15:57:54     04-02-2012
აფხაზეთში, „არალეგიტიმურად“ გამოცხადებული სასულიერო პირები, ეკლესიის „დამოუკიდებლობას“ ითხოვენ

სოხუმში, თავისუფლების მოედანზე „აფხაზეთის ეკლესიის“ ქართული ეკლესიიდან გამოყოფა და მისი დამოუკიდებლობა მოითხოვეს.
შეკრების მონაწილეებმა წაიკითხეს მიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ „რესპუბლიკას სურს შექმნას დამოუკიდებელი აფხაზური მართლმადიდებლური ეკლესია“ და გამოთქვამენ იმედს, რომ ამ სურვილს გაგებით მოეკიდება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია. „იმისათვის, რომ გამყარდეს აფხაზური ეკლესია, აუცილებელია ის გამოეყოს ქართულ ეკლესიას“ - ნათქვამია მიმართვაში.
შეკრების მონაწილეები არწმუნებდნენ რუსულ ეკლესიას, რომ ახალ პირობებში, აფხაზეთსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების კავშირი უფრო მტკიცე იქნება.
„სახალხო კრება მაღალ შეფასებას აძლევს შესაძლებლობას, დაიწყოს ძირძველი აფხაზური ეკლესიის აღდგენა აფხაზეთისთვის ისტორიული დედა-ეკლესიის - კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საშუალებით“ - განაცხადეს შეკრებაზე.
სოხუმში გაკეთებულ განცხადებებს, როგორც თავად აფხაზური წყაროები იტყობინებიან, უკვე გამოეხმაურნენ რუსეთის ეკლესიაში, თუმცა რაიმე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. აფხაზი დეპუტატი ბატალ კობახია თავის ბლოგზე წერს:
„ეს-ესაა გახდა ცნობილი, რომ 10 თებერვალს აფხაზეთში ჩამოსვლას აპირებს მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი. სავსებით გასაგებია, - მას სურს დაგვარწმუნოს, რომ უარი ვთქვათ მსოფლიო საპატრიარქოსკენ სწრაფვაზე. ამასთან ერთად, გასაგებია ისიც, რომ მამა დოროფეისა და ანდრეის ქმედება, რომლებსაც მაიკოპის ეპისკოპოსის ტიხონის მიერ აკრძალული აქვთ ღვთისმსახურება, უკვე სცდება კანონიკურ საზღვრებს, ამიტომ მათი საკითხი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის მიერ უახლოს ხანებში განიხილება. იმისათვის, რომ დაუმორჩილებელი კლირიკი აფხაზების განკვეთით აფხაზეთში ზიანი არ მიადგეს რუსეთის ეკლესიას, პატრიარქი კირილი სოხუმში მიტროპოლიტ ილარიონს გზავნის, რათა დაარწმუნოს ისინი, შეჩერდნენ.
ამასთან ერთად, ცხადია, რომ ამ ვიზიტზე თანხმობა მიცემული აქვს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. პატრიარქ კირილის ინტრონიზაციის 3 წლის აღსანიშნავად მოსკოვში ჩასულ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელს, მიტროპოლიტ გერასიმე შარაშენიძეს შეეძლო პატრიარქ ილიას სახელით თანხმობა მიეცა 10 თებერვალს აფხაზეთში მიტროპოლიტ ილარიონის ჩასვლაზე.
არქიმანდრიტმა დოროფეიმ უკვე აღნიშნა, რომ გასულ წელს, მოსკოვში შეხვედრისას, მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა პირად საუბარში განაცხადა, რომ აფხაზეთისთვის კარგი იქნებოდა თუ ორმაგ საეკლესიო იურისდიქციას დათანხმდებოდა. მიტროპოლიტ ალფეევის ჩანაფიქრით, აფხაზეთში უნდა შენარჩუნდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია, თუმცა მართლმადიდებელი მრევლის სულიერებაზე რუსეთის ეკლესიის კლირიკები იზრუნებენ. ამ წინადადებაზე არქიმანდრიტმა დოროფეი დბარმა უპასუხა, რომ როცა ასე ფიქრობს, მიტროპოლიტ ილარიონს ავიწყდება, ჰკითხოს აფხაზ ხალხს, რომელიც არანაირ პირობებში არ დათანხმდება საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას“.
თუმცა სოხუმის ცენტრში შეკრებილი ადამიანების აზრი ვერ იქნება მთელი აფხაზეთის მოსახლეობის პოზიცია, მით უმეტეს, რომ განხეთქილება თავად სასულიერო პირებს შორისაც ისევ არსებობს. როგორც ცნობილია, ჯგუფი, რომელიც ქართული ეკლესიიდან გამოყოფის მოთხოვნით სოხუმში აქციებს ატარებს, იგივე „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია“, აფხაზეთის შუაზე გახლეჩილი ეკლესიის მეორე ნახევარია. ის სულ რაღაც ერთი წლის წინ ახალ ათონში გამართული საეკლესიო-სახალხო კრების გადაწყვეტილებით შეიქმნა, - მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ეკლესიის დე-ფაქტო მმართველს ბესარიონ აპლიას გაემიჯნა. ჯგუფს სათავეში უდგას დოროფეი დბარი და ანდრეი ამპარი, რომელთაც რუსეთის ეკლესიამ ღვთისმსახურება აუკრძალა. აფხაზეთის ეკლესიის დე-ფაქტო ხელმძღვანელი ბესარიონ აპლია არალეგიტიმურს უწოდებს დბარის „წმინდა მიტროპოლიას“, ასეთივე შეფასება გააკეთა აპლიამ ცოტა ხნის წინაც, როცა დბარი კონსტანტინოპოლში, მსოფლიო პატრიარქთან აფხაზეთის ეკლესიის საკითხის გადასაჭრელად იყო ჩასული. ამ ნაბიჯს კრიტიკული შეფასება მისცა რუსეთის ეკლესიამაც. გასულ კვირას, სოხუმში იყო იმის მცდელობა, რომ აპლია და დბარი გაერთიანებულიყვნენ და ერთიანი ძალით დაეწყოთ ბრძოლა „დამოუკიდებელი“ აფხაზური ეკლესიისთვის, თუმცა ვერ მორიგდნენ. ბესარიონ აპლიამ განაცხადა, რომ მანამდე არ ისაუბრებს დბართან და ამპართან, ვიდრე მათ ღვთისმსახურების ჩატარების უფლებას ისევ არ აღუდგენენ.
0