულები ვიყავით გაგვეძლიერებინა სამხედრო ბაზები, რომლებიც განთავსებულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“ - დასძინა მან.
მედვედევმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთს არ შეუძლია აუკრძალოს სხვა სახელმწიფოებს მიყიდონ იარაღი საქართველოს:
„ჩვენ ამის შესახებ ღიად ვსაუბრობთ. არ დავმალავ, რომ ზოგიერთი ქვეყნის ხელმძღვანელთან, მე, უბრალოდ, სპეციალურად ვლაპარაკობდი ამ თემაზე: „რას აკეთებთ? ეს უბრალოდ, საშიშია.“ მაგრამ რასაკვირველია, ჩვენ არ შეგვიძლია ეს სრულიად ავკრძალოთ, და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს მომავალ პოლიტიკაში. მაგრამ არანაირი სისუსტე ამაში არ არის, ეჭვიც არ მეპარება. ყველაფერი წესრიგშია“ ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.
ამასთან, მედვედევმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთს სურს საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების აღდგენა.
„ჩვენ მათთან გვაქვს გარკვეული სავაჭრო საკითხები. თქვენ იცით, რაღაც მომენტში ჩვენ ავკრძალეთ ჩვენს ტერიტორიაზე პროდუქტის გარკვეული სახეობები, სხვა პრობლემები იყო. მე ვთვლი, რომ ჩვენს მეზობელთან ცივილიზებული დიალოგის ფარგლებში, ეს ურთიერთობები მშვიდად უნდა ავაღორძინოთ, სადაც ეს შესაძლებელია“ - განაცხადა მედვედევმა და მაგალითად ავიამიმოსვლის აღდგენა დაასახელა.0