22:06:25     06-02-2012
ნუგზარ წიკლაური: ივანიშვილს ჰალუცინაციები აწუხებს!

მმართველი გუნდის წევრის, დეპუტატის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელს ბიძინა ივანიშვილს მენტალური პრობლემები და ჰალუცინაციები აწუხებს, რაც მისი, როგორც პოლიტიკური ფიგურის, სახასიათო თვისებად ყალიბდება.
“პრესა.ჯი”–სთან საუბარში, სწორედ ასე შეაფასა ნუგზარ წიკლაურმა ივანიშვილის მიერ ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადებები.
წიკლაურის თქმით, საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები ჩატარდება, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფეფების გამომხატველი იქნება.
„ივანიშვილის მკითხაობაზე კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. ეს არის ადამიანი, რომელიც გამუდმებით თავის პოზიციას იცვლის და ხან ამბობს, რომ საქართველომ ომი დაიწყო, ხან კი, ამბობს, რომ რუსეთი დემოკრატიის ლიდერი იქნება. ივანიშვილი მას შემდეგ, რაც ხვდება, რომ ის ასეთმა პოზიციამ ჩიხში შეიყვანა, განცხადებების კორექტივებას ცდილობს, მათ შორის საგარეო პოლიტიკის კუთხითაც. ეს არის ძალიან მერყევი პოლიტიკური პერსონა, რომლის კომენტირებაც შეუძლებელია“, – განაცხადა წიკლაურმა.
დეპუტატი ივანიშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ის თავდაცვის ექს მინისტრის, „ქართული პარტიის“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილისა და ხელისუფლების თანამშრომლობაზე საუბრობს.
„ეს სიგიჟის ზღვარზე გაკეთებული განცხადებაა, ისევე როგორ მისი განცხადება იმის შესახებ, რომ პოლიციის რეფორმა არის წარმატებული, რაც ხელისუფლებას შემთხვევით გამოუვიდა. ასეთია ამ ადამიანის პოლიტიკური ხედვები, რომელიც თვლის, რომ ის ურთულესი და უმტკივნეულესი რეფორმები, რომელიც ქვეყანაში გატარდა, თურმე შეიძლება ვინმეს შემთხვევით გამოუვიდეს. შემთხვევით არათუ დიდი რეფორმების გატარებაა შესაძლებელი, არამედ სრულფასოვანი პოლიტიკური ძალის ფორმირებაც არ ხდება, რასაც თავად ივანიშვილის მაგალითზე ყველა ძალიან კარგად ხედავს. ოქრუაშვილისა და ხელისუფლების მეგობრობა ყველაზე კარგად ივანიშვილის იმ პრობლემას გამოხატავს, რომელსაც ჰალიცუნაცია ჰქვია. სამწუხაროა, რომ ეს როგორც პლიტიკური ფიგურის სახასიათო თვისებად ყალიბდება“, – აღნიშნა დეპუტატმა.
ივანიშვილის ჰალუცინაციებზე საუბრის გარდა, წიკლაური ყურადღებას იმ ფაქტზეც ამახვილებს, რომ ოლიგარქის მხრიდან, დაბალრეიტინგიანი პარტიების პოლიტიკური მკვლელობა გრძელდება.
„ივანიშვილის არათათნმიმდევრულ პოლიტიკაზეც ისიც მიანიშნებს, რომ იგი ძიძიგურის, დავითაშვილისა და „ეროვნული ფორუმის“ მიმართ კეთილგანწიყობილია. მათგან კუკავა რითი განსხვავდება? კუკავა და დავითაშვილი ჟირინოვსკისთან მიღებაზე ერთად იყვნენ და ივანიშვილი მათ რითი გამოარჩევთ? – ეს აუხსნელია. ყველაზე კარგად ის ჩანს, რომ ივანიშვილის მხრიდან, პარტიების მკვლელობა გრძელდება. ერთი პოზიციიდან მეორე პლატფორმაზე ხტომა, იმაზე მიუთითებს, რომ მისი ნდობა შეუძლებელია. საქმე გვაქვს სრულიად დეზორიენტირებულ პოლიტიკოსთან, რომელსაც არ შეუძლია, ორი თვის განმავლობაში პოლიტიკური მოსაზრებები კარდინალურად არ შეიცვალოს“, განაცხადა წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ინტერვიუში აღნიშნა, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ხმების დასაცავად ქუჩის აქციებს არ გამორიცხავს.
0