21:11:00     03-02-2012
კონდოლიზა რაისი: დარწმუნებული ვარ, რუსეთს სურდა, ეს კონფლიქტი სააკაშვილის მოსაშორებლად გამოეყენებინა

ტელეკომპანია BBC -მ უჩვენა მესამე ნაწილი დოკუმენტური ფილმისა „პუტინი, რუსეთი და დასავლეთი“. მესამე სერია, რომელსაც ჰქვია „ომი“, მთლიანად რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს ეხება.
ფილმი კონფლიქტამდე ვითარების მიმოიხილვით იწყება: დაძაბული მოლაპარაკებები რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ევროპაში განთავსების შესახებ, საქართველოს განაცხადი ნატო-სთან დაახლოებაზე, რაც რუსეთისათვის მიუღებელი იყო. ვიდრე ალიანსი ამ საკითხს განიხილავდა, პუტინი მედვედევმა შეცვალა, საქართველოს იმედი მიეცა, რომ მოსკოვის ტონი შეიცვლებოდა.
ფილმის ავტორები, 2008 წლის ივნისში, სანკტ-პეტერბურგში სააკაშვილისა და მედვედევის შეხვედრას იხსენებენ, როცა საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „გადასაჭრელი პრობლემა ბევრია, გადაუჭრელი კი არ არსებობს.“ ურთიეთობების გაუმჯობესების იმედი გაჩნდა ერთი თვის შემდეგ პრეზიდენტების ასტანაში შეხვედრის შემდეგაც. მედვედევმა ისაუბრა იმაზე, რომ მიიწვია თავისი კოლეგა მოსკოვში დიალოგის გასაგრძელებლად, მაგრამ იმავე პირობით, რომ სააკაშვილი ხელს მოაწერდა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას.
როგორც ფილმის ავტორები აღნიშნავენ, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვის პროვოცირება მოახდინა ვაშინგტონის გადაწყვეტილებამ კოსოვოს აღიარების შესახებ, რის შემდეგაც საქართველომ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საკითხი წამოწია.
ავტორები იმასაც ამბობენ, რომ ზოგადად, ეს კრიზისი, ცივი ომის შემდეგ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობისათვის ყველაზე რთული გამოცდა აღმოჩნდა.
რუსეთის, კონკრეტულად კი პუტინის დამოკიდებულებასა და მოსკოვის ქმედებებს ამ საკითხთან მიმართებაში კარგად ხსნის ერთი ეპიზოდი, რომელსაც ნიკოლა სარკოზის მრჩეველი ჟან-დავიდ ლევიტი იხსენებს. ეს არის დიალოგი ომის დაწყების დღეს, რომელიც რუსეთის პრემიერსა და სარკოზის შორის შედგა პეკინში, სადაც ისინი ოლიმპიური თამაშების გახსნას ესწრებოდნენ.
„ვლადიმერ, ეს ომი იქნება კატასტროფა რუსეთისათვის, ევროპისათვის, ყველასათვის. ცეცხლი უნდა შეწყდეს, მომეცი 48 საათი.“ პასუხი იყო „არა“. სარკოზი კვლავ ეუბნება: „შენ გესმის, რა მაღალია ფსონი? მომეცი 24 საათი“. პასუხი: „არა, ეს შეუძლებელია.“ “კარგი, მომეცი ერთ ღამე“ და ისევ: “არა“, - ყვება ლევიტი.
კონდოლიზა რაისმა სრულიად შეგნებულად, საჯაროდ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ფილმში იმასაც იხსენებს, რომ ვაშინგტონის თხოვნაზე, რუსეთს ძალის გამოყენება შეეწყვიტა, ლავროვმა, მთავარ პირობად დაუსახელა: „სააკაშვილი უნდა წავიდეს“, რაზეც რაისმა უპასუხა, რომ „ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პირად საუბარში არ უნდა განიხილავდნენ დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის ჩამოგდების საკითხს“. ყოფილი სახელმწიფო მდივანი ფილმში ამბობს: „დარწმუნებული ვარ, რუსეთს სურდა, ეს კონფლიქტი სააკაშვილის მოსაშორებლად გამოეყენებინა.“
ფილმში მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუცაა. ის ამბობს: რუსეთი უკვე აქ იყო, უკვე დე-ფაქტო მიდიოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიის პროცესი, მე არ ვიცი, გადალახული იყო თუ არა წითელი, მწვანე თუ ყვითელი ხაზი, მაგრამ ცივილიზებული ქცევის საზღვარი გადალახული იყო, ჩვენ არ გვქონდა სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ გვემოქმედა.
ფილმში მოთხრობილია ნიკოლა სარკოზის სამშვიდობო მისიის შესახებაც, მისი ჩასვლა მოსკოვში, მერე თბილისში. სარკოზის მოლაპარაკებები მოსკოვში ურთულესი იყო, აღნიშნავენ ფილმის ავტორები, სააკაშვილი დათანხმდა ხელი მოეწერა შეთანხმებაზე, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ოსეთის მომავალი სტატუსი მოლაპარაკებების დროს არ განიხილებოდა. ამის მერე მედვედევმა აღიარა სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა, მაგრამ რუსეთის გარდა ის, დღემდე, არავის უღიარებია, - ვენესუელას, ნიკარაგუას და ნაურუს გარდა - ნათქვამია ფილმში.
„დარჩენილიყო მარტო “ ასეთი იყო ფასი, რომლის გადახდისთვისაც რუსეთი მზად იყო - ამ ფრაზით მთავრდება მესამე სერია. ბოლო ნაწილში ჟღერს მედვედევის ცნობილი განცხადებაც: „ის მადლობელი უნდა იყოს, რომ რაღაც მომენტში მე შევაჩერე ჯარები. ისინი რომ შესულიყვნენ თბილისში, ამ დროისათვის საქართველოში სხვა პრეზიდენტი იქნებოდა“.
ფილმის ფინალურ კადრში ნაჩვენებია პუტინი და მედვედევი, რომლებიც წითელ მოედანზე აღლუმის დროს ერთმანეთის გვერდით სხედან, საუბრობენ და იცინიან.
ფილმის მეოთხე ნაწილი, რომელშიც მოთხრობილი იქნება მედვედევისა და ობამას ურთიერთობებზე და პუტინი-მედვედევის ტანდემზე, BBC-ს ეთერში 9 თებერვალს გავა. როგორც ცნობილია, ფილმს პუტინზე, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ავტორები დაადანაშაულეს იმაში, რომ ისინი რუსეთის პრემიერს „საუკეთესო მხრიდან აჩვენებენ“. ასეთი შეფასებები თვით რუსეთიდან გაისმა, თუმცა დოკუმენტური სერიალის შემქმნელებმა ამ რეაქციას „ნერვული“ უწოდეს და განაცხადეს, რომ მათი მთავარი მიზანი მაქსიმალური ობიექტურობა იყო.
0