17:32:45     06-02-2012
უსუფაშვილი: ნაძირალა ხარ შენ სოზარ! სუბარი: შენც დავით...

ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში ყოფნა, ყოველთვიურად სოლიდური ანაზღაურება და სასათბურე პირობები, მსხვერპლს მოითხოვს. მსხვერპლს, რომელზეც კოალიციის წევრები მიდიან.
ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ამ დრომდე ერთმანეთის კრიტიკით იყვნენ დაკავებული, არც პოლიტიკური ხედვა მოსწონდათ და არც მოქმედება, ახლა თვალებში შესციცინებენ ერთმანეთს, „უფროსის“ საამებლად.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილის კოალიციას „ეროვნული ფორუმიც“ შეუერთდება. „რესპუბლიკელები“ და ფორუმელები, ამიერიდან ერთ გუნდში იქნებიან.
„რესპუბლიკელები“ და ფორუმის წევრები კიდევ მოახერხებენ თვალის დახუჭვას მათ ძველ განცხადებებზე, მაგრამ რას იზამს უსუფაშვილი – სუბარის დუეტი, ჯერ უცნობია.
პოლიტიკოსებს, რომლებმაც ერთმანეთს ჯერ კაცობა დაუწუნეს, შემდეგ კი, ღია ეთერში ერთმანეთი „ნაძირალად“ მოიხსენიეს, დღეს ერთი ოცნება აქვთ.
შეგახსენებთ, რომ საუბარია ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში სტუმრად მიწვეულ სოზარ სუბარსა და დავით უსუფაშვილს შორის დებატებზე, სადაც მხარეებმა ერთმანეთს ძველი „გრეხები“ გაუხსენეს და გასალანძღად არც მათი ლიდერები დავიწყებიათ.
მაშინ, „ქართული პარტიის“ თავმჯდომარე სუბარმა, ეთერში მჯდომ დავით უსუფაშვილს, ირაკლი ალასანიას და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაახსენა.
„გაგახსენებ დავით, რომ მიუნხენში ალიანსის ლიდერის, ირაკლი ალასანიას და ლავროვის შეხვედრა არ ყოფილა შემთხვევითი. ეს შეხვედრა იყო დაგეგმილი მანამდე“– მიმართა სუბარმა უსუფაშვილს.
დავით უსუფაშვილი შეეცადა ალასანიას დაცვას და მოდებატე მხარეს განუმარტა, რომ ალასანიასა და ლავროვის შეხვედრა დამალული არ ყოფილა.
სუბარმა კი „რესპუბლიკელთა“ ლიდერს განუმარტა, რომ დამალული იყო იმ შეხვედრების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ლავროვისა და ალასანიას შეხვედრას უძღოდა წინ. მხარეებს შორის ხმაურიანი ტებატები რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
უსუფაშვილი „უცოდველი კრავივით“ სთხოვდა სუბარს, ეთქვა ყველაფერი რაც იცოდა. „გრეჩიხასა“ და ეროსი კიწმარიშვილის „მარჯვენა ხელმა“ კი, რაც იცოდა ყველაფერი ღია ეთერში „დაფქვა“.
„ალასანიასა და თქვენი სურვილი მხოლოდ ურთიერთობების დათბობა არ ყოფილა რუსეთთან. ამას გარდა, შეხვედრა ლავროვთან მხოლოდ „ შეხვედრა შეხვედრისთვის“ არ ყოფილა. იყო სხვა მოლოდინებიც. ეს მოლოდინი იყო დაფინანსების მიღება“.
ამის შემდეგ, დავით უსუფაშვილმა სუბარს ნაძირალა უწოდა, მაგრამ ვალში არც სუბარი დარჩენია. ამგვარი სატელევიზიო ვიდეორგოლები და საგაზეთო პუბლიკაციები, ქართულ მედია-არქივში მრავლად არის. თუმცა ისეთი ფაქტებიც ბევრია, როცა დაპირისპირებული მხარეები ფულის გამოჩენისთანავე ივიწყებენ წყენას და ერთ მიზნამდე მანამ მიდიან, სანამ გულკეთილ დამფინანსებელს გადახდის თავი და ნერვები აქვს.
0