14:54:44     04-02-2012
ბესიკის „სევდის ბაღს შეველ“ (გარდაცვალების დღისადმი)
1791 წლის 24 იანვარს (ახალი სტილით 6 თებერვალს) რუმინეთის ქალაქ იასაში გარდაიცვალა დიდი ქართველი პოეტი ბესიკი (ბესარიონ გაბაშვილი).
ამ დროს დიდი პოეტი თან ახლდა რუსეთის ყველაზე გავლენიან ადამიანს, თავად პოტიომკინს და ცდილობდა ქართული საქმე გაეკეთებინა.
დიდი პოეტი დაიბადა თბილისში, მეფე თეიმურაზ მეორის კარის მოძღვრის ზაქარია გაბაშვილის ოჯახში. განათლება მშვენიერი მიიღო, კარგად იცნობდა სხვადასხვა ქვეყნების ლიტერატურას. პოეტის მამა დაუპირისპირდა კათალიკოს ანტონ პირველს, რომელმაც კათოლიკობა მიიღო. სხვა სარწმუნოებაზე გადასული ანტონი გადააყენეს და მღვდელმოქმედების უფლება ჩამოართვეს. ერთი წლის მერე ანტონმა მოინანია, მას აღუდგინეს მღვდელმსახურების უფლება და გაემგზავრა რუსეთში. თეიმურაზ მეორის გარდაცვალების შემდგომ ერეკლე მეორემ ანტონი კვლავ დააბრუნა ქართლ-კახეთში და მისი სურვილით იგი კვლავ კათალიკოსად აირჩიეს, 1763 წელს. ამან, გამოიწვვია ბესიკის მამის განდევნა. იგი იმერეთის მეფესთან, სოლომონ პირველთან გაემგზავრა და იქ მოღვაწეობდა. შემდგომში მის ვაჟსაც მოუწია ქართლ-კახეთის დატოვება. XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან ბესიკი იმერეთის მეფის სოლომონ I-ის კარზე იმყოფებოდა. სოლომონ I-მა ბესიკს ჯერ დავთარხანა ჩააბარა, შემდეგ მდივანთ-უხუცესის სახელო უბოძა. 1778 ბესიკი დიპლომატიური მისიით ირანში გაემგზავრა ქერიმ-ხანთან, მაგრამ იგი გარდაცვლილი დახვდა; ირანში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, რამაც ჩაშალა ოსმალეთის წინააღმდეგ სპარსეთის გამოყენების შესაძლებლობა.
სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ ბესიკი მხარს უჭერდა დავით გიორგის ძის გამეფებას. იმერეთის მეფე დავით II-მ, 1787 წელს, ბესიკი რუსეთში გააგზავნა დიპლომატიური მისიით: რუსეთისათვის მფარველობის თხოვნა, გაფორმება ისეთივე ტრაქტატისა, როგორიც დაიდო რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის 1783, და იმერეთში დამხმარე ლაშქარი შემოყვანა.
პოეტი ჩავიდა ქალაქ კრემენჩუგში, სადაც იმყოფებოდა სამხრეთში მოქმედი რუსეთის ჯარების სარდალი ფელდმარშალი პოტიომკინი, რომელისაც უდიდესი გავლენა ჰქონდა რუსეთის იმპერიაში. სხვათა შორის, რუსებს აქვთ გადმოცემა, რომ ერთ-ერთ ქართველ თავადს მოუხერხებია და დაურწმუნებია პოტიომკინი თურქებთან ერთ-ერთი მოლაპარაკების ჩაშლაზე, ვინაიდან ისინი ცუდად ექცევიან ქართველებსო. ვისზე აქვთ ლაპარაკი რუსებს არ ვიცი. თუმცა, ეტყობა ნიჭიერი და პატრიოტი ადამიანი იყო. პოტიომკინის ბანაკთან ერთად ბესიკი ჯერ კიშინიოვში, ხოლო შემდეგ იასში გადავიდა, სადაც გარდაიცვალა, როგორც ვთქვით, 1791 წლის 24 იანვარს (ახალი სტილით 6 თებერვალს), საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში.
გრიგოლ რობაქიძე ბესიკზე წერდა:
„მე მაინტერესებს ბესიკი პოეტური პლასტიურობის მხრით. რომელიმე მისი სახე ჭდეულია ნამდვილად. მუსიკალობითაც დიდად არის დაჯილდოებული ბესიკი: განსაკუთრებით, თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ იგი ცხოვრობდა მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში: მან განავითარა ლექსის მრავალი სატეხნიკო ხერხი, რაიც ერთი საუკუნის შემდგომ მხოლოდ ფრანგ სიმბოლისტებმა აიყვანეს პრინციპად. ამ მხრით ბესიკი ფენომენია ნამდვილად: აქ გამოჩნდა ძლევამოსილება მასში მცოცხლები აღმოსავლეთის. ზოგან ისეთი სახეც აქვს ბესიკს, რომელსაც თანამედროვე ევროპელი პოეტი თუ გადმოისვრის: ”მისმან ლხინმან ჭირების კონა მკრა გზასა” (ლექსი: ”ეტლზედ”). ერთგან იგი კალდერონის კონგელიალია: კალდერონი ხმარობს სახედ ”შავ ვარსკვლავს”, – ბესიკიც: ”შენსა ცასა ასხენ ვარსკვლავნი შავნი” (ლექსი: ”სვისადმი”)“.
პოეტი ვახტანგ ორბელიანი ასე ახასიათებს ბესიკს:
“მეგობარო, ტკბილად მოუბარო და სახით მშვიდო, სიბრძნით სრულო, ბუნებითისა მეცნიერებითა გონება-კეთილოვანო, ... ქებითა აღმატებულო, უმშვენიერესად წარჩინებულო” (“ივერია”, 1902, №116).
პრესა.გე-ს მკითხველს დიდი პოეტის გარდაცვალების დღის აღსანიშნავად ვთავაზობთ გავიხსენოთ მისი შესანიშნავი ლექსი „სევდის ბაღს შეველ“.
ინტერნეტ გამოცემებში აღნიშნული ლექსის ეს სტრიქონები გადაადგილებულია (როგორც დავნომრეთ):
„ვარდი მით არის გულდაკლებითა,
2. რომ შენი იყო თავდადებითა, -
1. შენ რისთვის დაჰსთმე სხვისა ხლებითა?
თავი მოსწონდა, ჰყვანდი ნებითა,
ჩვენ „ქართული მწერლობის“ (8 ტომი) ვარიანტს ვაქვეყნებთ, ვინაიდან უფრო ლოგიკური ჩანს და ამასთან, არა მგონია „ქართული მწერლობის“ რედაქტორებს შეცდომა გაპარვოდეთ. „ქართულ მწერლობაში“ ბესიკის ლექსები გადმოღებულია გამოცემიდან: ბესიკი, თხზულებათა სრული კრებული, ალ. ბარამიძისა და ვ. თოფურიას რედაქციით, „საბჭოთა მწერალი“, 1962.
სევდის ბაღს შეველ
სევდის ბაღს შეველ შენაღონები:
მოკრეფად მსურდა ვარდის კონები.
ვარდმან შემრისხა თავ-მომწონები,
ისარი მყორცა დასამონები,
სრულად მიმიღო ყოვლი ღონები;
მითხრა: „იფიქრე გულს-ნაქონები;
მისთვის იქმნები დასაყოვნები!“
ვერ მივხვდი მახვილ-განაწონები ;
მისთვის შევიქმენ ცრემლთა ფონები!
იასა ვჰკითხე (მუნ იდგა ნაზი):
„ვარდსა რა უქმენ კართა სარაზი?
ამაყად მწყრალი ვნახე ლამაზი!
მანცა გამაგდო: „გარეგან გაზი,
შენგან გვაჩნია გულებსა ხაზი!
სიხარულიდამ დაბლა კერძ დაზი!
შენს გულსა ჰკითხე, მიაპყარ გაზი!
შენის გონებით იქნები რაზი:
ჩვენ დაგვთმეო და სხვას ემონები!“
რა ია გაწყრა, ნარგიზს მივმართე,
სისხლის ცრემლითა სიტყვანი დავრთე;
ვეუბნებოდი: „შენ წარმიმართე
იწროს გზის პოვნად! გზები გაქვს ფართე!
ჩემსა ნუგეშსა ხელი შემართე:
ვარდს მამუდარე, ალერსი ჩართე.
შავ-გულსა ლხინი შენ მოუსართე.
შემომითვალოს, რა უკუღმართე?
რად მომიგონა მოუგონები?“
ნარგიზი ვნახე შებრალებითა,
ცრემლსა სცვარვიდა მორიდებითა;
მითხრა: „ყარიბო!“ - მონაზებითა -
„ვარდი მით არის გულდაკლებითა,
რომ შენი იყო თავ-დადებითა, -
თავი მოსწონდა, ჰყვანდი ნებითა,
შენ რისთვის დაჰსთმე სხვისა ხლებითა?
რად გიკვირს, გასწყრეს ცეცხლ-მოდებითა?
ნაცვალი მოგხვდა დანახსოვნები!“
დავბრუნდი ყოვლგნით შეუბრალები;
ბაღის კარს დავჯექ შენაძალები,
ცრემლით აღმევსნეს მწირნი თვალები;
ვიყავ ბედისა დამაბრალები.
ვინცა მნახვიდენ დამაშვრალები,
შეიქმნებოდენ ჭირნაკრძალები.
მეც მომხვდა სოფლის მკვლელი ბრჭალები!
ბესიკი სიკვდილს არ ვემალები,
თავი მაქვს მისთვის შენაწონები!