რეზონანსული ისტორიის უცნობი დეტალები: გიორგი სიბაშვილმა სასამართლოს ჩვენება მისცა რეზონანსული ისტორიის უცნობი დეტალები: გიორგი სიბაშვილმა სასამართლოს ჩვენება მისცა />


  17:05:34     03-02-2012

რეზონანსული ისტორიის უცნობი დეტალები: გიორგი სიბაშვილმა სასამართლოს ჩვენება მისცა

a14781.jpg

ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, 35 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული რუსთავის ქალთა კოლონიაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო “ჰერეთი” ავრცელებს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თელავის ოფისის ხელმძღვანელის, მარეხი მგალობლიშვილის ინფორმაციით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც დაკავებულის პატიმრობას ითხოვდა. სოფიკო ნიკოლაშვილის ადვოკატი კი, დაკავებულისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

 მანამდე კი ორივე მხარემ გამოძიებას ჩვენება მისცა. ჩვენებაში ჟურნალისტი ყვება, რომ მამამისს, დავით ნიკოლაშვილს რკინის კარადაში ჰქონდა შენახული იარაღი, რომელიც მან მოიპარა. ამის შემდეგ ნიკოლაშვილმა 21 წლის სამართალდამცავს, გიორგი სიბაშვილს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა.

გავრცელდა გიორგი სიბაშვილის ჩვენებაც, სადაც დაზარალებული დეტალურად აღწერს, როგორ დაიგეგმა 31 იანვრის საღამო და რა მოხდა მანამდე, ვიდრე სიბაშვილი ჟურნალისტს სამართალდამცავებთან მიიყვანდა.

„2012 წლის 31 იანვარს, დილის საათებში მითითებულ ნომერზე ვნახე სოფოს მოწერილი წერილი, სადაც ეწერა: „დღეს მინდა გნახო და მიიღო ის, რასაც ელოდებოდი აქამდე“. მე ვერ მივხვდი რას გულისხმობდა და დავურეკე სოფოს, რომელმაც მითხრა, შემხვდი ქალაქ გურჯაანში, კულტურის სახლთანო. ერთხელ და სამუდამოდ მინდოდა გამერკვია მასთან ყველაფერი, ამიტომ დაახლოებით 16:30 საათზე მივედი მეგობრის, თემურ უტიაშვილის ავტომანქანა „ნივით“, მარტო, კულტურის სახლთან. ეზოში იდგა სოფო, რომელსაც ხელში ეკავა ასფალტისფერი, ტყავის ხელჩანთა. მანქანა როგორც გავაჩერე, ჩაჯდა მანქანაში, უკანა სავარძელზე და მითხრა, რომ სასწრაფოდ წავიდეთ აქედანო. მანქანა რომ დავძარი, მითხრა, ზემოთ, ზიარისკენ წადიო. ვუთხარი, აქვე ქუჩაში გავჩერებულიყავით, რაზედაც მიპასუხა, რომ ზემოთ წადი, არავინ დამინახოსო. მე მანქანა წავიყვანე ზიარის მიმართულებით, ე.წ. ქსელებთან რომ მივედი და დავაპირე მანქანის გაჩერება, მითხრა, ცოტა მოფარებულში გააჩერე, გამვლელმა არ დამინახოს, მანქანაში ბიჭს რომ ვუზივარო. ამიტომ მე მანქანა ქსელების ზემოთ ჩიხში შევიყვანე. მანქანა რომ გავაჩერე, მომთხოვა გადავსულიყავი და მის გვერდით დავმჯდარიყავი. მე გადავედი. მან სიცილით მითხრა, დაბლა ჩავიდეთ, ვიგუნდაოთო, რაზეც უარი ვუთხარი იმ მიზეზით, რომ მეჩქარებოდა. სოფოს ხელზე ეკეთა ხელთათმანები, რომელიც გაიხადა და მითხრა, ხელზე რაღაც მისვია, დაბლა ჩავალ, თოვლით გავიწმენდავო. სოფო დაბლა ჩავიდა. მე ამ დროს ვიჯექი მძღოლის სავარძლის უკან. მან თოვლით გაიწმინდა ხელები, გახსნა მარჯვენა კარი და მარჯვენა სავარძლიდან აიღო თავისი ხელჩანთა, შიგნით დაუწყო რაღაცას ძებნა, ჯერ გასაღებები ამოიღო, შემდეგ ისევ ჩადო ჩანთაში. მე შევამჩნიე, რომ სოფოს სახეზე ფერი ჰქონდა დაკარგული, თანაც ძალიან ცუდად მიყურებდა, ისე რომ ჩანთაში არც იყურებოდა და თვალს არ მაცილებდა. მე მისმა ამ მოქმედებამ დამაეჭვა, ჩანთის კიდეზე მოვკიდე ხელი და ვუთხარი, ჩამჯდარიყო მანქანაში, მაგრამ მან ჩანთაზე ხელი გამაშვებინა და უცბად ჩანთიდან ამოიღო შავი ფერის პისტოლეტი, ჩანთა დააგდო, რის შემდეგ ორივე ხელით მომიშვირა იარაღი. იარაღს რომ შევხედე, მივხდი რომ იყო დამუხტული, რადგან ჩახმახი იყო გადაწეული უკან. მან ყვირილით მითხრა „გეგონა გაპატიებდი ყველაფერს, ეხლა უნდა მოგკლაო“. მე შემეშინდა არ ესროლა და დავუწყე დამშვიდება, მაგრამ ის აგრესიულად მიყვიროდა, შენი იარაღი არ ამოიღოო. მან იარაღი მოიტანა ჩემს სახესთან ახლოს, ისე რომ მარჯვენა სავარძლის საზურგეზე ჰქონდა ხელები დადებული. დავინახე რომ თითი გამოდებული ჰქონდა სასხლეტზე. წყნარად ველაპარაკებოდი, რომ როგორმე მომედუნებინა მისი ყურადღება და იარაღი წამერთმია. ამ საუბრის დროს უცბად მარჯვენა ხელი ვუტაცე ლულაზე და გავწიე მარჯვნივ. იმავდროულად გადავხტი მანქანიდან ისე, რომ არც მას და არც მე იარაღისთვის ხელი არ გაგვიშვია. ეს მოხდა წამებში. გადმოხტომის დროს უცბად სოფომ გაისროლა ჰაერში. ჩვენ ორივე დავეცით მიწაზე. ვცდილობდი იარაღის წართმევას, მაგრამ არ მაძლევდა და მეუბნებოდა, უნდა ჩემი ხელით მოკვდეო. მე მოვახერხე იარაღიდან მჭიდის გამოცლა, მაგრამ იარაღი კვლავ იყო დამუხტული. როგორც იყო წავართვი იარაღი, განვმუხტე. ვაზნა და გასროლილი მასრა მიწაზე დაეცა. ამის შემდეგ მე სოფო წამოვაყენე, ჩავსვი მანქანაში და წამოვიყვანე პოლიციაში, თან წამოვიღე წართმეული იარაღი, რომელიც პოლიციას წარვუდგინე“, – ყვება გიორგი სიბაშვილი.

ჟურნალისტის მშობლებისთვის უცნობი იყო, თუ სად იმყოფებოდა 31 იანვრის ღამეს მათი შვილი, პირველი თებერვილის დილას კი, ყველაფერი ცნობილი გახდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჩანაწერები, სადაც ჟურნალისტს პოლიტპატიმრის სტატუსს ანიჭებენ, რადგან ის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ აქტივისტის, დავით ნიკოლაშვილის შვილია.  

გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტს სამართალდამცავი სიბაშვილი წლების განმავლობაში უყვარდა. თავად გიორგი სიბაშვილი კი ამბობს, რომ მან ნიკოლაშვილი გასული წლის ზაფხულში გაიცნო და მასთან მეგობრობდა.  

„პრესა.ჯი“–სთვის ცნობილი გახდა სხვა დეტალები, რომლითაც დასტურდება, რომ ნიკოლაშვილი სიბაშვილის მისამარით შურისძიებას უფრო ადრე გეგმავდა.  

სოციალურ ქსელ „ოდნაკლასნიკების“ გვერდზე, ნიკოლაშვილს სხვადასხვა სახის მუქარის შემცველი სტატუსები უწერია.  ბოლო სტატუსი კი ასეთი შინაარსისაა.

„ვიცი რომ ეს ამბავი happy end-ით არ დასრულდება“. ნიკოლაშვილს პოსტი მიმდინარე წლის 10 იანვარს აქვს დადებული. კომენტარებში ნიკოლაშვილი აღნიშნავს, რომ ამ სტატუსის შინაარს „გამგები გაიგებს“ და დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.

მეგობრების შეკითხვაზე, თუ რას ეხება თემა, ნიკოლაშვილი მათ უხსნის, რომ მისი ამბავი იციან და ზედმეტი კითხვები საჭირო არ არის, მით უმეტეს, რომ მის „ამბავს“ ბედნიერი დასასრული არ ექნება.

ნიკოლაშვილის კიდევ ერთ კომენტარში ვკითხულობთ: „ჯერ ამის გაკეთება ცოტა ადრეა. მაშინ როცა ეგონებათ, რომ ყველაზე ბედნიერი არიან, მათ მშვიდად ცხოვრებას ხელს ვერავინ შეუშლის, მაშინ მიიღებს ყველა თავის მისაღებს და სიხარული კოშმარულ სიზმრად გადაექცევათ, მერე მე უნდა ვიცინო გულიანად“.

„აღარ ვაპირებ ვინმეს ხელი დავაფარო, ყველამ თავის საზღაური უნდა მიიღოს“.

„როგორ მიყვარს, რომ საფლავს გითხრიან და ამ საფლავში თავად ვარდებიან“.  ამ შინაარსის პოსტები ნიკოლაშვილის სოციალური ქსელის პირად გვერდზე ბოლო დროს ბევრი იყო.  დაზარალებული სიბაშვილის ახლობლები კი, ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ნიკოლაშვილი სტატუსების ადრესატი სწორედ 21 წლის სამართალდამცავი იყო.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დაკავებული ჟუნალისტისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება რბილად რომ ვთქვათ, აბსურდია.  

დაზარალებული გიორგი სიბაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას  მისი და ნიკოლაშვილის ურთიერთობის სხვა დეტალებს არ ყვება. გიორგი სიბაშვილი სამსახურს უკვე დაუბრუნდა. საზოგადოების დიდ ნაწილს კი, ამ საქმეში მის  „დანაშაულად“ გოგონას პოლიციაში მიყვანა მიაჩნია...  

0

ავტორი: