მოწინააღმდეგეები მიტინგზე, მომხრეები პუტინგზე: რუსეთში მასშტაბური აქციები იწყება მოწინააღმდეგეები მიტინგზე, მომხრეები პუტინგზე: რუსეთში მასშტაბური აქციები იწყება />


  11:05:25     04-02-2012

მოწინააღმდეგეები მიტინგზე, მომხრეები პუტინგზე: რუსეთში მასშტაბური აქციები იწყება

a14788.jpg

დღეს, დღის მეორე ნახევარში რუსეთს მასშტაბური აქციები მოიცავს. ვარაუდობენ, რომ ეს უნდა იყოს ყველაზე მასშტაბური ანტისახელისუფლო გამოსვლა. მოსკოვის გარდა, მიტინგები ქვეყნის 60-მდე ქალაქში ჩატარდება. დედაქალაქში, ვარაუდობენ, რომ პროტესტის გამოსახატად 50 ათასამდე ადამიანი მივა. ისინი მსვლელობით რამდენიმე ქუჩას გაივლიან, რის შემდეგაც ბოლოტნაიას მოედანზე მიტინგი გაიმართება.

მოთხოვნები ასეთია: 4 დეკემბრის დუმის არჩევნების შედეგების გაუქმება, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის გადაყენება, პარტიების რეგისტრაციის წესის გამარტივება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

რადგანაც დღეს ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი, აქციის ორგანიზატორებმა ამაზეც იზრუნეს. აქციის ადგილზე პატარა კარავი გაიშლება, სადაც ცხელ ჩაის მოამზადებენ.

პარალელურად, მიტინგები რუსეთის ყველა მსხვილ ქალაქებში ჩატარდება. ასევე რუსეთის საკონსულოებთან გერმანიაში, აშშ-ში, კანადაში, ისრაელში, ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ფინეთში, ავსტრალიაში, ისლანდიაში და ა.შ. ორგანიზატორებს ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია, შეუერთდებიან თუ არა ამ პროტესტს უკრაინაში მცხოვრები რუსები.

მაგრამ დღევანდელი დღე მხოლოდ ამ მიტინგით არ შემოიფარგლება. მოსკოვში 4 სხვადასხვა ადგილზე 4 სხვადასხვა აქციაა დაგეგმილი.

ვლადიმერ პუტინის მომხრეები პაკლონნაია გორაზე შეიკრიბებიან და „ანტინარინჯისფერ“ მიტინგს ჩაატარებენ. აქციის ორგანიზატორია მოძრაობა „დროის არსი“, რუსული თემების კონგრესი და კიდევ 20-მდე ორგანზაცია. პუტინისტები თავის ღონისძიებაზე 15 ათასამდე ადამიანს ელოდებიან.

ხალხის მოგროვება, სავარაუდოდ, არცერთ აქციაზე პრობლემა არ იქნება. ბალოტნაიაზე მისასვლელად ხალხი დიდი ხანია ემზადება და 4 თებერვლის დადგომას ელის. აუდიტორიის შეკრებისთვის პუტინის გულშემატკივრებმაც იზრუნეს: სახელმწიფო დუმის ერთ-ერთი დეპუტატის თანაშემწემ გუშინ განაცხადა, რომ „ედინაია როსიას“ წევრებს პაკლონნაია გორა-ზე მისვლას აიძულებენ. „პირდაპირ გვყრიან, ჩვენც და ჩვენს დეპუტატსაც“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ მიტინგზე ვალდებულია მივიდეს ყველა დეპუტატი, თანაც ორი თანაშემწით, გამოცხადება-არგამოცხადებას პასუხისმგებელი პირი ჩაინიშნავს…

პოკლონნაიზე დაგეგმილ აქციას თვით ვლადიმერ პუტინიც გამოეხმაურა: „აქ გამოვლენ ის ადამიანები, რომლებიც გულახდილად გააცხადებენ თავის ანტინარინჯისფერ პოზიციებს, მე მადლობელი ვარ მათი და ვიზიარებ მათ შეხედულებებს“ - განაცხადა დღევანდელი დღის „გმირმა“.

უფუნქციოდ არ იქნება არც სახაროვის პროსპექტი, სადაც როგორც „ეხო მოსკვი“ გადმოსცემს, „ოპოზიციის გახლეჩა სურს კიდევ ერთი მიტინგის ორგანიზატორს კონსტანტინ ბოროვოის, რომელიც ვალერია ნოვოდვორსკაიასთან ერთად აქციას სახაროვის პროსპექტზე ჩაატარებს. ისინი ამბობენ, რომ ცდილობენ გაყონ ერთმანეთისგან დემოკრატები და ფაშისტები“.

კიდევ ერთი მიტინგი კი პუშკინის მოედანზე იგეგმება, სადაც ლიბერალ-დემოკრატები პრეზიდენტობის კანდიდატ ვლადიმერ ჟირინოვსკის მეთაურობით შეიკრიბებიან.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს დილიდან რუსეთის პირველი არხი, ВГТРК და НТВ ინსტრუქციებს მიიღებენ, როგორ გააშუქონ ანტისახელისუფლო აქცია ისე, რომ ის პუტინის მხარდამჭერ აქციად წარმოაჩინონ. ამისთვის კი, როგორც ოპოზიციური გაზეთები წერენ, ზომები უკვე მიღებულია. სახელმწიფო კომპანიების, საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და „ფსბ“-ს ყოფილ თანამშრომლებს „პარტიული დავალება“ მიეცათ, რომ ოპოზიციის მიტინგზე პუტინის მხარდამჭერი ტრანსპარანტები ააფრიალონ და მოწინააღმდეგის ბანაკში „ჩაინერგონ“.

აქციის მონაწილეთა „უსაფრთხოებაზე“ 9 000 პოლიციელი იზრუნებს.

0

ავტორი: