22:30:02     03-02-2012
ვინ უკვეთავს საქართველოში სისხლიან ტერაქტებს?

დღეს თბილისში, საბავშო ბაღის ეზოში სამართალდამცველებმა ორი ჩანთა აღმოაჩინეს საეჭვო ვითარებაში, რის გამოც გამნაღმველები იქნენ გამოძახებული. ეს უკვე მესამე შემთხვევაა ბოლო პერიოდში, როცა გამნაღმველებს ტერიტორიის შემოწმება უწევთ. საბედნიეროდ, არც რკინიგზის სადგურზე, არც თამარ მეფის ხიდზე და არც, როგორც აღვნიშნეთ, საბავშვო ბაღის ეზოში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა, თუმცა მსგავსი შემთხვევები საეჭვოდ გახშირდა.
ცოტა ხნის წინ, შს სამინისტრომ, ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელის პოლიციის განყოფილებასთან მამაკაცი დააკავა, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერება რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოჰქონდა.
შს სამინისტროს მიერ, ტერორისტულ აქტებზე ათეულობით გახსნილი საქმიდან, კვალი ყოველთვის რუსეთში მიდის. საქართველოში პირველი ყველაზე მასშტაბური ტერაქტი ქალაქ გორში, 2005 წლის 1-ელ თებერვალს განხორციელდა. შს სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობის ეზოში მომხდარ აფეთქებას სამი პოლიციელის - გიორგი მთვარელიძის, სოსო მინდიაშვილისა და იოსებ იაკობიძის სიცოცხლე და უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა შეეწირა. შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ტერაქტი რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პოლკოვნიკის, ანატოლი სისოევის მიერ შექმნილი დივერსანტთა ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული. დივერსანტები რუსეთის ტერიტორიაზე იწვრთნებოდნენ. ტერაქტის უშუალო შემსრულებლები - გია ვალიევი და გია გასიევი, შს სამინისტრომ ცხინვალში დააკავა. ასევე დააკავეს იოსებ კოჩიევი, რომელმაც ავტომანქანა, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული, პოლიციის შენობასთან მიიყვანა. ეს იყო პირველი, მაგრამ არაერთი ტერაქტი, რომელიც საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელდა.
გასული წლის 31 მარტს, შსს-მ გალის რაიონში მცხოვრები სამი პიროვნება დააკავა და ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი ამოიღო. მათ ტერორისტული აქტები რუსი ოფიცრის დავალებით ქუთაისში უნდა მოეწყოთ. შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: ,,შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის და კოსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად, 2011 წლის 31 მარტს ქ. ზუგდიდში დააკავეს ქ. გალში მცხოვრები მანუჩარ ძაძუა და მისი ბიძაშვილი ავთანდილ ძაძუა. მანუჩარ ძაძუას დაკავებისას ამოღებულია ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი, რომელშიც დამონტაჟებული იყო დროის შემაყოვნებელი ამფეთქი მექანიზმი მოდერნიზებული დეტონატორით.
ბრალდებულების აღიარებითი ჩვენებებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ასაფეთქებელი ნივთიერება მათ ქ. ოჩამჩირეში რუსეთის ფედერაციის ოფიცერმა, ვინმე ვალოდიამ გადასცა.
დაკავებულების თქმით მათ დავალებული ჰქონდათ აეფეთქებინათ ბომბი ქ. ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ადმინისტრაციულ სამხარეო შენობასთან, იუსტიციის სახლთან, რომელშიც განთავსებულია სადვოკატურო ბიურო და ,,ლეიბორისტული პარტიის’’ ოფისთან. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 18-323 მუხლით (ტერორისტული აქტის მომზადება). ამავე ბრალდებით დაკავებულია სოფელ ორსანტიაში მცხოვრები კალისტრატე მალანია, რომელმაც ხელი შეუწყო და დაეხმარა მანუჩარ ძაძუას, ასაფეთქებელი ნივთიერების გადმოტანაში რუსეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან. ბრალდებულების მიერ ფოტოსურათზე ამოცნობილ იქნა რუსი ოფიცერი, რომლის დავალებითაც ისინი მოქმედებდნენ. შსს-მ დაადგინა მისი ნამდვილი ვინაობა, იგი არის რუსეთის უშიშროების ფედარალური სამსახურის უფროსი ლეინტენანტი, 1985 წლის 29 იანვარს, ჩელიაბინსკის ოლქში, ქ.კორეკინოსში დაბადებული ალექსეი სერგეის ძე უშაკოვი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მუშაობს მესაზღვრეთა ნაბაკევის განყოფილებაში ოპერ-რწმუნებულის თანამდებობაზე. სამხედრო ნაწილი 2141.’’
გასული წლის ზაფხულში, შს სამინისტრომ აღკვეთა ტერორისტული აქტის განხრციელების კიდევ ერთი მცდელობა. სამართალდამცავებმა მცხეთის რაიონში ბადრი გოგიაშვილი დააკავეს, რომელსაც თან ჰქონდა ასაფეთქებელი ნივთიერება. დაკავებულის ჩვენებით ირკვევა, რომ მას ახალგორში დისლოცირებული რუსეთის სასაზღვრო ჯარების უფროსის მოადგილის ალექსეი სოკოლოვის, ახალგორის სამმართველოს მილიციის უფროსის ვლადიმერ ფუხაევის და ახალგორის სამმართველოს მილიციის თანამშრომელის ვოვა კიბილოვის მიერ მიცემული ჰქონდა დავალება, მოეძებნა თბილისში ისეთი შენობა, რომელზეც განთავსებული იქნებოდა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, ევროკავშირის ან ამერიკის შეერთებული შტატების დროშა. ბადრი გოგიაშვილის მიერ დაფიქსირებული შენობებიდან, ზემოთ აღნიშნულმა პირებმა, შეარჩიეს თბილისში ნატოს სამეკავშირეო ოფისი და ბადრი გოგიაშვილს მოთხოვეს ამ ოფისთან მისთვის ახალგორში გადაცემული ბომბის აფეთქება. დაკავებულის ჩვენებით ირკვევა, რომ აღნიშნული ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის მას გადაუხდიდნენ 2 000 აშშ დოლარს.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ, სამეგრელოს რეგიონში დაკავებულმა აბესალომ ჩხეტია და თამილა ბენიამ განმარტეს, რომ მათ ტერორისტული აქტის განხორციელება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფმა რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა - იგორ ვლასოვმა და სერგეი კუზმინმა დაუკვეთეს.
აფეთქებების მთელი სერია განხორციელდა 2010 წლის ნოემბერ-დეკემბერში. შს სამინისტრომ მომხდარ აფეთქებებში ბრალდებული პირები დააკავა. ბრალდებულ გოგიტა არქანიას ჩვენებიდან ირკვევა, რომ საქართველოში ტერაქტები ევგენი ბორისოვისა და მურმან ცხადაიას მითითებით იგეგმებოდა. არქანიას ჩვენების საფუძველზე გამნაღმველებმა ,,დექსოგენის’’ შემცველ ორ ასაფეთქებელ მოწყობილობას მიაგნეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გოგიტა არქანიამ და ძებნილმა მერაბ ყოლბაიამ განახორციელეს: 2010 წლის 28 ნოემბერს აფეთქება ქ. თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ,,ლეიბორისტული პარტიის’’ ცენტრალურ ოფისთან, რის შედეგადაც დაიღუპა ადგილობრივი მცხოვრები ნინო გორდეზიანი. 2010 წლის 28 ნოემბერს აფეთქება ქ. თბილისში, მუხიანის პირველ მიკრორაიონში, ნონეშვილის ქუჩის 13-ში მდებარე სუპერმარკეტთან, 2010 წლის 22 სექტემბერს აფეთქება ქ. თბილისში, აშშ-ის საელჩოს სიახლოვეს, 2010 წლის 21 ოქტომბერს ორი აფეთქება ქ. თბილისის რკინიგზის სადგურთან, 2010 წლის 2 ოქტომბერს ხობის რაიონის სოფ. ჭალადიდთან სარკინიგზო ხიდის აფეთქების მცდელობა, შსს-მ არქანიასა და ყოლბაიას თანამზრახველის - ჯონი აბულაძის სახლში აღმოაჩინა: 13 ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა, მათ შორის: ჰექსოგენით სავსე 9 ქილა, რომელთაგანაც 4 ქილაში ლურსმნები იყო გარეული, ხოლო 1 ქილაში - ტყვიის გულები. სულ ამოღებულ იქნა 10 კგ. ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი.
0