ქუთაისის პარლამენტში ახალი რეგლამენტით იმუშავებენ ქუთაისის პარლამენტში ახალი რეგლამენტით იმუშავებენ />


  20:22:38     06-02-2012

ქუთაისის პარლამენტში ახალი რეგლამენტით იმუშავებენ

a14840.jpg

მერვე მოწვევის პარლამენტს ახალ შენობასთან ერთად, ახალი რეგლამენტიც ექნება.

პარლამენტის რეგლამენტის ძირითადი ნაწილი, რომელიც 2012 წლის მოწვევის პარლამენტისთვის მზადდება, ძალაში 2013 წელს, ახალი კონსტიტუციის ამოქმედებისას შევა. მანამდე კი, რეგლამენტთან დაკავშირებული სიახლეები გარდამავალი დებულებებით დარეგულირდება.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ხელმძღვანელის ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, ახალ რეგლამენტზე მუშაობა, რომელიც ქუთაისის პარლამენტისთვის მზადდება, უკვე დაწყებულია და ახალი რეგლამენტის პროექტი, პარლამენტში პირველი მოსმენისთვის მარტის დასაწყისში იქნება წარდგენილი. 

მისი განმარტებით, ცვლილება პლენარული და საკომიტეტო სხდომების ჩატარების წესსაც შეეხება. კერძოდ, ცვლილების მიხედვით, ახალ პარლამენტში ცალკე საკომიტეტო და ცალკე პლენარული სხდომების კვირები აღარ იქნება და როგორც საკომიტეტო, ასევე პლენარული სხდომები ერთი კვირის განმავლობაში - ერთდოულად ჩატარდება.

ამას გარდა, დღევანდელი სასესიო დარბაზისგან განსხვავებით, სადაც ორი ტრიბუნაა, ქუთაისის პარლამენტის დარბაზში ერთი ცენტრალური ტრიბუნა იქნება.

სიახლეს წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ ახალ პარლამენტში კომიტეტების სხდომების გამართვისთვის, რვა დარბაზი იქნება და კომიტეტების სხდომები სათათბირო ოთახებში აღარ გაიმართება. ეს ალბათ, იმით არის გამოწვეული, რომ დღეს, დეპუტატები საკომიტეტო სხდომებისთვის ძირითადად მხოლოდ ორ – ილია ჭავჭავაძის სახელობისა და პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზებს იყენებენ. საჭიროების შემთხვევაში კი, კომიტეტების სხდომები კომიტეტების თავმჯდომარეების სათათბირო ოთახებშიც ტარდება. 

აღსანიშნავია, რომ ახალ რეგლამენტში ახალი თავი გაჩნდება, რომელიც ამომრჩეველთან დეპუტატების ურთიერთობას შეეხება. გოგორიშვილის განცხადებით, საუბარია სრულიად ახალი კონსტრუქციის კანონზე, რომლის ნორმები უფრო დალაგებული და მარტივი იქნება.

უნდა ითქვას, რომ დეპუტატებისგან განსხვავებით, ერთ–ერთი მტკივნეული სიახლე მედიის წარმომადგენლებისთვის იქნება, რადგან მომავალი პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ჟურნალისტები ინდივიდუალური კამერებით ვეღარ იმუშავებენ. ჟურნალისტებისთვის მედიაცენტრი შეიქნება და ჟურნალისტებს თვალყურის დევნება პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომუშავე რვა კამერისთვის მოუწევთ. გადაღებასთან დაკავშირებით, შეზღუდვები ტელევიზიებისთვის წესდება, მაგრამ პრესის წარმომადგენლებს მუშაობა ჩვეულებრივ სტილში მოუწევთ.

სიახლეს, ის ფაქტიც წარმოადგენს, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობის სასესიო დარბაზში ყველა დეპუტატს საკუთარი მიკროფონი ექნება და თუ ამჟამად პარლამენტის სასესიო დარბაზში, დეპუტატებს სიტყვით გამოსვლისას ექვს მიკროფონებთან დგომა უწევთ, მომავალ პარლამენტში ამ მხრივ, არხეინად იქნებიან.

აღნიშნულ ცვლილებებს მედიის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, დადებითად პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი აფასებს.   ვიცე-სპიკერის განცხადებით,  ბევრი მუშაობა მიდის იმაზე, რომ ყველა ჟურნალისტს გამართული მუშაობის საშუალება ჰქონდეს.

„ჟურნალისტებისთვის დახურული ინფორმაცია არ იქნება და არ არსებობს თემა, რომელიც დახურული იქნება. უბრალოდ იქნება ადგილები, სადაც ჟურნალისტები კამერებს განათავსებენ. მაგრამ თუ ეს მოხდა, მაშინ, ერთი დიდი პრესცენტრი იქნება, სადაც სიგნალი ყველა საკომიტეტო მოსმენებიდან მივა და თქვენ  კომიტეტიდან კომიტეტში სირბილი აღარ მოგიწევთ, თუმცა, თუ ამის საშუალება და სურვილი გექნებათ, ამის პრობლემაც არ იქნება” - განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტი ქუთაისში გადავა, თუმცა, პირველი ფორმალური სხდომა, მიმდინარე წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩატარდება. საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადატანის ავტორი - დეპუტატი აკაკი ბობოხიძეა, რომლის ინიციატივაც  პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა მოიწონა. პარლამენტის დედაქალაქიდან, ქუთაისში გადატანას კანონმდებლები იმით ხსნიან, რომ ხელისუფლების დეცენტრალიზაცია მოხდება.

გაურკვეველია, კანონმდებლების იმედები გამართლდება თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ მერვე მოწვევის დეპუტატებს ახალი რეგლამენტის შესწავლა მოუწევთ, სწავლა თუ არა წაკითხვა მაინც.  იმედია დეპუტატები აღარ  იტყვიან „რეგლამენტი სქელი წიგნია და წაკითხვა მეზარებაო”.

0

ავტორი: