14:48:32     05-02-2012
რუსეთმა სირიის შესახებ რეზოლუციას ვეტო დაადო

რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს სირიის შესახებ რეზოლუციას, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოზე განიხილებოდა. უშიშროების საბჭოს 15 წევრი ქვეყნიდან რეზოლუციას მხარი 13-მა დაუჭირა, რუსეთი და ჩინეთი კი წინააღმდეგ წავიდნენ - იუწყება Reuters.
მაროკოს წარმომადგენელმა მოჰამედ ლულიჩკიმ განაცხადა, რომ „სამწუხაროა, რომ რუსეთმა და ჩინეთმა გააერთიანეს თავისი ძალისხმევა რეზოლუციის წინააღმდეგ.“ გაეროში საფრანგეთის ელჩმა ჟან არნომ კი უშიშროების საბჭოს ამ სიტყვებით მიმართა: „ეს სამწუხარო დღეა ამ საბჭოსთვის, სირიის ყველა მცხოვრებისთვის და დემოკრატიისთვის“.
რეზოლუციის პროექტის თავდაპირველმა ვარიანტმა ცვლილება განიცადა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტექსტიდან ამოიღეს ბაშარ ასადის გადადგომის შესახებ მოწოდება, ასევე არაფერია ნათქვამი სირიის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე, გაერო აცხადებს, რომ აუცილებელია შენარჩუნდეს სირიის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა და სურს, რომ კრიზისი მშვდობიან გზით გადაიჭრას.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კი სკანდალით დაიმუქრა, თუკი გაეროს უშიშროების საბჭოზე სირიის შესახებ რეზოლუციას კენჭისყრაზე გაიტანდნენ. მოსკოვს მიაჩნია, რომ აღნიშნული გეგმა არ გამორიცხავს სირიის კრიზისის სამხედრო გზით მოგვარების შესაძლებლობას.
პარალელურად, გავრცელდა ბარაკ ობამას განცხადებაც, რომლითაც მან, ასადს გადადგომისკენ მოუწოდა:
„ასადმა უნდა შეაჩეროს მკვლელობები და შეწყვიტოს თავისი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა. ის სასწრაფოდ უნდა გადადგეს და ხელისუფლება დემოკრატიულ მთავრობას გადასცეს“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ობამამ ასეთი მოწოდება პირველად გააკეთა. ეს განპირობებული იყო ქალაქ ჰომსში მომხდარი ინცინდენტით, სადაც 3 თებერვალს, საარტილერიო დარტყმის შედეგად, 200 ადამიანი დაიღუპა. სირის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მომხდართან კავშირი არ აქვს და მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვაზე პასუხისმგებლობა „შეიარაღებულ ამბოხებულებს“ დააკისრა.
როგორც „ამერიკის ხმა“ იტყობინება, უფლებადამცველი აქტივისტები აცხადებენ, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ ჰომსში სულ მცირე 217 ადამიანი მოკლეს.
ადამიანის უფლებათა დამცველი სირიის ობსერვატორია კი აცხადებს, რომ სამთავრობო ძალებთან დაპირისპირების შედეგად ასობით ადამიანია დაშავებული.
ცნობილი გახდა, რომ დიმიტრი მედვედევის დავალებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი 7 თებერვალს სირიაში გაემგზავრებიან. სერგეი ლავროვი და მიხეილ ფრადკოვი ბაშარ ასადს შეხვდებიან, თუმცა მოსკოვი არ ახმაურებს, რა მიზანს ემსახურება ეს „საიდუმლო მისია“.
სირიაში ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტი უკვე 10 თვეა გრძელდება. გაეროს უშიშროების საბჭო გამოსავალს ეძებს.
სირიის ოპოზიცია კი თვლის, რომ ასადს რუსეთის იმედი აქვს და ამიტომაც აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას. სირიის ოპოზიციური თავისუფალი არმიის მთავარსარდლის მოადგილე, მალიკ კურდი დღეს დაიმუქრა, რომ სირიის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსეთის დიპლომატიურ მისიებზე შეტევას მიიტანენ, თუკი მოსკოვი კვალავაც გააგრძელებს მმართველი რეჟიმის მხარდაჭერას.
„თუ რუსები გააგრძელებენ დახმარებას ამ რეჟიმისათვის, სირიის თავისუფალი არმია რუსეთის დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ ოპერაციას დაიწყებს“ - განაცხადა მან.
კურდი ამბობს, რომ სამთავრობო ჯარების მიერ ქალაქ ჰომსზე საარტილერიო შეტევა სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ ასადი წახალისებულია რუსეთის პოზიციით, რომელიც უარს ამბობს რეზოლუციის მხარდაჭერაზე, რითაც ხელს აფარებს უანაშაულო ადამიანების მკვლელობის ფაქტებს. 0